პროფკავშირების ცნობით, ეროვნული მუზეუმის სისტემიდან კიდევ 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს

საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა 24 მაისს განაცხადა, რომ რეორგანიზაციის მოტივით, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმიდან, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის სისტემის ნაწილია, ბოლო ერთ თვეში, 40-მდე „მაღალი დონის პროფესიონალი“ თანამშრომელი გაათავისუფლეს.

ეს კიდევ ერთი შემთხვევაა, რაც თეა წულუკიანს კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მის დაქვემდებარებულ უწყებებში თავისუფალი აზრის „დევნასა“ და თანამშრომლების „პოლიტიკური ნიშნით“ გათავისუფლებაში ადანაშაულებენ.

პროფესიული კავშირის შეფასებით, ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაციის პროცესი „გაუმჭვირვალედ და არაკეთილსინდისიერად“ მიმდინარეობს და თანამშრომლებს „უკანონოდ“ ათავისუფლებენ.

პროფკავშირის ცნობით, მუზეუმიდან „მასობრივად“ გათავისუფლებულ თანამშრომელთა სიაში არიან ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილე მეცნიერებიც, რომელთა წყალობითაც, „საქართველო მსოფლიოში ცნობილი გახდა, როგორც პირველი ევროპელებისა და ღვინის უძველესი ცივილიზაციის სამშობლო“.

პროფესიული კავშირის ინფორმაციით, მუზეუმიდან ასევე გაათავისუფლეს მათივე თავმჯდომარე, ნიკოლოზ წიქარიძე და კავშირის სხვა წევრები.

პროფკავშირი მუზეუმის ხელმძღვანელობის მხრიდან პროცესის შეჩერებასა და გადაწყვეტილებების გადახედვას, ასევე პროცესში მათ აქტიურ ჩართვას მოითხოვს.

მუზეუმის პროფკავშირის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ წიქარიძემ დღეს „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ მხოლოდ გუშინ გათავისუფლების შესახებ ბრძანება, 21-მა თანამშრომელმა მიიღო. ბრძანების თანახმად მათ უფლებამოსილება 1 ივნისს უწყდებათ.

მანამდე, წიქარიძემ მედიასთან საუბარში განმარტა, რომ სამსახურიდან ის ათობით „პროფესიონალი“ ადამიანი გაათავისუფლეს, რომლებიც მუზეუმში „ათწლეულებია“ მუშაობენ და იქ დაცულ კოლექციებს „სულს ბერავენ“ და „აცოცხლებენ“.

მანვე ინტერნეტგამოცემა „პუბლიკასთან“ საუბარში განმარტა, რომ გათავისუფლებულ თანამშრომელთა 80%, რომელთაც „კომპეტენცია დაუწუნეს“, 19 მაისს თანამშრომელთა უფლებების დასაცავად შექმნილი პროფესიული კავშირის წევრები არიან.

„ეს არის ჩვეულებრივი ანგარიშსწორება, როგორ გავბედეთ და პროფკავშირი ჩამოვაყალიბეთ“, – თქვა მანვე და აღნიშნა, რომ გაჩერებას არ აპირებენ, რადგანაც ე.წ. რეორგანიზაციის პროცესი „გაუმჭვირვალედ მიმდინარეობდა“ და „ეს არის უსამართლო“.

წიქარიძემ კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი განსხვავებული აზრის „დევნაშიც“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მან კულტურის სამინისტროში მმართველობის ის ფორმა გადმოიტანა, რაც მას სხვა უწყებაში ჰქონდა შექმნილი, თუმცა ამ უკანასკნელში „ვერ და არ იმუშავებს“.

„თეა წულუკიანის სამინისტროში მოსვლამდე ჩვენზე არ ყოფილა პოლიტიკური ზეწოლა, საერთოდ არ ყოფილა ამაზე საუბარი, არ ყოფილა დაპირისპირება მუზეუმში… რა პოლიტიკური შეხედულებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, პროექტი არ უნდა გაუჩერო და იმიტომ რომ არ გეთანხმება, არ უნდა დასაჯო. თუ ასე ხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ გჭირდება გარშემო მორჩილი უმრავლესობა“, – განაცხადა მან.

გუშინ მუზეუმიდან გათავისუფლებულთა სიაში მოხვდა 86 წლის არქეოლოგი და ისტორიკოსი, იულონ გაგოშიძეც, რომელიც მუზეუმში 60 წელზე მეტხანს მუშაობს. 2008-2009 წლებში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, იგი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო.

24 მაისს, ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში, იულონ გაგოშიძემ თქვა, რომ მუზეუმში „რეორგანიზაციის“ პროცესი „საიდუმლოებით არის მოცული“ და მას გათავისუფლების შესახებ დაბეჭდილი ბრძანებაც კი არ გადასცეს და ის მხოლოდ სიტყვიერად გააცნეს.

„საქმიანობა, რაც ახალმა მინისტრმა [თეა წულუკიანმა] დაიწყო, ჩემი აზრით, მიმართულია სწორედ ეროვნული სახის დაკარგვისაკენ“, – უთხრა მან „ტელეკომპანია პირველს“.

მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა, არქეოლოგმა ანა მგელაძემ გათავისუფლების შესახებ ბრძანება Facebook-ზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მას კომპეტენცია დაუწუნეს და „არაკომპეტენტურ კოლეგებთან ერთად“ სამსახურიდან გააგდეს.

მანვე პოსტის კომენტარების სექციაში განმარტა, რომ 11-წევრიან კომისიაში, რომელიც მას გაესაუბრა, „გაუგებარი პროფესიის ან/და ყოფილი გენ ინსპექციის დირექტორი, პროკურორი და ა.შ.“ პირები შედიოდნენ.

„არავითარი შეფასება, პროკურატურის მსგავსი დაკითხვა მომიწყეს, რატომ აქტიურობო. კლასიკური პირადი ანგარიშსწორება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ისინი იმ პროტესტის გამო „დასაჯეს, რომელიც მათ 2 თვის წინ კვლევითი გრანტების გაუქმების გამო გამოხატეს.

დღეს გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა მუზეუმთან საპროტესტო აქციაც გამართეს და „პროფესიონალების დევნის“ შეწყვეტა, „მეცნიერების მეცნიერებისთვის“ დაბრუნება და მათი უფლებების დაცვა მოითხოვეს.

„სამოქალაქო საქართველო“ კომენტარისთვის კულტურის სამინისტროსაც დაუკავშირდა, პასუხი მასალაში მიღებისთანავე აისახება.

წინაისტორია

მუზეუმის თანამშრომელთა უკმაყოფილება ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებში ეროვნული მუზეუმის დირექტორატის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც 13 სამეცნიერო პროექტისთვის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოყოფილი გრანტების მიღებაზე უარი განაცხადა.

მაშინ ერთ-ერთი პროექტის ავტორმა, ეკა კიკნაძემ კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი მისთვის არასასურველი ადამიანების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

საპასუხოდ, ეროვნული მუზეუმის დირექტორის ამჟამინდელმა მოადგილემ, ნიკა ახალბედაშვილმა, რომელიც თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრობის დროს, იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა, თქვა, რომ დირექტორატმა გადაწყვიტა, რომ გრანტების მიღება არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან პროექტები რუსთაველის ფონდს პროცედურების უხეში დარღვევით წარუდგინეს.

უფრო ადრე, გასულ წელს, კულტურის სამინისტროზე დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან რეორგანიზაციის შედეგად, 70 თანამშრომელი გაუშვეს. მათმა ნაწილმა სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოსაც მიმართა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)