„ახალი დროის ბოლშევიკები“ – კობახიძე ოპოზიციაზე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღესსიტყვით გამოსვლისას, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ლიბერალური ღირებულებების მქონე პოლიტიკოსები, რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებლები, ძმები – ლევან და დავით ბერძენიშვილები გააკრიტიკა და „ეროვნული იდენტობის“ შერყევაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, ძმები ბერძენიშვილები, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ევროპული საქართველოს თავმჯდომარე „არიან ახალი დროის ბოლშევიკები“.

ირაკლი კობახიძის განცხადებას წინ უძღვოდა, 6 ივნისს დავით ბერძენიშვილზე თავდასხმა, სავარაუდოდ, ერეკლე II-ის შესახებ ბერძენიშვილის ძმის სადავო განცხადების გამო, რასაც ულტრაკონსერვატიული და ულტრამემარჯვენე ჯგუფებში ნაწილში უკმაყოფილება მოჰყვა.

„გამოარჩიეს რამდენიმე, ყველაზე დიდი ქართველი და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ, რომ დაანგრიონ ჩვენი ქვეყნის და ხალხის იდენტობა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ და დასძინა – „ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებდნენ პოეზიას, ხან ერეკლე მეორეს უწუნებდნენ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან დავით აღმაშენებელს უწუნებენ შვილების და შვილიშვილების აღზრდას“.

მისივე მტკიცებით, „აქვთ გამორჩეული ზიზღი ქართველი ხალხის და ქვეყნის მიმართ“.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის შეფასებით, ლევან ბერძენიშვილი „შეიძლება, გინესის რეკორდების წიგნში შევიყვანოთ“, რადგანაც „ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო“.

ერეკლე მეფის შესახებ ლევან ბერძენიშვილის შეფასებებზე მითითებით, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „[ეს] არ არის უბრალოდ ერთი ზიზღით გამსჭვალული ადამიანის, უსამშობლოო და უღმერთო კაცის გაუკუღმართებული საუბარი“. „ისინი უბრალოდ აგრძელებენ იმ კამპანიას, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ისინი მოვიდოდნენ ხელისუფლებაში“.

„მათ ძალიან კარგად იციან, იმისთვის, რომ შეარყიო ეროვნული იდენტობა, უნდა შეეხო ყველაზე წმინდას, რაზეც ეს იდენტობა დგას და ეს არის, პირველ რიგში, ამ ერის დიდი წინაპრები, ეს არის მისი სარწმუნოება, მისი ეკლესია“, – თქვა კობახიძემ და დასძინა  „სწორედ აქედან გამომდინარე არიან ამ შეტევის, შტურმის მთავარი ობიექტები ჩვენი დიდი წინაპრები, ჩვენი სარწმუნოება და ეკლესია“.

„იმისთვის, რომ ადამიანი გადააგვარო, პირველ რიგში, მას უარი უნდა ათქმევინო საკუთარ დედაზე და საკუთარ მამაზე“.

ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ დღეს, „ახალი დროის ბოლშევიკები“ ცდილობენ „პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები – ბოლშევიკები ასი წლის წინ უროთი ანგრევდნენ“.

„ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი წარმატება ამ გზაზე, რასაც ჰქვია ეროვნული იდენტობის ნგრევა იყოს ნულოვანი და ამაზე ვართ პასუხისმგებელ[ნ] ჩვენი ქვეყნის, ერის და ხალხის წინაშე“, – აღნიშნა მან.

ირაკლი კობახიძე ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულეს

საპასუხოდ, რესპუბლიკური პარტიის დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ, რომელსაც გუშინ თავს დავით ბერძენიშვილთან ერთად დაესხნან, ირაკლი კობახიძეს უთხრა, რომ იგი მსგავსი შინაარსის განცხადებებით ძალადობას ახალისებს.

მისივე შეფასებით, წახალისებასთან ერთად, ეს ერთგვარი მოწოდებაც არის, რომ „მომავალშიც ყველა მოძალადე, ვინც არ ეთანხმება რომელიმე პოლიტიკოსს, პოლიტიკურ შეხედულებას – მზად იყოს, რომ მათი თავდასხმა არ იქნება დასჯილი“.

დეპუტატის თქმით, მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვის პრობლემა ერეკლე II-ის კრიტიკა კი არ არის, არამედ, „ქართული ოცნების მეფე, მთავარი პატრონი, ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი [ბიძინა ივანიშვილი] რომ გააკრიტიკა ლევან ბერძენიშვილმა, ეს არის პრობლემა“.

„ამ ქვეყნის იდენტობას და მომავალს ებრძვით თქვენ, როდესაც რეალურ პრობლემებზე არ საუბრობთ და ცდილობთ ეს საზოგადოება კიდევ უფრო დააპირისპიროთ ერთმანეთს არაფრის გამო, ფსევდო პატრიოტიზმის გამო, მაგრამ ამის საშუალებას არ მოგცემთ საზოგადოება“, – განაცხადა მან.

თავის მხრივ, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა დავით ბერძენიშვილმაც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)