ალან გაგლოევი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა
41 წლის ალან გაგლოევი დღეიდან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალი ლიდერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.
ცხინვალის დრამატულ თეატრში გამართულ ცერემონიაზე გამოსვლისას, გაგლოევმა ფიცი დადო, რომ დაიცავს კანონს, პატივს სცემს ადამიანის თავისუფლებებსა და უფლებებს და უზრუნველყოფს მოქალაქეების თანასწორობას.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, გაგლოევმა პირობა დადო, რომ სერიოზულ სამუშაოს ჩაატარებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდის, სოციალურ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებისა და ეკონომიკის ხელშეწყობის მიმართულებით. მისივე თქმით, ამ ამოცანების შესრულება რუსეთთან ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი.
რაც შეეხება „საგარეო პოლიტიკას“, რეგიონის ახალმა ლიდერმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტი ჩრდილოეთ ოსეთთან ურთიერთობების გაღრმავება იქნება.
„ჩვენ ასევე ვაპირებთ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები ყველა მეგობარ ქვეყანასთან, რომელთა წარმომადგენლებიც ამ საზეიმო ღონისძიებას ესწრებიან“, – განაცხადა გაგლოევმა, რომელიც სხვებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის, დონეცკისა და ლუგანსკის წარმომადგენლებს გულისხმობდა.
თავის გამოსვლაში, გაგლოევმა „მსოფლიოში არსებულ მწვავე გეოპოლიტიკურ სიტუაციაზეც“ გაამახვილა ყურადღება.
„ეს არის სიკეთისა და ბოროტების შეიარაღებული შეტაკების მომენტი“, – განაცხადა გაგლოევმა. „მიგვაჩნია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულ თანხვედრაშია იმ საფრთხესთან, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება და რომლის წინაშეც „რუსული სამყაროს“ ორბიტაში არსებული ქვეყნები დგანან“.
აღნიშნა რა, რომ ცხინვალი „თავისი სამოკავშირეო ვალდებულების ერთგული დარჩება“, გაგლოევმა განაცხადა, რომ „სიკვდილის ჟამს“ რუსეთი რეგიონს დაეხმარა. მან, სავარაუდოდ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ჰქონდა მხედველობაში.
ცხინვალში გამართულ ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების „მთავარი დიპლომატები“ – ვლადისლავ დეინეგო და ნატალია ნიკონოროვა, ასევე აფხაზეთის „ვიცე-პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა.
მოსკოვის დელეგაციის წევრები იყვნენ – საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონული და კულტურული კავშირების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სამმართველოს უფროსი, იგორ მასლოვი; ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, დმიტრი ვოლვაჩი; სახელმწიფო დუმის დეპუტატი კომუნისტური პარტიიდან, ლეონიდ კალაშნიკოვი და სხვები.
ახალი ლიდერის მიერ უფლებამოსილების შესრულების დაწყებასთან ერთად, „პრემიერმინისტრ“ გენადი ბეკოევის მთავრობა, რომელიც რეგიონის წინა ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა დანიშნა, გადადგა. გაგლოევს თავისი „მთავრობა“ ჯერ არ დაუნიშნავს.
ასევე წაიკითხეთ:
- ალან გაგლოევი უფლებამოსილების შესრულებას 24 მაისიდან შეუდგება
- ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ახალი ლიდერის ინაუგურაცია გაიმართა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)