ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები სოხუმსა და ცხინვალს სტუმრობდნენ
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები – ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების მართვის საკითხებში, ტოივო კლაარი, გაეროს წარმომადგენელი, ჯიჰან სულთანოღლუ და ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი, ვიორელ მოშანუ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს ენსტუმრნენ.
აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ ცნობით, 31 მაისს, სოხუმში თანათავმჯდომარეები „საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს“, ირაკლი ტუჟბას და „უსაფრთხოების სამსახურის“ ხელმძღვანელის მოადგილეს, ზაალ ხვარცკიას შეხვდნენ.
ამავე განცხადებით, აფხაზეთის ხელისუფლებამ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მუშაობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა, რომელიც მარტში იყო დაგეგმილი, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გადაიდო. ამავე ცნობით, ჟენევის დისკუსიების ზუსტი თარიღი დაზუსტებული ჯერ კიდევ არ არის.
მხარეებმა გალის ინციდენტების მართვისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების განახლების საკითხიც განიხილეს, რომელიც თბილისის მიერ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღების შემდეგ, 2018 წლის ივნისიდან შეჩერებულია.
ცხინვალში თანათავმჯდომარეები 2 ივნისს რეგიონის ახლადარჩეული ლიდერის, ალან გაგლოევის მრჩეველს, კონსტანტინ კოჩიევს შეხვდნენ.
ადგილობრივი სააგენტო „რესის“ ცნობით, კოჩიევმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ფორმატის არსებობა რეგიონში სტაბილურობას უზრუნველყოფს.
ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე კოჩიევმა განაცხადა, რომ „ყურადღების მიღმა არ გვრჩება უცხოელი აქტორების მხრიდან საქართველოს მიმართ მოწოდებები, რომ თავიანთი სტრატეგიული მიზნების ძალისმიერი გზით გადაჭრისთვის მოცემული მომენტი გამოიყენონ, ასევე საქართელოსა და უცხოელი პარტნიორების ერთობლივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარება, რაც ასევე ზრდის კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების რისკებს“.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობენ წარმომადგენლები საქართველოდან, რუსეთიდან და აშშ-დან, აგრეთვე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დევნილობაში მყოფი ადმინისტრაციის წევრები და საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები.
თანათავმჯდომარეების მიერ 30 მაისს გავრცელებულ პრესრელიზის თანახმად, მათ დაიწყეს კონსულტაციების რაუნდი, რომლის მიზანი იყო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებულ ბოლო მოვლენებზე მოსაზრებების გაცვლა და შემდეგი რაუნდის ვადებსა და მოდალობაზე ფოკუსირება.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ერთ-ერთმა თანათავმჯდომარემ, ტოივო კლაარმა „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ დისკუსიების 56-ე რაუნდის „ გადადების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პროცესის დასაცავად და იმგვარი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, როდესაც საერთაშორისო გარემო, განსაკუთრებით ომი უკრაინაში, უარყოფითად აისახებოდა თავად რაუნდის მსვლელობაზე და, შესაბამისად, მთლიანად დისკუსიებზე“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)