საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს საკითხი მოლდოვისა და უკრაინისგან განაცალკევა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც „უკრაინისა და მოლდოვის განცალკევება არ უნდა მოხდეს იმ პერსპექტივების თვალსაზრისით, რასაც ჩვენ მათ ვაძლევთ“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, საქართველო, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, იმავე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში არ იმყოფება.
„ამასთან, არსებობს კატეგორია ქვეყნებისა, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის შემადგენლობაში შედიან და რომელთა უსაფრთხოება, გეოპოლიტიკური სიტუაცია განსხვავებულია. საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ძალიან ახლო მეგობარი ქვეყნები არიან, მაგრამ გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად თუ დავაკვირდებით, ისინი დღეს იმავე მდგომარეობაში არ იმყოფებიან“, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ამ თემაზე გუშინ, კიშინიოვში თავის მოლდოველ კოლეგასთან, მაია სანდუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჟურნალისტმა მაკრონს ჰკითხა, ნიშნავდა თუ არა მისგან „პოზიტიური სიგნალის“ ხსენება იმას, რომ მას სურდა მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას ოფიციალურად მიეღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
მაკრონის განცხადება მნიშვნელოვანი დარტყმაა საქართველოს საგარეო პოლიტიკისათვის, რომელიც ათწლეულებია ცდილობს, ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის საკითხი სამხრეთ კავკასიური გეოგრაფიული კონტექსტის მაგიერ შავი ზღვის რეგიონის/აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკის კონტექსტში გადავიდეს. განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ მაკრონი სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტია, რომელიც ამჟამად კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს – ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. საქართველოს ამ პოლიტიკის გამოხატულება იყო ისიც, რომ გასულ წელს, ბრიუსელთან უფრო ახლო ურთიერთობების დამყარების მიზნით, საქართველომ მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად ასოცირებული ტრიოს ფორმატი შექმნა.
- პრეზიდენტი ამბობს, რომ მთავრობამ ბრიუსელში „გაფუჭებული საქმე“ დატოვა
- პრემიერი: თუ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება „უსამართლო“ იქნება, „ყველაფერს ფარდას ავხდი“
მაკრონმა საუბარი ბალკანეთის ქვეყნებზე განაგრძო და აღნიშნა, რომ „მოლაპარაკებები ასევე გვაქვს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან და ზოგიერთმა მათგანმა უკვე დაიწყო სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო პროცედურები“.
მისი თქმით, „მომდევნო დღეებში უზარმაზარი სამუშაო გვაქვს დასამთავრებელი, კერძოდ ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დავის კუთხით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დავა მოვაგვაროთ, რაც ამ ქვეყანას, რომელსაც უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი, ახალ ეტაპზე გადასვლის საშუალებას მისცემს“.
„ვიმედოვნებ, რომ პროგრესს მივაღწევთ ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაზე. ეს გეოპოლიტიკური ბალანსია, რომელიც უნდა შენარჩუნდეს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის გაფართოება „ვერ იქნება ერთადერთი პასუხი ჩვენი მეზობლების სტაბილურობაზე“.
„პირველი, რადგანაც ეს საკმაოდ რთული პროცესია, რადგანაც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ევროპის გამარტივება, რათა ის უფრო ეფექტიანი გახდეს და ასევე უნდა გავამარტივოთ ხმის მიცემისა და პროცედურული წესები“, – დასძინა მან.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, საქართველომ და მოლდოვამ, უკრაინის კვალდაკვალ, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინეს.
ევროკომისია თავის მოსაზრებას სამი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით 17 ივნისს გამოაქვეყნებს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი ევროკავშირის საბჭო 23-24 ივნისს მიიღებს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)