პარლამენტის თავმჯდომარე სკანდინავიის ქვეყნებს სტუმრობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 12-18 ივნისს ნორვეგიას, დანიას, ფინეთსა და შვედეთს სტუმრობს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან ქართული ოცნების დეპუტატები – ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი და მაია ბითაძე, ასევე ოპოზიციური პარტია გირჩის დეპუტატი, ჰერმან საბო.
13 ივნისს ნორვეგიაში გამართული ვიზიტის დროს, პაპუაშვილი ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარეს, მასუდ გარახანის შეხვდა და ორი ქვეყნის თანამშრომლობასა და საპარლამენტო კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„შეხვედრის თემები იყო ომი უკრაინაში, ნატო და ქვეყნის დემოკრატიული რეფორმები“, – დაწერა მასუდ გარახანიმ Twitter-ზე და დასძინა – „მოვუწოდეთ მათ, რომ დაიცვან დემოკრატიული ღირებულებები“.
შეხვედრის შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის ფონზე, „დადგა ის მომენტი, როდესაც დასავლურმა და დემოკრატიულმა საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშანი უნდა გაუგზავნოს არა მხოლოდ უკრაინელ ხალხს, არამედ ქართველ და მოლდოველ მოსახლეობას და მხარდაჭერა გამოუცხადოს მათ იმ მისწრაფებაში, რასაც ევროპულ ოჯახში დაბრუნება ჰქვია“.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, ჰენრიკ თუნს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებულ ნაყოფიერ ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი მიმოიხილეს.
ვიზიტის დასასრულს, პაპუაშვილი ნორვეგიის მეფეს, ჰარალდ მეხუთეს შეხვდა.
დანიაში გამართული შეხვედრები
14 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დანიაში ჩავიდა, სადაც თავის კოლეგას, ჰენრიკ დემს შეხვდა. შალვა პაპუაშვილის თქმით, თბილისში დანიის საელჩოს გახსნა „მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“.
Held a fruitful meeting with Henrik Dam, Speaker of the Danish Parliament. As we celebrate 30 years of dip. relations, we highlighted dynamically developing 🇬🇪-🇩🇰 ties. Newly opening Danish embassy will stimulate a deeper and more productive partnership between 🇬🇪 and 🇩🇰. pic.twitter.com/sUu9cV3YNL
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) June 14, 2022
დანიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დედოფალ მარგარეტ მეორესაც შეხვდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)