პარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს კიდევ 1 წევრი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 24 მაისს გამართულ პლენარულ სხდომაზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი კანდიდატი, ლია (ლიკა) შავგულიძე მეორე ცდაზე დაამტკიცა.

შავგულიძეს მხარი 52-მა დეპუტატმა დაუჭირა. პირველად, 13 აპრილს გამართულ კენჭისყრაზე შავგულიძემ მხოლოდ 31 ხმა მოაგროვა, რაც მის დასამტკიცებლად საკმარისი არ იყო.

ლია შავგულიძე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრის“ დირექტორია, იმ 10 კანდიდატს შორის იყო, რომელიც საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ 7 აპრილს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 3 ვაკანტური ადგილისთვის შეარჩია.

მანამდე, 13 აპრილს, პარლამენტმა საბჭოს წევრებად ქართული ოცნებისა და სახალხო დამცველის კვოტით წარდგენილი კანდიდატები – ვასილ მაღლაფერიძე და ლაშა ტუღუში დაამტკიცა. მაღლაფერიძე, 21 აპრილს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯომარე აირჩიეს.


„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭო სულ 9 წევრისგან შედგება, რომელთაგან 3 საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით არის არჩეული, 3 ოპოზიციის, 2 სახალხო დამცველის, 1-ც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: Русский (რუსული)