სამმხრივი შეჯიბრი საფრანგეთში
არჩევნების პირველი ტური დასრულდა
რა მოხდა
გუშინ, 12 ივნისს საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური შედგა და შეჯამდა.
შედეგები
საპრეზიდენტო გუნდმა, რომელიც სახელით “ერთად!” ასპარეზობდა, ხმების 25,75% მოიპოვა, ჟან-ლუკ მელანშონის გარშემო შეკრებილმა პოპულისტ მემარცხენეთა ალიანსმა NUPES 25,66%, ხოლო მარინე ლე პენის რადიკალურმა მემარჯვენეებმა “ეროვნულმა ერთობამ” – 18,68%. მემარჯვენე ცენტრისტი რესპუბლიკელები 10,42%-ს დასჯერდნენ, ერთ-დროს ნაქები ერიკ ზემურის რადიკალური გუნდი კი 4,24%-ით სულაც ჩაიძირა და მეორე ტურში ვერც ერთი კანდიდატი ვერ გაიყვანა. ამომრჩევლის 52,49% საარჩევნო უბნებზე არ მივიდა, რითაც პირველ ტურში ჩართულობის დონის ანტი-რეკორდიც დამყარდა.
რას ნიშნავს ეს
საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების ტური დიდს ვერაფერს წყვეტს: მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაში შერკინებების უდიდესი ნაწილი მეორე ტურში გადავა. ერთი რამ ცხადია – დიდი სურვილისდა მიუხედავად, მელანშონს აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვების შანსი თითქმის არა აქვს, ანუ სანუკვარ პრემიერ-მინისტრობას – ამჯერად მაინც – უნდა გამოემშვიდობოს.
პირველადი ანალიზი
“ერთად!” მეორე ტურშია 421 უბანზე, NUPES 384-ში, “ეროვნული ერთობა” – 207-ში, ხოლო მემარჯვენე ცენტრისტები 89-ში.
მელანშონის NUPES და საპრეზიდენტო “ერთად!” ერთმანეთს 272 უბანზე დაუპირისპირდებიან, “ერთად!” ლეპენისტებს შეეცილება 107 უბანზე, NUPES და მემარჯვენე ცენტრისტები მანდატებისათვის 26 უბანზე იბრძოლებენ, NUPES და ლეპენისტები – 59 უბანზე, ხოლო “ერთად!” და მემარჯვენეები – 19-ში. სამმხრივი ბრძოლა იქნება მეორე ტურში რვა უბანზე.
სოციოლოგიური გათვლებით, ჯგუფს “ერთად!” 255-295 მანდატის იმედი შეიძლება ჰქონდეთ, NUPES 150-190 მანდატისა, “ეროვნულ ერთობას” – 20-45-ს, მემარჯვენე ცენტრისტებს კი 50-80-სა.
აბსოლუტური უმრავლესობა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში 289 დეპუტატია. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტ მაკრონის გუნდს შეიძლება გაუჭირდეს დამოუკიდებლად უმრავლესობის მიღება, რაც მათ პოლიტიკურ ცხოვრებას ფრიად გაურთულებს. მით უფრო, რომ ოპოზიციური მანდატების დიდ ნაწილს, უკვე აშკარაა, ჟან-ლუკ მელანშონის “დაუმორჩილებელი საფრანგეთის” წარმომადგენლები დაიბევებენ.
მანდატებზე ნადირობა
შესაბამისად, მეორე ტურისათვის საპრეზიდენტო გუნდის მთავარი ამოცანა მემარჯვენე ცენტრისტების და სოციალისტების ისეთი დეპუტატების მოძებნაა, რომლებიც პოტენციურად უმრავლესობას შეუერთდებიან, შემდეგ კი მათი მხარდაჭერა იქ, სადაც NUPES ანდა მემარჯვენე რადიკალების წინააღმდეგ გამარჯვების უკეთესი შანსი აქვთ.
უარი ულტრამემარჯვენეებს
59 უბანზე NUPES მარინე ლე პენის ულტრამემარჯვენეებს დაუპირისპირდება მეორე ტურში. მმართველი პარტიის სახელით პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა ნათლად განაცხადა – “არცერთი ხმა ულტრამემარჯვენეებსო”. რაც, ბუნებრივია, იმას არ ნიშნავს, ხმები მელანშონისტებს მიეცითო. პრემიერმა დააზუსტა, ჩვენმა ამომრჩევლებმა თავად განსაჯეთ და მემარცხენე კანდიდატი ანტირესპულიკური გამოხტომებით არ გამოირჩევა, მისი მხარდაჭერაც შეიძლებაო.
ლიდერები და პარტიები
პრეზიდენტი მაკრონი დღეს ალბათ გამოთქვამს პირად მოსაზრებას არჩევნების პირველი ტურის შედეგებთან დაკავშირებით, თუმცა სახელმწიფოს მეთაურის როლიდან გამოსვლას არ აპირებს და, როგორც დაგეგმილია, რუმინეთისა და მოლდოვისკენ აიღებს გეზს. ზოგიერთი ცნობით, ოთხშაბათს მაკრონი უკრაინასაც ეწვევა.
მელანშონი თავის მომხრეებთან გამოსვლისას იქადნებოდა, საპრეზიდენტო პარტია დავამარცხეთ და ნაცარტუტად ვაქციეთო, თუმცა ყველაფერი ასე ვარდისფრად როდია. მისი ამომრჩევლების რეზერვი, ჩანს, ამოწურულია. დაჯგუფებამ კი დაახლოებით იმდენივე ხმა დააგროვა პირველ ტურში, რაც 2017 წლის არჩევნებში. შესაბამისად, მეორე ტურში, როცა ვერგასული კანდიდატების მომხრეები ტაქტიკურად მისცემენ ხმას, NUPES კანდიდატებს შეიძლება ფრიად გაუჭირდეთ. ბევრი რამ ჰკიდია ქარიზმატულ მელანშონზე, რომელიც შეეცდება მაქსიმალურად დარაზმოს მომხრეები. დღეს მას ტულუზაში ელიან.
ცხვირჩამოშვებულნი არიან “რესპუბლიკელები”, რომლებიც საფრანგეთის ორიდან ერთ-ერთი წამყვანი პარტიიდან მაჩანჩალებად იქცნენ. მათი ბედისწერა წინასწარ იყო განსაზღვრული, თუმცა საბოლოო შედეგი მაინც მოსალოდნელზე უარესია. წარუმატებლობის მიუხედავად, “რესპუბლიკელებს” საპარლამენტო ფრაქციის შექმნის საშუალება მაინც ექნებათ და ახლა იმაზე ბჭობენ, საპრეზიდენტო უმრავლესობის ნაწილი გახდნენ, თუ მხოლოდ სიტუაციური მოკავშირე.
ტკბილ-მწარე დღე ჰქონდა მარინე ლე პენს – მისმა პარტიამ 2017 წლის შედეგთან შედარებით 5-იოდე საპროცენტო პუნქტი აიმატა და 20-45-მდე დეპუტატის გაყვანის იმედი უნდა ჰქონდეს (2017 წელს მხოლოდ რვა მანდატი ჰქონდა). იმედი კი ლე პენს იმან გაუცრუა, რომ თავის მშობლიურ ოლქში პირველ ხმათა 54%-ი კი მიიღო, მაგრამ არჩევნებზე მოსულთა არასაკმარისი რაოდენობის გამო მაინც მეორე ტურში მოუწევს ბრძოლა.
დასკვნის ნაცვლად
როგორც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიდან ჩანდა, საფრანგეთი ორპარტიულიდან სამპარტიულ სისტემაზე გადავიდა, სადაც ცენტრისტული საპრეზიდენტო პარტია ორი რადიკალური ოპოზიციური ჯგუფის, ულტრამემარჯვენეების და რადიკალი მემარცხენეების სამიზნეა. თუკი მაკრონის პარტიამ უმრავლესობა დაკარგა, საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანო ფრიად დისფუნქციური შეიძლება აღმოჩნდეს. ასეა თუ ისე, პარლამენტში რადიკალების მასიურად გამოჩენით, მაკრონს მშვიდი მეორე საპრეზიდენტო ვადა არ უწერია. შემაშფოთებელია, რომ ფრანგების დიდი ნაწილი არჩევნებზე აღარ მიდის – ეს ის “მეოთხე ფარული პარტიაა”, რომელიც ქვეყნის მართვადობასა და მის დემოკრატიულ მომავალს ეჭვქვეშ აყენებს.