აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი საქართველოს სტუმრობს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლე, რომელიც საქართველოში 18 მაისს ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, თავდაცვის მინისტრ ჟუანშერ ბურჭულაძეს, ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები და რეგიონული უსაფრთხოება განიხილეს.
„შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობას და ითქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ამ პროცესში აშშ-თან თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრესრელიზში.
თავის მხრივ, დერეკ შოლემ განაცხადა, რომ „მივესალმებით საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის დაგმობისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მრავალმხრივ ძალისხმევაში“.
Appreciated talks today with Georgian PM @GharibashviliGe in Tbilisi to discuss our bilateral partnership. We welcome Georgia’s active support in multilateral efforts to call out Russian aggression and to support the people of Ukraine. pic.twitter.com/mh7yoGNnXZ
— Derek Chollet (@CounselorDOS) May 19, 2022
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის მხრიდან ესწრებოდნენ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი; საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე, მარკ სიმაკოვსკი; თავდაცვის მდივნის ოფისის წარმომადგენელი (ბალკანეთის, კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის საკითხები), ჯეისონ ჰემი და დერეკ შოლეს საგანგებო მრჩეველი ფლორენს აქინიმი, ხოლო საქართველოს მხრიდან – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე.
ვიზიტის ფარგლებში, დერეკ შოლე ასევე შეხვდა თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე იმსჯელეს.
შეხვედრა ოპოზიციურ პარტიებთან
ვიზიტის ფარგლებში, დერეკ შოლემ ოპოზიციის ლიდერებსაც შეხვდა. მათ შორის იყვნენ – „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია, მისი თანაპარტიელი, დეპუტატი ხატია დეკანოიძე; დეპუტატი გიორგი ვაშაძე „სტრატეგია აღმაშენებლიდან“; დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი „ლელოდან“; დეპუტატი ხათუნა სამნიძე „რესპუბლიკური პარტიიდან“; „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე; ნათია მეზვრიშვილი პარტიიდან „საქართველოსთვის“ და პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია.
ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის, შერჩევით სამართალსა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე.
შეხვედრის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს უთხრა – „მე ეჭვი არ მეპარება რომ კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული ქმედებები იქნება მათი [ამერიკელების] მხრიდან გადადგმული“.
ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენ ვთხოვეთ სტრატეგიულ პარტნიორებს, რომ არ დატოვონ ქართველი ხალხი მარტო. მოსახლეობა, ქართველი ხალხი მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს“.
Off to Tbilisi today to discuss our shared vision of Georgia fully integrated into the Euro-Atlantic family of nations and part of a Europe whole, free, and at peace.
— Derek Chollet (@CounselorDOS) May 18, 2022
შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მრჩეველმა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსაც შეხვედრაზე სასამართლო სისტემასა და საქართველოს ძირითად რეფორმებზე ისაუბრა.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ“, ნიკა სიმონიშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკულ მხარეს შეკითხვები ჰქონდა მართლმსაჯულების სისტემაზე და როგორ იმართება რეალურად ეს სისტემა.
„განსაკუთრებული ინტერესი და შეკითხვები მას, რა თქმა უნდა, ჰქონდა სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ კლანთან დაკავშირებით და ასევე, სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან რუსული გავლენის არსებობაზე ქვეყანაში“, – თქვა მან.
„ჩვენი მხრიდან საუბარი იყო წამოჭრილი იმ საკითხებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის მხარდაჭერა ევრო-ინტეგრაციის პროცესში და რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში რეფორმის ჩატარება მართლმსაჯულების სისტემაში, რომელიც არის არსებითად პოლიტიზირებული და როგორ იმართება კლანის მიერ“, – დასძინა სიმონიშვილმა.
იურისტმა ნაზი ჯანეზაშვილმა, რომელიც უკვე დიდია ხანია სასამართლო სისტემაში „კლანის“ არსებობას აკრიტიკებს, განაცხადა, რომ შეხვედრაზე მან იმ მოსამართლეთა დაცვის საჭიროებაზე ისაუბრა, რომელთაც შეუძლიათ ღიად საუბარი სასამართლო „კლანთან“ დაკავშირებით.
დერეკ შოლეს ოპ-ედი
საქართველოში ჩამოსვლამდე, დერეკ შოლემ ოპ-ედი გამოაქვეყნა, რომელიც აშშ-ისა და საქართველოს შორის 30-წლიან პარტნიორობას, უკრაინაში რუსეთის შეჭრას და საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, ასევე ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს მიმოიხილავს.
„ჩვენ ვაფასებთ ქართველი ხალხის მკაფიო მხარდაჭერას მეზობელი უკრაინის მიმართ და ასევე –ჰუმანიტარულ დახმარებას. თუმცა, თითოეულ ჩვენგანს კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ“, – ნათქვამია სტატიაში.
„მსგავსად ქართველი ჯარისკაცებისა, რომლებმაც ლიდერობა, მამაცობა და თავგანწირვა გამოიჩინეს საერთო კეთილდღეობისთვის, ჩვენ ასევე ვნახეთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების უშიშარი და ენერგიული ძალისხმევა დემოკრატიული, მშვიდობიანი, აყვავებული ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად“, – წერს დერეკ შოლე.
მისივე თქმით, „საქართველო იქნება უფრო მედეგი რუსული აგრესიის წინააღმდეგ, თუ განახორციელებს რეფორმებს, რომელიც საჭიროა ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გასაძლიერებლად და ამას გააკეთებს ინკლუზიურად“.
აღნიშნა რა საქართველოს მთავრობის პირობა, რომ გაატარებს მნიშვნელოვან საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, მან ხაზი გაუსვა, რომ „ეს უნდა შესრულდეს, თუ საქართველოს სურს თავისი სრული პოტენციალის მიღწევა“.
სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სიტყვებზე დაყრდნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მრჩეველმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიული, მშვიდობიანი და წარმატებული ევრო–ატლანტიკური მომავლის მისაღწევად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)