პრემიერი: თუ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება „უსამართლო“ იქნება, „ყველაფერს ფარდას ავხდი“
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ თუკი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება „უსამართლო“ იქნება, „ყველაფერს ფარდას ავხდი“.
„[კანდიდატის] სტატუსი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ დაველოდებით 23-24 ივნისს, რომ გავიგოთ ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებაც რეალურად აქვთ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მიმართ ჩვენს ევროპელ, ნამდვილ მეგობრებს“.
პრეიმერმა ღარიბაშვილმა ამის თაობაზე დღეს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მშენებლობის დათვალიერებისას ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ ისაუბრა. კითხვები ძირითადად საქართველოში მედიის თავისუფლების მიმართულებით არსებული დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას ეხებოდა.
პრემიერმინისტრმა რეზოლუციას „მიკერძოებული“ უწოდა და ევროპარლამენტარები გაარიტიკა, რომელთაც მისივე თქმით, გამოავლინეს „უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხის, რომლის 80% მომხრეა ჩვენი ქვეყნის ევროპაში გაერთიანების“.
„ეს არის აღმაშფოთებელი იმიტომ, რომ მათ ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების მიმართ სრული უპასუხისმგებლობა აჩვენეს“.
- ევროპარლამენტის რეზოლუცია ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს
- ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმიანებიან
- ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტის რეზოლუციას „ჩალის ფასი აქვს“
მანვე ხაზგასმიმთ აღნიშნა, რომ „ევროპარლამენტის ასეთ რეზოლუციას, ამ პროცესში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ანუ გადაწყვეტილების ფორმირების პროცესში არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და მათი როლი არის შეიძლება ითქვას სიმბოლური“.
„შეურაცხმყოფელია ის რეზოლუცია, რომელიც გაჯერებულია ტყუილებით, არაზუსტი ინფორმაციით“.
პრემიერმა ღარიბაშვილმა ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილიც დაიცვა, რომლისთვისაც სანქციების დაწესების რეკომენდაციაც ასევე ევროპარლამენტის მიერ მიღებულმა რეზოლუციამ გასცა.
„ჩვენ, ბოლო 9 წლის განმავლობაში იგივე ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულმა გუნდმა და მისმა პარტიამ, ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტის ნაბიჯი, რამაც რეალურად, ხელშესახებად დაგვაახლოვა ევროპასთან, ჩვენ გავაფორმეთ“, – თქვა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)