ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმის განაჩენის აღსრულებაზე
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმის განაჩენის აღსრულებაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში, ევროპის საბჭოს მინისტრმა კომიტეტმა აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოდან გასვლის მიუხედავად, რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოეთხოვება.
8-10 ივნისს გამართულ შეხვედრაზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეებმა მოუწოდეს რუსეთის ხელისუფლებას „ზედმიწევნით, დამოუკიდებლად, ეფექტიანად და სწრაფად გამოიძიოს საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის, ასევე ოკუპაციის პერიოდში ჩადენილი სერიოზული დანაშაულები, რათა მოხდეს ყველა პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება და სამართალში მიცემა“.
აღმოჩენილი დარღვევების მასშტაბისა და ხასიათის გათვალისწინებით, კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა კონკრეტული ზომები უნდა მიიღოს მსგავსი დარღვევების დასასრულებლად და მათი განმეორების აღსაკვეთად. მან რუსეთს დეტალური და ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის წარდგენისკენ მოუწოდა.
კომიტეტმა შეშფოთებით აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა არ აქვთ და მოუწოდა რუსეთს, რომელიც „ამ რეგიონებზე ეფექტიან კონტროლს ახორციელებს, დაუყონებლივ უზრუნველყოს ყველა მცხოვრებლის საკუთარ სახლებში უსაფრთხო დაბრუნება“.
კომიტეტმა „ღრმა შეშფოთებით აღნიშნა“, რომ 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის თებერვალში, რუსეთმა გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ „ძალიან მოკლე დოკუმენტები“ წარუდგინა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.
იმავე სხდომაზე, მინისტრთა კომიტეტმა შუალედური რეზოლუცია მიიღო საქართველო რუსეთის წინააღმდეგ განაჩენთან დაკავშირებით, რომელშიც კიდევ ერთხელ გაიმეორა რუსეთის უპირობო ვალდებულება, რომ რუსეთიდან დეპორტირებულ საქართველოს 1 500 მოქალაქეს სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაცია გადაუხადოს.
კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ საქმის განხილვა 2022 წლის სექტემბერში დაგეგმილ 1 443-ე შეხვედრაზე განაახლოს.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოში კონფლიქტის შესახებ
- ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოში კონფლიქტის შესახებ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)