„ბორჯომის“ თანამშრომლები გაიფიცნენ 

რუსეთის მფლობელობაში არსებული მინერალური წყლების კომპანია „IDS ბორჯომის“ 400-მდე გაფიცული თანამშრომელი სხვა მოთხოვნებთან ერთად, 49 გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენას, ძველი სამუშაო პირობების დაბრუნებას და ხელფასების 25%-იან ზრდას ითხოვს.

კომპანიის N1 და N2 ჩამოსასხმელი ქარხნის თანამშრომლები, რომლებიც 31 მაისიდან გაფიცულები არიან, ასევე ითხოვენ დაგვიანებული ხელფასების გადახდას, უვადო ხელშეკრულებების დადებას, კოლექტიური შეთანხმების გაფორმებას, შანტაჟის, მუქარისა და იძულების ფაქტების აღმოფხვრას და მასში მონაწილე ადმინისტრაციის ცალკეული პირების სამსახურიდან გათავისუფლებასა და პასუხისგებაში მიცემას.

კომპანია „ბორჯომმა“ 49 თანამშრომელს ხელშეკრულებები მაისში შეუწყვიტა. ამ გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე, კომპანიამ „უკრაინაში რუსეთის ომით გამოწვეული რთული გარემოებების გამო“ ორივე ქარხანაში პროდუქციის წარმოება დროებით შეაჩერა.

ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთი“ „ბორჯომის“ N1 ჩამომსხმელი ქარხნის დირექტორის, მერაბ ახმეტელის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სამუშაო პირობები ძირითადად უცვლელი რჩება, შეიცვალა მხოლოდ არასამუშაო საათების დაანგარიშების სისტემა, „თუმცა ის კვლავაც ინდუსტრიაში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე უკეთესია“.

„დღეს კომპანია არის ურთულეს ვითარებაში, გაყინულია ანგარიშები, შეჩერებულია წარმოება და ექსპორტის 80%-ზე მეტი. დღეს ჩვენი მთავარი მიზანი კრიზისის დაძლევა და წარმოების გადარჩენაა“, – განაცხადა ახმეტელმა.

„სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან, საქართველოს ბაზარზე არ გვქონდეს წყვეტა, ჩვენს ხელთ არსებული მცირედი რესურსით და მინიმალური დატვირთვით დავიწყეთ წარმოების პროცესი“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ „გვინდა მუშაობის შესაძლებლობა მივცეთ თანამშრომლების იმ ნაწილს, ვინც მზადაა განახლებულ მენეჯმენტთან ერთად იბრძოლოს ამ კომპანიის გადასარჩენად“.

ახმეტელის თქმით, ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში ამჟამად დასაქმებულია 630 ადამიანი.

პროფესიული კავშირის, „ლაბორის“ თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ, ახმეტელის განცხადება უარყო და აღნიშნა, რომ „რეალურად…, დასაქმებულთა შრომითი უფლებები უარესდება“.

31 მაისს ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში, დიასამიძემ განაცხადა, რომ დასაქმებულებს „ემუქრებიან, აშანტაჟებენ, აიძულებენ კაბალურ პირობებზე ხელის მოწერას“.

მისი თქმით, გაფიცვა გაგრძელდება მანამ, სანამ სამუშაო პირობები არ გაუმჯობესდება.

დასაქმებულებმა გაფიცვა მას შემდეგ დაიწყეს, რაც 21-დღიანი მოლაპარაკება კომპანიის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის უშედეგოდ დასრულდა.

სავარაუდო დარღვევების ფონზე, დიასამიძემ „ფორმულასთან“ ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ მთავრობას აქვს ვალდებულება, რომ დაიცვას დასაქმებულები.

მისი თქმით, მთავრობამ საჯაროდ დავაში ჩაურევლობის პოზიცია დაიკავა, მაგრამ „რეალურად სულ სხვა რამ ხდება“.

დიასამიძის თქმით, დასაქმებულები ამბობენ, რომ მათ „გარკვეული სახელმწიფო სტრუქტურებიდან“ უკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ არ გაიფიცონ და კომპანიის პირობებზე დათანხმდნენ.

წინაისტორია 

კომპანიამ წარმოების შეჩერების შესახებ 29 აპრილს განაცხადა და აღნიშნა, რომ პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე – რუსეთსა და უკრაინაში – შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც „კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა“.

„IDS ბორჯომი საქართველო“ კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ კიურასაოში დარეგისტრირებული IDS Borjomi International-ის შვილობილი კომპანიაა. 2013 წლიდან, IDS Borjomi International-ის 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი“ ფლობს. ჯგუფის თანადამფუძნებელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანია.

„ალფა ჯგუფის“ შვილობილი კომპანია, „ალფა ბანკი“, რუსეთის უმსხვილესი კერძო ბანკია, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს სანქციების სამიზნე გახდა.

მაისის შუა რიცხვებში, კომპანიამ კრიზისის მოგვარების მიზნით საქართველოს მთავრობას წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემა შესთავაზა, თუმცა დეტალები არ გახმოვანებულა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა 17 მაისს, რომ მთავრობა საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან და კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა კომპანიის საწარმოო პროცესი აღდგეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)