ანკარა-მოსკოვი: გეოპოლიტიკური თამაშები
ძალის პოლიტიკის მომხრეთა რეგიონული მეტოქეობა
რა მოხდა?
8 ივნისს ანკარაში მევლუთ ჩავუშოღლუმ რუსეთის საგარეო მინისტრს, სერგეი ლავროვის უმასპინძლა. ეს მათ შორის წელს უკვე რიგით მესამე შეხვედრა გამოდგა.
ავტორი: გიორგი ბილანიშვილი (Twitter: @bilanishviliG), მკვლევარი.
რატომაა ეს მნიშვნელოვანი?
თურქეთიც და რუსეთიც ამბიციური საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგით გამოირჩევიან. მეტოქეობის მიუხედავად, ანკარასა და მოსკოვს ორმხრივი მორიგება ურჩევნიათ, მითუმეტეს, თუკი ეს დასავლეთის გავლენას შეამცირებს. 8 ივნისს მინისტრების საუბრის საკვანძო თემა უკრაინა იყო.
შეჯიბრი რეგიონული უპირატესობისთვის
თურქეთის და რუსეთის ურთიერთობათა დღის წესრიგი ფრიად მრავალფეროვანია. ანკარაც და მოსკოვიც რეგიონის რუკაზე ჩამოდიან და ათამაშებენ სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფსონებს ისე, რომ თითქმის მხოლოდ პრაგმატულ, ძალისმიერ არგუმენტებს ცნობენ. ორივე მხარე ცდილობს, აშშ-ს როლის შესუსტებით შექმნილი ძალის ვაკუუმი შეავსოს მათ სამეზობლო რეგიონებში.
ორი ქვეყანა ერთმანეთს სამხედრო ძალით პირდაპირ ან არაპირდაპირ (მაგ. რუსული სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” სახით) ეხება სირიაში, ლიბიაში, მთიან ყარაბაღში/სამხრეთ კავკასიაში და უკრაინაში, რომელთანაც ანკარას სტრატეგიული და სამხედრო თანამშრომლობა აკავშირებს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის მომენტიდანვე, თურქეთი თან სამხედრო აღჭურვილობით, განსაკუთრებით დრონებით, ეხმარება კიევს, თან კი მოსკოვთან მედიატორის როლის მორგებას ცდილობს. მარტში თურქეთმა რამდენჯერმე უმასპინძლა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს. თუმცა ახლა საუბრები შეწყვეტილია. მთავარი თემა უკრაინის მარცვლეულის საკითხი იყო.
უკრაინიდან მარცვლეულის გატანის საკითხი
როგორც მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს და ამაში თურქეთის შესაძლო როლის თაობაზე მსჯელობას.
რუსეთის მიერ უკრაინის შუაზღვისპირეთის ნაწილობრივმა ოკუპაციამ და ოდესის ბლოკადამ შეუძლებელი გახადა ხორბლის, სიმინდისა და მზესუმზირის ზეთის ექსპორტი, რაზეც ბევრი ქვეყანაა დამოკიდებული აზიასა და აფრიკაში.
სავარაუდო დეფიციტი სამომხმარებლო ფასების ზრდას იწვევს და ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის რამდენიმე ქვეყანას შიმშილით ემუქრება. ყოველივე ამას, ჰუმანიტარულის გარდა, პოლიტიკური ასპექტიც აქვს: თავის დროზე პურის გაძვირება გახდა ახლო აღმოსავლეთში არაბული გაზაფხულის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი. სერიოზული ვარაუდები არსებობს, რომ რუსეთი მარიუპოლის პორტიდან მოპარული ხორბლის ექსპორტითაა დაკავებული. ამით მოსკოვი ცდილობს აფრიკისა და აზიის ყველაზე გაჭირვებული ქვეყნები მოთაფლოს და სათავისო პოზიციისკენ უბიძგოს, მაგალითად, გაეროში. რუსეთი პარალელურად ევროპასაც აშანტაჟებს, რომ მარცვლეულის გატარების სანაცვლოდ, გარკვეული სანქციების შერბილებას მიაღწიოს. ამავე დროს, მოსკოვი უკრაინას გაღმა აბრალებს ოდესის პორტის ბლოკადას და ითხოვს, მოიხსნას საზღვაო ნაღმები. კიევი, ბუნებრივია, შიშობს, რომ ამით პორტი დაუცველი გახდება. თურქეთი მარცვლეულით თავადაცაა დაინტერესებული და, ამავე დროს, ცდილობს მასზე დამოკიდებული რეჟიმები მოიმადლიეროს ლიბიასა და სირიაში.
მხარეთა პოზიციები
თურქული მხარის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის მარცვლეულის საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტის მიზნით გარკვეული მოდელის ჩამოყალიბების საკითხი, რომელშიც გაერო, უკრაინა, რუსეთი და თურქეთი ჩაერთვებიან. ნიშანდობლივია, რომ არც აშშ და არც ევროკავშირი ნახსენები არაა, რაც თურქეთის პოლიტიკას შეესაბამება.
ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიტორიკული მხარდაჭერა გამოუცხადა მოსკოვს თქვა რა, რომ ლეგიტიმურად აფასებს რუსეთის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივი მოხსნის მოთხოვნას .
ვლადიმირ პუტინმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის სანაცვლოდ რუსეთზე სანქციების მოხსნაზე ჯერ კიდევ მაისის ბოლოს ისაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტთან და გერმანიის კანცლერთან გამართული სატელეფონო საუბრისას. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში, რუსეთი მზად არის გაზარდოს საკუთარი სასუქებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტიც, რათა განმუხტოს მსოფლიო ბაზარზე შექმნილი პრობლემა.
ამ დროისთვის, არც უკრაინა და არც დასავლეთი არ ეთანხმებიან საექსპორტო სანქციების მოხსნას. თუმცა ცხადია, რომ ამ საკითხის გარშემო მუშობა გრძელდება და რაც უფრო მოახლოვდება ზამთარი, სურსათის პრობლემის აქტუალურობა სულ უფრო გაიზრდება.
სხვა მნიშვნელოვანი საკითხები
შეხვედრას წინ უსწრებდა თურქეთის განცხადებები ქურთებით დასახლებულ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სასაზღვრო სამხედრო ოპერაციის შესაძლო დაწყების თაობაზე. ლავროვმა, პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მათ კარგად ესმის თურქეთის წუხილი სირიის სასაზღვრო მხარიდან მომავალი საფრთხეების შესახებ, რაშიც მან აშშ-ის მხარე დაადანაშაულა. ზოგიერთმა ექსპერტმა ეს ოპერაციისათვის მოსკოვიდან მწვანე შუქის ანთებად ჩათვალა.
განიხილეს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებიც განახლების თემაც, თუმცა ხილული წინსვლის გარეშე.
გარდა ამისა, მინისტრებმა ისაუბრეს სირიის პრობლემის დარეგულირების მიზნით ასტანის ფორმატში გასამართ შეხვედრაზე, სადაც წამყვან როლს მოსკოვი, ანკარა და თეირანი ასრულებენ.
რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, ლავროვის განცხადებით მზადდება მორიგი შეხვედრა 3+3-ის ფორმატში. ლავროვმა კიდევ ერთხელ დასძინა, რომ თუ ქართული მხარე გადაწყვეტს ამ ფორმატში მონაწილეობას, მოსკოვი ამას მიესალმება.
რას უნდა ველოდოთ მომავალში
რუსეთიც და თურქეთიც რამდენიმე რეგიონული თეატრში მეტოქეობენ და პოზიციების გაცვლა-გამოცვლა მათ შორის გაგრძელდება. პუტინის რეჟიმს აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო წარმატების მიღწევის იმედი აქვს. თუკი დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლა მოხერხდა, რუსეთი ალბათ იმედოვნებს, რომ ანკარა არ შეეწინააღმდეგება მათ ანექსიას.
თურქეთის ინტერესებშია, გაიზარდოს რეგიონული ძალის როლი და კვლავ საკუთარ თავზე აიღოს მედიატორის ფუნქცია რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში. თუმცა, ჯერ ყველაფერი ბრძოლის ველზე წყდება. როგორც რუსული ისე უკრაინული მხარე ამ ეტაპზე მთავარ აქცენტს ბრძოლის ველზე ვითარების თავის სასარგებლოდ შემობრუნებაზე აკეთებენ. უკრაინას ამისთვის თურქული იარაღია საჭირო, რუსეთს კი კიევისადმი თურქული მხარდაჭერის შემცირება აინტერესებს.
არსებობს ვარაუდი, რომ სირიაში ოპერაციაზე მოსკოვის მხრიდან თვალის დახუჭვის საფასურად თურქეთმა შეიძლება კიევთან თანამშრომლობა შეამციროს, ანდა რიტორიკა შეარბილოს.
ჩვენი თვალით
საქართველოს გადმოსახედიდან, მიშვნელოვანია, თუ რამდენად აქვს სურვილი და რამდენად მოახერხებს ევროკავშირი და აშშ, მონაწილეობა მიიღოს თურქეთისა და რუსეთის წამოწყებულ რეგიონული გავლენის გადანაწილებაში. მოსკოვსა და ანკარას შორის მიღწეული კომპრომისები და მათი განხორციელების დინამიკა ასევე შეიძლება ჭკუისსასწავლებელ მაგალითად იქცეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში.