რუსეთის ფედერაციის საბჭომ ცხინვალთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
რუსეთის ფედერაციის საბჭომ 25 მაისს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან ორმაგი მოქალაქეობის გამარტივების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.
ახლა დოკუმენტს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უნდა მოაწეროს. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება მას შემდეგ შევა ძალაში, რაც რუსეთის მთავრობა და ცხინვალის რეგიონის ხელისუფლება სარატიფიკაციო დოკუმენტებს გაცვლიან.
შეთანხმება საშუალებას აძლევს ერთი მხარის მოქალაქეებს, რომ მეორე მხარის მოქალაქეობა საკუთარზე უარის თქმის გარეშე მიიღონ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს „ოსი მოქალაქეებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებულ პროცედურებს.
შეთანხმების ფარგლებში, ცხინვალის რეგიონის 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე შეიტანონ განცხადება, ხოლო 14 წლამდე ბავშვები იმავე მოქალაქეობას მიიღებენ, რაც მათ მშობლებს ექნებათ.
შეთანხმება საშუალებას აძლევს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, რომ სოციალური უზრუნველყოფის, განათლებისა და სამედიცინო მომსახურების უფლებით ისარგებლონ, თავიანთი მუდმივი საცხოვრებლის კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს ეს უფლებები და პრივილეგიები შესთავაზონ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი მეორე მხარის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.
შეთანხმების თანახმად, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სამსახურს იქ გაივლიან, სადაც გაწვევის დროს მუდმივად ცხოვრობენ. ამას გარდა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები, რომლებმაც სამხედრო სამსახური ერთ-ერთ მხარეს უკვე გაიარეს, მეორე მხარეს გაწვევისაგან თავისუფლდებიან.
რუსეთის სახელმწიფო დუმამ შეთანხმების რატიფიცირებას მხარი 19 მაისს დაუჭირა.
პუტინმა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების პროექტი 2021 წლის 4 აგვისტოს დაამტკიცა, რის შემდეგაც ოკუპირებული რეგიონის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“, დმიტრი მედოევმა და მოსკოვის ელჩმა რეგიონში, მარატ კულახმეტოვმა სექტემბერში შეთანხმება გააფორმეს. მარტში პუტინმა შეთანხმება რატიფიცირებისთვის სახელმწიფო დუმას წარუდგინა.
ძალაში შესვლის შემდეგ, შეთანხმება ყოველ ხუთ წელიწადში ავტომატურად განახლდება, სანამ რომელიმე მხარი მის შეწყვეტას არ გადაწყვეტს.
თბილისი შეთანხმებას „მოსკოვის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და დე-ფაქტო ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებად“ განიხილავს.
ასევე წაიკითხეთ:
- რუსი მაღალჩინოსნის თქმით, ცხინვალს ყოველთვის შეუძლია მოსკოვის იმედი ჰქონდეს
- კრემლმა ცხინვალის რეფერენდუმის კითხვაში შეცდომა აღმოაჩინა
- ოკუპირებული ცხინვალის ანექსიაზე რეფერენდუმი 17 ივლისს ჩატარდება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)