„ლომისობასთან“ დაკავშირებით ცხინვალმა გამშვები პუნქტების ნაწილი დროებით გახსნა

ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ოკუპირებულმა ცხინვალის ხელისუფლებამ 13-17 ივნისის პერიოდში დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტების ნაწილი გახსნა.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ცნობით, შეზღუდვები მოიხსნება მცხეთა-ახალგორის რაიონების დამაკავშირებელ ოძისის, ასევე საჩხერის მუნიციპალიტეტში მდებარე სინაგურისა და ქარზმანის გამშვებ პუნქტებზე. განცხადებაში გამშვები პუნქტების გახსნისა და დაკეტვის საათი მითითებული არ არის.

შეზღუდვის მოხსნა გორის მუნიციპალიტეტში მდებარე ზარდიანთკარისა და ერგნეთის გამშვებ პუნქტებს არ შეეხება.

„დღეისათვის მშვიდი ვითარებაა, [რაც], მთლიანობაში, ადგილობრივ მკვიდრებს აძლევს საშუალებას, რომ დღესასწაული აღნიშნონ“, – წერს „რესი“ რეგიონის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ოლეგ შირანის სიტყვებზე დაყრდნობით.

p src=”“]

გამშვები პუნქტებით სარგებლობას მხოლოდ სპეციალური საშვების მქონე მოქალაქეები შეძლებენ.

ბოლოს ცხინვალმა გამშვები პუნქტები 21-25 აპრილის პერიოდში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გახსნა.


რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ხელმძღვანელობამ გამშვები პუნქტები 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში ჩორჩანა-წნელისის კრიზისის დროს თბილისიდან მომდინარე შესაძლო საფრთხეების მიზეზით ჩაკეტა.

თავდაპირველად მათ სინაგურისა და ოძისის გამშვები პუნქტები ჩაკეტეს. ოძისის პუნქტი, რომელიც ახალგორელებს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს, ჩაკეტვამდე ყოველდღიურად დაახლოებით 400-მდე გადასვლას ემსახურებოდა.

მოგვიანებით, 2020 წელს კოვიდ-19-ის პანდემიის მომიზეზებით, რეგიონის აწ უკვე ყოფილი ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის ადმინისტრაციამ ხუთივე გამშვები პუნქტი ჩაკეტა, რამაც ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთა ჰუმანიტარული სიტუაცია დაამძიმა, რაც ძირითადად თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო სერვისების მიღებისთვის გადმოსვლის დაყოვნებასა და ჯანდაცვის მომსახურების ნაკლებობაში გამოიხატა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)