სახელმწიფო „ბორჯომის“ თანამფლობელი გახდება

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 13 ივნისს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რომ წარმატებით დასრულდა „IDS Borjomi International-ის“ აქციონერებთან მოლაპარაკება და კომპანიის თანამფლობელი სახელმწიფო გახდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო კომპანიის აქციების ნაწილს უსასყიდლოდ მიიღებს და „ყველა ის პრობლემა, რომელიც „ბორჯომს“ ჰქონდა შექმნილი და მის თანამშრომლებს ოპერირებაში, მართვაში, ფუნქციონირებაში, იქნება მოხსნილი“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობამ საკითხი საერთაშორისო პარტნიორებთან შეათანხმა და „ეს გარიგება გაფორმდა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით“.

საქართველოს პრემიერი „ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლების საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ არსებობს გარკვეული კითხვები, რომელთაც პასუხი უნდა გაეცეს.

„ხალხს არ ჰქონდეს განცდა, რომ ვინმე უსამართლოდ იჩაგრება და ყველა მათი სამართლიანი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„მას შემდეგ რაც სახელმწიფო გახდება [„ბორჯომის“] თანამფლობელი… ყველა პრობლემას მოვაგვარებთ და მინდა [თანამშრომლებს] მივმართო, რომ არცერთი არ დარჩება სიმართლის გარეშე…, არ დაიჩაგრება არცერთი თანამშრომელი“, – დასძინა მანვე.

ეკონომიკის მინისტრის განცხადება

სახელმწიფოსა და „IDS Borjomi International-ის“ აქციონერებს შორის შეთანხმებაზე უფრო დეტალურად საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, საუბარია ორდოკუმენტიან გარიგებაზე. პირველის ფარგლებში, სახელმწიფო უსასყიდლოდ მიიღებს რუსული „ალფა ჯგუფის“ კომპანია „ერასმონი ლიმიტედის“ მფლობელობაში არსებული „რისა ინვესტმენტ ლიმიტედის“ 7.73%-იან წილს (1 104 აქცია). მინისტრის თქმით, „რისა“ „IDS Borjomi International-ის“ მმართველი კომპანიაა.

შედეგად, „IDS Borjomi International-ში“ წილები ასე გადანაწილდება:

  • 49.99% „ერასმონი ლიმითედი“;
  • 38.48% „ბლექ ვოთერს ლიმითედი“ (პატარკაციშვილების ოჯახის საკუთრება);
  • 7.73% საქართველოს სახელმწიფო;
  • 3.79% ბორჯომის „ყოფილი თანამშრომელი და სხვადასხვა აქციონერი“.

რაც შეეხება გარიგების მეორე ნაწილს, ეკონომიკის მინისტრის თქმით, ის პარტნიორთა შორის ურთიერთობებს არეგულირებს. კერძოდ, შეთანხმების თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს „IDS Borjomi International-ის“ დირექტორთა საბჭოში 1 ხმის უფლების მქონე და 1 დამკვირვებელი დირექტორი ეყოლება.

თავის მხრივ, საქართველოს სახელმწიფოს ხმის უფლების მქონე დირექტორი დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელიც იქნება და იგი ხმის გადამწყვეტი უფლებით ისარგებლებს. საბჭოში კიდევ 2 დირექტორი „ერასმონი ლიმიტედს“, ორიც „ბლექ ვოთერს ლიმიტედს“ ეყოლება.

„[ამდენად], კომპანიაში სრული კონტროლის დამყარება სახელმწიფოს შეუძლია და შესაძლებელია, რომ მეორე, არასანქცირებული აქციონერების ჯგუფმა მოახდინოს დელეგირება მმართველობის კუთხით საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელზე, ესეც განსაზღვრულია ხელშეკრულებით და, [შესაძლოა], სახელმწიფომ სრულად შეძლოს კომპანიის მმართველობა“.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ გარიგების პროცესში, მთავრობას კომუნიკაცია ჰქონდა ბრიტანეთის და ევროპის სხვა მარეგულირებლებთან, რათა ერთი მხრივ, კომპანიის ინტერესები იყოს დაცული, მეორე მხრივ კი – სახელმწიფოს არ ჰქონდეს ისეთი ვალდებულებები, რომლებმაც შეიძლება გარკვეული პრობლემები შექმნას.

„იმ შემთხვევაში, თუ რაიმე იურიდიული ნიუანსი, რომელიც, დავუშვათ, [ხელშეკრულებაში] არ არის განსაზღვრული, სახელმწიფო სრულად დაზღვეულია“, – აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა, რომ რაიმე ტიპის დაფარული რისკი შემთხვევაში ხელშეკრულება გაბათილდება.

„ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ იმას, რომ საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ბრენდის წარმატებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და ვუპასუხოთ ინტერესებს ადგილობრივი მოსახლეობის, რომელიც სამწუხაროდ ძალიან დაზიანდა სანქციების შემოღების დაწყებიდან“.

„ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლები

სახელმწიფოსა და „ბორჯომის“ აქციონერებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, კომპანიის ორი ადგილობრივი ქარხნის 400-მდე გაფიცულ თანამშრომელსა და ხელმძღვანელობას შორის მედიაციის ხელახალი პროცესი მიმდინარეობს.

„ბორჯომის“ თანამშრომლები რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული 49 თანამშრომლის აღდგენას, დაგვიანებული ხელფასების გადახდას, ასევე უვადო ხელშეკრულებების დადებას, კოლექტიური შეთანხმების გაფორმებას, შანტაჟის, მუქარისა და იძულების ფაქტების აღმოფხვრას მოითხოვენ.

ისინი 31 მაისს, მას შემდეგ გაიფიცნენ, რაც თავდაპირველი, 21-დღიანი მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა.

წინაისტორია

„IDS Borjomi International-ი“ კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ კიურასაოში დარეგისტრირებული კომპანიაა, რომელიც თავის მხრივ „IDS ბორჯომი საქართველოს“ ფლობს. 2013 წლიდან, IDS „Borjomi International-ის“ 60%-იანი პაკეტი რუსული „ალფა ჯგუფის“ საკუთრება იყო, რომელიც ბოლო პერიოდში, 57.72%-მდე შემცირდა. ჯგუფის თანადამფუძნებელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანია.

„ალფა ჯგუფის“ შვილობილი კომპანია, „ალფა ბანკი“, რუსეთის უმსხვილესი კერძო ბანკია, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს სანქციების სამიზნე გახდა.

„ბორჯომმა“ წარმოების შეჩერების შესახებ 29 აპრილს განაცხადა და აღნიშნა, რომ პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე – რუსეთსა და უკრაინაში – შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც „კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)