საქართველოში მაიმუნის ყვავილის ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა 15 ივნისს განაცხადა, რომ საქართველოში მაიმუნის ყვავილის ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.
ცენტრის ინფორმაციით, პაციენტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე სამედიცინო დაწესებულებიდან მალევე გაწერეს. ამასთან, კლინიკური ნიშნები არც მის კონტაქტებს გამოუვლინდათ.
ცენტრს შემთხვევის დაფიქსირების ზუსტი დრო და პაციენტის შესახებ დეტალები არ დაუზუსტებია. განცხადებაში მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ მას ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელებს საეჭვო შემთხვევების შესწავლას“, – ვკითხულობთ ცენტრის განცხადებაში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს ძირითადად მღრნელებისა და პრიმატებისგან გადაეცემა. რაც შეეხება ადამიანებს შორის გავრცელებას, ის რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ ნივთებთან (თეთრეული და პირადი ჰიგიენის მოხმარების ნივთები) შეხებისას გადადის.
ამავე ინფორმაციით, ვირუსის კლინიკური გამოვლინება ყვავილით დაინფიცირების მსგავსია. ინკუბაციის პერიოდი 5-დან 21-დღემდე მერყეობს და სიმპტომები გამოვლენას 5 დღის ფარგლებში იწყება.
მაიმუნის ყვავილი გრიპის ვირუსის იდენტური სიმპტომებით ხასიათდება, როგორებიცაა – შემცივნება, ცხელება, თავისა და კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, სისუსტე და ლიმფური კვანძების შეშუპება (ლიმფადენოპათია).
სიმპტომების დაწყებიდან 1-3 დღეში კანზე ჩნდება გამონაყარი, საწყის ეტაპზე სახეზე, შემდეგ მთელ სხეულზე, უპირატესად კი – კიდურებზე.
ადამიანებში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა 1970 წელს, აფრიკის კონტინენტზე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაფიქსირდა და დღეის მდგომარეობით, ის ათობით ქვეყანაშია გავრცელებული.
14 ივნისის მდგომაროებით, მსოფლიო მასშტაბით ვირუსის 1 806 დადასტურებული შემთხვევა იყო დაფიქსირებული.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)