რუსეთის სახელმწიფო დუმამ ცხინვალთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ 19 მაისს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან ორმაგი მოქალაქეობის გამარტივების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოწერისთვის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გადაეგზავნა.

თბილისი შეთანხმებას „მოსკოვის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და დე-ფაქტო ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებად“ განიხილავს.

შეთანხმება საშუალებას აძლევს ერთი მხარის მოქალაქეებს, რომ მეორე მხარის მოქალაქეობა საკუთარზე უარის თქმის გარეშე მიიღონ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს „ოსი მოქალაქეებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებულ პროცედურებს.

შეთანხმების ფარგლებში, ცხინვალის რეგიონის 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე შეიტანონ განცხადება, ხოლო 14 წლამდე ბავშვები იმავე მოქალაქეობას მიიღებენ, რაც მათ მშობლებს ექნებათ. სანამ ბავშვი 18 წლის ასაკს მიაღწევს, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მათი მოქალაქეობა წერილობითი განაცხადით აირჩიონ.

შეთანხმება საშუალებას აძლევს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, რომ სოციალური უზრუნველყოფის, განათლებისა და სამედიცინო მომსახურების უფლებით ისარგებლონ, თავიანთი მუდმივი საცხოვრებლის კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს ეს უფლებები და პრივილეგიები შესთავაზონ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი მეორე მხარის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

შეთანხმების თანახმად, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სამსახურს იქ გაივლიან, სადაც გაწვევის დროს მუდმივად ცხოვრობენ. ამას გარდა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები, რომლებმაც სამხედრო სამსახური ერთ-ერთ მხარეს უკვე გაიარეს, მეორე მხარეს გაწვევისაგან თავისუფლდებიან.

შეთანხმების რატიფიკაცია რუსეთთან მიერთების თაობაზე ცხინვალის რეგიონში 17 ივლისს დაგეგმილ რეფერენდუმს უსწრებს წინ.

შეთანხმების სახელმწიფო დუმაში წარდგენისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ ანექსიაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსკოვი რიგ ფაქტორებს გაითვალისწინებს, მათ შორისაა „არსებული გეოპოლიტიკური სიტუაცია, ამ გადაწყვეტილების დროულობა და ხელსაყრელობა სწორად ახლა“.

პუტინმა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების პროექტი 2021 წლის 4 აგვისტოს დაამტკიცა, რის შემდეგაც ოკუპირებული რეგიონის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“, დმიტრი მედოევმა და მოსკოვის ელჩმა რეგიონში, მარატ კულახმეტოვმა სექტემბერში შეთანხმება გააფორმეს. მარტში პუტინმა შეთანხმება რატიფიცირებისთვის სახელმწიფო დუმას წარუდგინა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)