ალან გაგლოევი მოსკოვს სტუმრობს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალი ლიდერი, ალან გაგლოევი მოსკოვს სტუმრობს, სადაც გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა გაგლოევს ახალ თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და განაცხადა, რომ მოსკოვისა და ცხინვალის ურთიერთობები „მოკავშირეობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზეა“ აგებული.
„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებულ პირობებში, როდესაც საერთაშორისო სიტუაციის შელახვას ცდილობენ ქვეყნების ერთი ჯგუფის – ჩვენი დასავლელი კოლეგების, და პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში“, – განაცხადა ლავროვმა.
შეხვედრაზე მანვე ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე, მათ შორის, „ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგზე, სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე, ვაჭრობასა და ეკონომიკურ კავშირებზე, ინვესტიციებზე, ასევე ჰუმანიტარულ და კულტურულ ურთიერთობებზე“ ისაუბრა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებული რეგიონის უსაფრთხოება „საიმედოდაა დაცული“ რუსეთის სამხედრო ბაზის მიერ, ხოლო გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური უზრუნველყოფს.
კონსულტაციები რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმზე
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იტყობინება, რომ გაგლოევი და მისი დელეგაციის წევრები გუშინ რუსეთის ოფიციალურ პირებს შეხვდნენ და რუსეთთან მიერთებაზე შეჩერებული რეფერენდუმის შესახებ იმსჯელეს.
„რესის“ ცნობით, შეხვედრაზე რუსულ მხარეს წარმოადგენდნენ – რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, დმიტრი კოზაკი; რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინ კოსაჩევი; საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონული და კულტურული კავშირების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სამმართველოს უფროსი, იგორ მასლოვი; რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, რაშიდ ნურგალიევი; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანდრეი რუდენკო; რუსეთის „ელჩი“ ცხინვალში, მარატ კულახმეტოვი და სასაზღვრო თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე, სერგეი ბოვენკო.
ვიზიტამდე რამდენიმე კვირით ადრე , გაგლოევმა მისი წინამორბედის, ანატოლი ბიბილოვის მიერ 17 ივლისს ცალმხრივად დაგეგმილი რეფერენდუმი შეაჩერა.
შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან
14 ივნისს, ალან გაგლოევი რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრს, მაქსიმ რეშეტნიკოვს შეხვდა. „რესის“ ცნობით, რეშეტნიკოვმა აღნიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ხორციელდება სხვადასხვა სფეროში, „დაწყებული მედიცინითა და განათლებით, ვაჭრობითა და უსაფრთხოებით დამთავრებული“.
მინისტრის თქმით, მართალია, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისკენ მუშაობა გრძელდება, ამოცანები სულ უფრო რთულდება… მნიშვნელოვანია შეიქმნას პირობები ინვესტიციების მოსაზიდად, რათა გაიხსნას ბიზნესები და გაიზარდოს სამუშაო ადგილების რაოდენობა“.
შეხვედრის დროს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, დმიტრი ვოლვაჩი რეგიონს ახლო მომავალში ესტუმრება. „მზად ვართ დაგეხმაროთ, განმარტებითი სამუშაო განვახორციელოთ, მაგალითად, საბაჟო კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თვალსაზრისით. ეს არ არის ადვილი პროცესი“, – განაცხადა ვოლვაჩმა.
ვიზიტის ფარგლებში, გაგლოევი რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, იგორ ზუბოვსაც შეხვდა. „რესის“ ინფორმაციით, მხარეებმა ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება განიხილეს, ასევე სამართალდამცველ სტრუქტურებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებასა და კადრების მომზადებაზე იმსჯელეს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)