ომბუდსმენი: მთავრობასთან პრეტენზიების ფონზე შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა პრეზიდენტსაც შეუძლია

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია დღეს დაეთანხმა მთავრობისადმი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ კრიტიკას, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ „თუკი მას პრეტენზიები აქვს მთავრობასთან, მასაც შეუძლია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა“.

14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მმართველი გუნდი დასავლელი პარტნიორების შეურაცხყოფის გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ ბრიუსელსი ვიზიტისას მან საკმაოდ მძიმე სურათი“ და „გაფუჭებული საქმე“ დახვდა. მანვე მთავრობის მიერ გადადგმული რამდენიმე ნაბიჯიც დაასახელა, რამაც მისი თქმით, ხელი შეუწყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაუარესებას.

დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შესახვედრად მისულმა ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მართალია, პრეზიდენტს „ბევრის გაკეთება არ შეუძლია“, თუმცა მანდატის ფარგლებში გარკვეული შესაძლებლობები მაინც აქვს.

ამ კონტექსტში მან სხვადასხვა სადავო საკანონმდებლო ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადება და „მთავარი არხის“ პატიმრობაში მყოფი დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალება დაასახელა.

თუმცა, სახალხო დამცველის თქმით, პრეზიდენტმა „რატომღაც არ ახსენა ის, რომ [ევროპარლამენტის] რეზოლუციაში ეს [ნიკა გვარამიას] საკითხიც არის მოხსენიებული და გვერდი აუარა შეწყალების [თემას]“. მისივე განმარტებით, მიმართვის მიუხედავად, აღნიშნულზე პრეზიდენტს მასთან არც კომუნიკაცია ჰქონია.

„ამიტომ, მე მაქვს მასთანაც შეკითხვები, მისი მხრიდან რატომ არ იდგმება შესაბამისი ნაბიჯები, რაც ჩაითვლებოდა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებად“, – დასძინა ომბუდსმენმა.

ნინო ლომჯარია სალომე ზურაბიშვილის მიერ 16 ივნისს ევროკავშირის მხარდამჭერი აქციის გამართვის ინიციატივასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ახლა სხვადასხვა საკითხის გარშემო საზოგადოების გაყოფის დრო არ არის და მოქალაქეები ყველგან უნდა მივიდნენ, სადაც „იქნება შეკრება ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნით“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)