პრემიერი 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებს
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ 20 ივნისს დაგეგმილ აქციას – „შინ ევროპისკენ“ – გამოეხმაურა და თქვა, რომ მთავრობა „კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით“ დაიცავს მოქალაქეების მშვიდობას და ქვეყნის სტაბილურობას.
მანვე აქციის ორგანიზატორები გააფრთხილა, რომ არ ჰქონდეთ არაფრის ილუზია და მოქალაქეებს მოუწოდა, არ წამოეგონ პროვოკაციას.
„ჩვენ არცერთ უკანონო ქმედებას არავის არ ვაპატიებთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, 20 ივნისის აქციას ის „დესტრუქციული ძალები“ ატარებენ, რომელთაც „ყოველგვარი ჩავარდნის შემდეგ“ ქვეყანა ვერც ომში ჩააბეს და ვერც სხვა რამ მოიმოქმედეს.
„ამ აქციას, ვინ ატარებს? შემთხვევით ის ძალა ხომ არა, [რომელიც] აქ ადამიანებს [რომ] კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა და ქვეყნის ტერიტორიებს მოღალატეობრივად ურიგებდა ოკუპანტ ქვეყანას“, – განაცხადა პრემიერმა, რომელმაც, სავარაუდოდ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე მიანიშნა.
საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი 3 მარტს წარადგინა. ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროპელი ლიდერებისგან საბოლოო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისისთვის ელოდება.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)