პარლამენტმა ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა, 80 ხმით 9-ის წინააღმდეგ, ეროვნული ბანკის (სებ) საბჭოს წევრად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა დაამტკიცა.
თურნავა პოსტზე საქართველოს პრეზიდეტნმა, სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა და მისი კანდიდატურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა.
ეროვნული ბანკის საბჭო 9 წევრისგან შედგება, რომელთაც ინდივიდუალურად პრეზიდენტი წარადგენს და პარლამენტი ამტკიცებს. საბჭოში ერთი ადგილი ამ დრომდე ვაკანტურია.
ეროვნული ბანკის ამჟამინდელ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს, რომელიც ამავე დროს საბჭოს თავმჯდომარეცაა, ვადა 2023 წელს ეწურება. მედიაში გავრცელებული ცნობებით, მას სწორედ თურნავა ჩაანაცვლებს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატს საბჭო თავისი შემადგენლობიდან წარადგენს და მას საქართველოს პრეზიდენტის თანხმობა სჭირდება.
„კითხვა ცოტა არ იყოს არარელევანტურია, არაკორექტულია, მე წარდგენილი ვარ, როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი“, – განაცხადა თურნავამ სებ-ის პრეზიდენტად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ ჟურნალისტების კითხვის პასუხად.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)