სომხეთის პრეზიდენტი თბილისს ესტუმრა
სომხეთის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი თბილისს ესტუმრა, სადაც ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა.
სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 30 მაისს გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელეს, მათ შორის, ტრანსპორტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში. მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასია „ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე“ დგას.
„უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია ყველასთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ირღვევა ყველა საერთაშორისო ნორმები და პრინციპები, რაზედაც აგებულია საერთაშორისო წესრიგი და უსაფრთხოების არქიტექტურა“, – განაცხადა მან.
საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეეხო „უმძიმეს“ სიტუაციას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და აღნიშნა, რომ „სუვერენობის უგულებელყოფა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელედება და მძიმდება“.
მისივე თქმით, „ევროპული ინტეგრაციის გზაზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნისა და ასევე, ამ რეგიონისთვის, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შედის, ძალიან დიდ შანსს წარმოადგენს“.
სალომე ზურაბიშვილმა ერევანსა და ბაქოს შორის მოლაპარაკებებში ევროკავშირის როლსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „ამ მოლაპარაკებების შედეგებზეა დამოკიდებული რეგიონში სრული მშვიდობის დამყარება, მშვიდობის დამყარებაზეა დამოკიდებული ეკონომიკური განვითარება და ყველა ის ახალი გეგმები, რომლებიც რეგიონს ეხება და მას სამომავლო ძალიან დიდ პერსპექტივას უქმნის“.
იმავე ბრიფინგზე საუბრისას, სომხეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ერევანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას.
რაც შეეხება ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროებში თანამშრომლობას, სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მხარეებმა „სპარსეთის ყურე – შავი ზღვის საერთაშორისო, სატრანსპორტო დერეფნის“ პროექტის შესახებ ისაუბრეს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის განცხადებით, 31 მაისს საქართველოს პრემიერმინისტრსა და სომხეთის პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრაზე მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების საკითხები, ასევე ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.
ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივაზე“, რომელიც სამ ქვეყანას შორის დიალოგის ფორმატის შექმნას და თანამშრომლობას ითვალისწინებს და რომელშიც საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯათან ერთად, აშშ და ევროკავშირიც მონაწილეობენ.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 31 მაისს გამართულ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და პრეზიდენტმა ხაჩატურიანმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს და რეგიონში მიმდინარე მოვლენები, ასევე ის ნაბიჯები განიხილეს, რომლებიც „იდგმება რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად“.
სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორივე ქვეყნის სურვილს, რომ რეგიონში გრძელვადიანი, სტაბილური მშვიდობა დამყარდეს.
ასევე წაიკითხეთ:
- სომხეთის თავდაცვის მინისტრი თბილისს სტუმრობს
- სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თბილისს სტუმრობს
- სომხეთის იუსტიციის მინისტრი თბილისს სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)