ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის პროექტი „ამბიციური“ რეფორმების საჭიროებას უსვამს ხაზს
ევროკომისიის მიერ მომზადებულ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის დღის წესრიგის ხელშეწყობა ამბიციური პოლიტიკური, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების მეშვეობით ფართო და ინკლუზიურ პროცესში იქნება მთავარი ასპექტი თანამშრომლობისთვის 2021-2027 წლებში.
მთლიანობაში, პროექტი წინა, 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგს ეფუძნება და მხარეებს შორის პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ძირითად მიზნებს ასახავს. დოკუმენტი მოკლე და საშუალოვადიან პრიორიტეტებს მიმოიხილავს სასამართლო სისტემის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში.
დოკუმენტი მიზნებისა და პრიორიტეტების განხორციელებაში საქართველოს ევროკავშირის მხარდაჭერას ჰპირდება, თუმცა ხაზს უსვამს, რომ „ევროკავშირის დახმარება მიბმულია ერთობლივად შეთანხმებულ მკარც პირობებთან, რომლებიც რეფორმებზე პროგრესს უკავშირდება“.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში 24 მაისს განაცხადა, რომ დოკუმენტი უკვე „შეთანხმებულია“ მხარეების მიერ და ოფიციალურ მიღებას ელოდება.
ქვემოთ მოცემულია დოკუმენტის რამდენიმე ძირითადი პუნქტი:
კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების რეფორმა
დოკუმენტის თანახმად, საქართველომ უნდა გააგრძელოს სასამართლო რეფორმების გატარება „ინკლუზიური და მრავალპარტიული რეფორმის პროცესის“ მეშვეობით, სადაც პრიორიტეტული იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სასამართლო სისტემაზე ზედამხედველობის ორგანო.
დოკუმენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველომ თავისი კანონი საერთო სასამართლოების შესახებ შესაბამისობაში უნდა მოიყვანის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და „განახლებული კანონი სრულად გამოიყენოს“ ყველა მომავალი დანიშვნების დროს.
დოკუმენტი ავალდებულებს საქართველოს სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღების ეფექტიანობა შეაფასოს. იმავე ვალდებულებას ითვალისწინებდა ევროკავშირის შუამავლობით 2021 წლის 19 აპრილს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება.
ასოცირების დღის წესრიგის პროექტის თანახმად, საქართველომ უნდა გადახედოს გენერალური პროკურორის დანიშვნის პროცესს, დამოუკიდებლობისა და პროკურატურის გაძლიერების მიზნით.
ამ კონტექსტში, პროექტი გენერალური პროკურორის დეპუტატთა ხმების კვალიფიციური უმრავლესობით (3/5) დანიშვნის წესის შემოღებას გულისხმობს, როგორც ეს 19 აპრილის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული, რომელიც ქართულმა ოცნებამ ცალმხრივად დატოვა.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველომ უნდა განახორციელოს „ამბიციური პროგრესი კორუფციისა და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, კორუფციის ყველა ფორმის ჩათვლით და გააძლიეროს ანტიკორუფციული მექანიზმები, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში“.
იგი ასევე ხაზს უსვამს „სამართალდამცველი ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ზედამხედველობის“ შემდგომი გაძლიერების აუცილებლობას.
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს
- ევროკავშირი: საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა
ადამიანის უფლებები
პროექტის თანახმად, საქართველო „დაიცავს მედიის თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და პლურალიზმს, პატივს სცემს ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტებს, უზრუნველყოფს პირობებს თავისუფალი, პროფესიონალური, დამოუკიდებელი და ჯანსაღი მედიაგარემოსთვის“.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო „უზრუნველყოფს უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში, საჩივრებისა და სარჩელების სამართლიან, გამჭვირვალე და მკაცრ განხილვას და გააგრძელებს ეუთოს/ოდირის პრიორიტეტული რეკომენდაციების სრულყოფილად შესრულებას…“.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო და ევროკავშირი „ხელს შეუწყობენ კარგ მმართველობას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე ფუნდამენტურ ღირებულებებსა და ჰუმანიტარულ პრინციპებს კოვიდ-19-ის პანდემიისა და მისგან აღდგენის საპასუხოდ“.
გარდა ამისა, ქვეყანამ ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, მათი ფინანსური მდგრადობისა და განვითარების მხარდაჭერის გზით, განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე.
პროექტის მოცემული ნაწილი ხაზს უსვამს ანტიდისკრიმინაციული კანონის უკეთ განხორციელების აუცილებლობას და დასძენს, რომ სავარაუდო დანაშაულთა სწრაფი გამოძიების ეფექტიანი პროცესი აუცილებელია.
- სასამართლომ ნიკა გვარამიას 3.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- ევროკავშირის თქმით, თბილისში მომხდარ ძალადობასა და ჟურნალისტის გარდაცვალებას მხედველობაში მიიღებს
კონფლიქტის მოგვარება
დოკუმენტში ასევე ნათქვაიმა, რომ მხარეები განაგრძობენ თანამშრომლობას, რათა დაეხმარონ საქართველოს პროგრესს მიაღწიოს კონფლიქტის მშვიდობიან და მდგრად მოგვარებაში და ქვეყანაში „გრძელვადიან მშვიდობასა და უსაფრთხოებას“ შეუწყონ ხელი.
ასევე, ევროკავშირი და საქართველო ითანამშრომლებენ, რათა ხელი შეუწყონ რუსეთთან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას, ასევე „ხელშესახებ შედეგებს“ მიაღწიონ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.
დოკუმენტის თანახმად, ქვეყანამ უნდა იმუშაოს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების განახლებისა და ერგნეთის IPRM-ის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.
დოკუმენტში ასევე მოცემულია ის რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას, მათ შორისაა ძალისხმევის გაგრძელება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში დევნილთა „უსაფრთხო, ღირსეული და ნებაყოფლობითი“ დაბრუნების უზრუნველსაყოფად, ასევე გამყოფი ხაზების გასწვრივ გადაადგილების თავისუფლების, ვაჭრობის, ეკონომიკური კავშირებისა და განათლების ხელშეწყობა. ამავდროულად, ევროკავშირი და საქართველო გააღრმავებენ დიალოგს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის, კონფლიქტების პრევენციის, კონტრტერორიზმისა და ფულის გათეთრების, ორგანიზებული დანაშაულისა და არალეგალური ნარკოტიკების საკითხებზე.
ეკონომიკა, გარემო, დიგიტალიზაცია
დოკუმენტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური განვითარებისა და ინტეგრაციის გაგრძელების აუცილებლობას უსვამს ხაზს და ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში უთანასწორობის შემცირებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე.
პროექტი ხაზს უსვამს თანამშრომლობის აუცილებლობას ევროკავშირსა და საქართველოს შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით შავი ზღვის გავლით.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ უნდა იმუშაოს გამონაბოლქვის შემცირების მიმართულებით და გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციას (UNFCCC) გრძელვადიანი, სათბური გაზების დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგია წარუდგინოს, ასევე განაახლოს თავისი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC) პარიზის შეთანხმების შესაბამისად.
დოკუმენტის თანახმად, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მდგრადი სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის ხელშეწყობას, შავი ზღვის ზონაში და ზოგადად საქართველოში არსებული ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად.
პროექტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს გარემოზე მორგებულ კანონმდებლობას და ყურადღება გაამახვილოს ნარჩენების მართვის გაუმჯობესებაზე, ჰაერისა და წყლის ხარისხზე, ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა და საქართველომ უნდა იმუშაონ ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით ელექტრონული ჯანდაცვის, დისტანციური სწავლების, ტელემედიცინის, ვირუსების კონტროლისა და სხვა სფეროებში.
დოკუმენტი ასევე აღნიშნავს, რომ მხარეები ერთობლივად იმუშავებენ საქართველოს კიბერმედეგობის გასაძლიერებლად და ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების სამართლებრივი, პოლიტიკისა და ოპერატიული ჩარჩოების უზრუნველსაყოფად, როგორც ამას ევროკავშირის კანონმდებლობა და პრაქტიკა ითვალისწინებს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)