ზაალ უდუმაშვილი პოლიტიკიდან მიდის და მედიას უბრუნდება

პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ მედიის გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, იგი თითქმის 5-წლიან პოლიტიკურ საქმიანობას წვეტს და ტელევიზიას უბრუნდება.

29 მაისს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე უდუმაშვილმა თქვა, რომ დღეს ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ხაზი მედიაზე გადის და „თავისუფალ სიტყვას და დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება“.

„ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავბრუნდე მედიაში. ბრძოლის ველიდან არ გავდივარ, ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა ვიცვლი დისლოკაციის ადგილს“, – თქვა მან.

ხაზი გაუსვა რა, რომ იცავს წესებს და არ აკონკრეტებს, თუ რომელ მედიასაშუალებას უერთდება, უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ მალე ყველაფერი ცნობილი გახდება და „ერთმანეთს შევხვდებით ეთერში“.

აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელს ხუთწლიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და თქვა, რომ „რომ არა ზალიკო უდუმაშვილის გადაწყვეტილება, რომ შემოგვერთებოდა ბრძოლის ველზე, გამიჭირდება იმის თქმა, შევძლებით თუ არა როგორც პარტია [2017 წლის თვითმმართველობის] არჩევნებზე გასვლასაც კი“.

მისივე განცხადებით, დღეს, ქვეყანაში თუკი რამეა დასაცავი, ეს თავისუფალი სიტყვაა და „ამ თავისუფალი სიტყვის დაცვის პროცესში ზაალ უდუმაშვილი იტყვის ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას“.


ზაალ უდუმაშვილი 25-წლიანი სატელევიზიო კარიერის შემდეგ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 2017 წლის ივნისში შეუერთდა და პარტიის სახელით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

„[პოლიტიკაში მივდივარ, რათა] თბილისის მერის არჩევნებში დავამარცხო [ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა] ივანიშვილის კორუმპირებული და ანტიდემოკრატიული რეჟიმი“, – თქვა მაშინ ზალიკო უდუმაშვილმა, რომელიც იმ დროისთვის ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის“ გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.

2017 წლის 22 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში, ზაალ უდუმაშვილმა ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 16.59% (66 259 ხმა) მიიღო და მესამე ადგილზე გავიდა. მეორე ადგილი (17.48%) პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დაიკავა, რომელიც მაშინ არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობდა, თბილისის მერი კი – ხმების 51.09%-ით მოქმედი მერი კახა კალაძე გახდა.

უდუმაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საკანონმდებლო ორგანოში ნაციონალური მოძრაობის პროპორციული სიით მოხვდა, სადაც მას მე-9 ადგილი ეკავა.

იგი 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში, ენმ-ის სახელით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერობისთვისაც იბრძოდა, თუმცა მან ხმების მხოლოდ 35.41% მიიღო და ქართული ოცნების კანდიდატ ზურაბიშვილთან პირველივე ტურში დამარცხდა. ამ უკანასკნელს მხარი ამომრჩევლის 55.27%-მა დაუჭირა.

პარლამენტიდან უდუმაშვილის წასვლით, ნაციონალურ მოძრაობის ფრაქციას ერთით ნაკლები – 29 დეპუტატი დარჩება. ენმ-ს ცესკოში პარტიული პროპორციული სია ჩახსნილი აქვს და უდუმაშვილის სხვა დეპუტატით ჩანაცვლება ვერ მოხერხდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)