ქართველებისადმი მეგობრულად განწყობილ ტყვარჩელელ ტიკტოკერს ღალატში ადანაშაულებენ
ოკუპირებული აფხაზეთის „უშიშროების სამსახურმა“ ღალატის ბრალი წარუდგინა 27 წლის დაურ ბუავას, რომელიც ტყვარჩელიდან დანარჩენ საქართველოში 2021 წელს გადმოვიდა და სოციალური ქსელის – „ტიკტოკის“ ვიდეობით, სადაც იგი ქართველებსა და აფხაზებს შერიგებისკენ მოუწოდებს, პოპულარული გახდა.
ოკუპირებული რეგიონის „უშიშროების სამსახურმა“ 3 ივნისს განაცხადა, რომ ბუავა, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, ავრცელებდა ვიდეოებს, რომლებიც „პირდაპიდ და აშკარა მოწოდებებს შეიცავდა მომხმარებელთა შეუზღუდავი წრის მიმართ და [აფხაზეთის] სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობის შელახვას ისახავდა მიზნად“.
აფხაზეთის „უშიშროების სამსახურმა“ ასევე აღნიშნა, რომ ოკუპირებული რეგიონის საქართველოსთან მიერთების ადვოკატირებით, ბუავა თბილისს აფხაზეთის წინააღმდეგ „მტრული საქმიანობის განხორციელებაში“ ეხმარებოდა.
„უშიშროების სამსახურის“ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბუავას ინიციატივით, საქართველოს ხელისუფლებამ ტყვარჩელის კიდევ ერთ მკვიდრს, დათო ხაჯიმბას და მის მეუღლეს, რომლებიც დანარჩენ საქართველოში 2021 წლის დეკემბერში გადმოვიდნენ, ბინა გამოუყო.
აფხაზეთის „სისხლის სამართლის კოდექსის“ თანახმად, ღალატის ბრალდება 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
„უშიშროების სამსახურმა“ ასევე აღნიშნა, რომ ბუავა 2015 წლიდან დიდი რაოდენობით უკანონო ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვის საქმეზე რუსეთის მიერაც იძებნება.
ბუავამ დანარჩენ საქართველოში ჩამოსვლის შესახებ 2021 წლის 7 ოქტომბერს ტიკტოკის ანგარიშზე (@tarielovich78) გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.
1994 წელს დაბადებულ ბუავას დანარჩენ საქართველოში ათობით ვიდეო აქვს გადაღებული, სადაც იგი ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენაზე საუბრობს და კონფლიქტის შესახებ ქართველების დამოკიდებულებას განიხილავს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)