ირაკლი ღარიბაშილმა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავოსში ევროკავშირის გაფართოებაზე ისაუბრეს
საქართველოსა და მოლდოვის პრემიერმინისტრებმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ნატალია გავრილიცამ, ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ შალენბერგმა 25 მაისს მონაწილეობა მიიღეს დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელური დისკუსიაში „სამეზობლოსთან ევროკავშირის პარტნიორობის ხელახალი გააზრება“.
მონაწილეებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადებზე გაამახვილეს ყურადღება და 27-წევრიან ბლოკთან სამი ქვეყნის უფრო მჭიდრო ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
„ჩვენ უნდა დავინახოთ მოქმედება დღეს“, – აცხადებს საქართველოს პრემიერი
კითხვაზე, თუ რა ტიპის მხარდაჭერას ელის საქართველო ევროკავშირისგან, პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენ უნდა დავინახოთ მოქმედება ახლა და დღეს“.
„დღეს მსოფლიო შეიცვალა. ის, რაც ხდება უკრაინაში, არის გამოწვევა არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებისთვის, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის“, – განაცხადა მან.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „ქართველებმა ძალიან მაღალი საფასური გადავიხადეთ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ“. მან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის 1990-იანი წლების კონფლიქტები და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი გაიხსენა.
აღნიშნა რა, რომ ბოლო სამხედრო კონფლიქტის შედეგია „ჩვენი ისტორიული ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია“, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მას კარგად ესმის ის ეჭვები, რომლებიც არსებობს ევროკავშირში, რადგან, „მათ არ სურთ ყველა ამ პრობლემის „იმპორტირება” ევროკავშირში“.
„მაგრამ ჩვენ გვჭირდება სიცხადე და რელევანტური, ადეკვატური რეაგირება ევროკავშირის მხრიდან“, – აღნიშნა მან.
ამ ფონზე, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ესმის, რომ „კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს წევრობის მინიჭებას“.
მისი თქმით, გაწევრიანება ხანგრძლივი პროცესია, „ჩვენ ეს გვესმის და ჩვენ გვაქვს საშინაო დავალება, რასაც ასოცირების შეთანხმება წარმოადგენს“.
პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საქართველომ ასოცირების შეთანხმების 45%-ზე მეტი უკვე შეასრულა და „2014 წლიდან ძალიან ამბიციური რეფორმების დღის წესრიგზე გადავიდა“.
ამ პერიოდში, საქართველომ რეალურ პროგრესს მიაღწია „ყველა მიმართულებით, იქნება ეს კანონის უზენაესობა, სასამართლო რეფორმები თუ ღია მმართველობა“, – აღნიშნა მან.
„ახლა საკითხი ასე დგას – ვამაღლებთ თუ არა ამ მოლოდინებს? ვუთხრათ თუ არა ჩვენს მოსახლეობას, რომ საქართველო მიიღებს ამ სიმბოლურ, პოლიტიკურ აღიარებას? იმის აღიარებას, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი… თუ უნდა ავუხსნათ მათ, რომ დრო ჯერ არ მომწიფდა“, – განაცხადა მან.
ღარიბაშვილის თქმით, ევროპული ინტეგრაცია „ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული ცივილიზაციური არჩევანია… რადგან საერთო ფასეულობები და პრინციპები გვაერთიანებს“.
„საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს იდეას, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და ეს არ არის მხოლოდ მთავრობის არჩევანი“, – განაცხადა მან.
„ჩვენ საუკუნეების მანძილზე ვცდილობთ ევროპასთან დაახლოებას“, – დასძინა საქართველოს პრემიერმინისტრმა.
„ახლა კრიტიკული მომენტია“, – აცხადებს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი
აღნიშნა რა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ „უსაფრთხოების არქიტექტურა შეარყია“, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ შალენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ „ახლა კრიტიკული მომენტია… ევროკავშირმა ძალები უნდა მოიკრიბოს”.
მისი თქმით, „კონფრონტაციის ფაზა“ იწყება, ევროკავშირმა „უსაფრთხოების და სტაბილურობის, ასევე ცხოვრების ჩვენი მოდელის ექსპორტი უნდა განახორციელოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ცხოვრების სხვისი მოდელის წინაშე აღმოვჩნდებით“.
აღნიშნა რა, რომ ევროკავშირმა „ძალიან მკაფიოდ უნდა მიუთითოს“, რომ გაწევრიანების მისწრაფების მქონე ქვეყნების ადგილი ევროპულ ოჯახშია, შალენბერგმა ხაზგასმით განაცხადა, რომ გაწევრიანების გზაზე პროცესის დაჩქარება არ ხდება.
ამ კონტექსტში, მან ჩრდილოეთ მაკედონია მოიხსენია, რომელმაც „ჩვიდმეტი წლის წინ შემოიტანა განაცხადი და ჩვენ ახლა განვიხილავთ დავიწყოთ, თუ არა გაწევრიანების მოლაპარაკებები…“.
„2000-იან წლებში გაფართოება ასე რომ განგვეხორციელებინა, როგორც ამას ახლა ვაკეთებთ, მაშინ ალბათ პოლონეთი და რუმინეთი ჯერ კიდევ არ იქნებოდნენ ევროკავშირის წევრები“, – განაცხადა მთავარმა დიპლომატმა. „მაშინ ჩვენ მივხვდით, რომ საუბარია რკინის ფარდის გადაკვეთაზე და ახლაც იგივე უნდა გავაკეთოთ“.
მისი თქმით, ევროკავშირმა უარი უნდა თქვას „სრული გაწევრიანების მოდელზე, ხანგრძლივი, რთული პროცესით, რომელსაც შესაძლოა წლები დასჭირდეს, თუ არა ათწლეულები“.
თავის სიტყვაში, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ძალიან ცუდი სიგნალი“ იქნება, თუ ევროკავშირი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მხოლოდ წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს და „შემდეგ არაფერი მოხდება 2023, 2024, 2025 და 2026 წლებში“.
სანაცვლოდ, დიპლომატის თქმით, ევროკავშირმა უნდა იფიქროს „ეტაპობრივ ინტეგრაციაზე“. მხოლოდ წევრობის კანდიდატის სტატუსის ქონა „არაფერს ცვლის ხალხისთვის ადგილზე, არ წყვეტს არანაირ პრობლემას, არც ერთი ინჩით არ გაახლოებთ საერთო ბაზარს“, დასძინა მან.
„ჩვენ ვსარგებლობდით მშვიდობის დივიდენდით“, – განაგრძო მან და დასძინა, რომ ევროკავშირმა ახლა უნდა გაითვალისწინოს, რომ რუსეთის თვალი არა მხოლოდ უკრაინისკენ, არამედ ბლოკის სხვა მეზობელი ტერიტორიებისკენაცაა მიმართული.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის შემდეგ მან ევროკავშირში „ერთიანობის ძალიან ძლიერი განცდა“ იგრძნო.
„როგორც ჩანს, [ევროკავშირს] ომი და მსგავსი შოკი სჭირდებოდა, რათა დაგვეჯერებინა, რომ [გაფართოება] უფრო მეტია, ვიდრე მონაცემების დამუშავება და დირექტივები და რეგულაციები, რომლებიც წევრ ქვეყნებში უნდა განხორციელდეს. საქმე ეხება გეოპოლიტიკას, ცხოვრების მოდელს, სისტემურ მეტოქეობას და გამოწვევას“, – დასძინა მინისტრმა.
ესტონეთის პრეზიდენტი ევროპული თანამშრომლობის ახალ ფორმებზე საუბრობს
ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა პანელურ დისკუსიაზე საუბრისას, ასპირანტი ქვეყნებისთვის ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების ახალი ფორმების შესაძლო შემოღების საკითხი წამოწია.
მან აღნიშნა, რომ „ამ ტიპის შემოთავაზებებთან უკიდურესი სიფრთხილეა საჭირო“. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „არსებობს გარკვეული საფრთხე“, რომ ამგვარმა ინიციატივებმა, შესაძლოა, ჩაანაცვლოს „ევროკავშირის რეალური კანდიდატობა ან რეალური წევრობა“.
ესტონეთის გამოცდილებაზე დაყრდნობით, მან თქვა, რომ ტალინმაც მიიღო შეთავაზება „იმავე ტიპის ასოციაციების შესახებ“, როდესაც მან ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარადგინა, თუმცა უარი თქვა ამაზე.
აღნიშნა რა, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობისთვის სწრაფი გზა არ არსებობს, პრეზიდენტმა თქვა, რომ „საბოლოო ჯამში, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“.
„კრიტერიუმები ერთია“, – განაცხადა პრეზიდენტმა, მაგრამ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა იგრძნონ, რომ ეს ქვეყნები „ერთერთი ჩვენგანია“.
აღიარა რა, რომ უკრაინა, რომელიც საომარ მდგომარეობაშია, განსხვავებულ სიტუაციაში იმყოფება, ვიდრე საქართველო და მოლდოვა, ესტონეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს ქვეყნები შესაძლოა „ერთად“ შეუერთდნენ ევროკავშირს.
„პროცესი ახლა დაიწყო [რუსეთის] უკრაინასთან ომის გამო“, – განაცხადა მან, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა „არ უნდა დაკარგოს ეს იმპულსი“, რადგან აღნიშნული ქვეყნების მოსახლეობას ბლოკში გაწევრიანება სურს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)