კომისიის რეკომენდაცია საქართველოზე: ჯერ პირობების დაკმაყოფილება, შემდეგ კანდიდატის სტატუსი
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კომისია უკრაინისა და მოლდოვასათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს, იმ მოლოდინით, რომ ეს ორი ქვეყანა საჭირო რეფორმების გატარებას განაგრძობს.
საქართველოს შემთხვევაში, კომისიის რეკომენდაციაა, ქვეყანას ევროპული პერსპექტივა მიეცეს, რაც გულისხმობს, რომ საქართველომ ჯერ რიგი პირობები უნდა დააკმაყოფილოს, რის შემდეგაც მას შეეძლება კანდიდატის სტატუსის მოპოვება.
Georgia must now come together politically to design a clear path towards structural reform and the EU.
So we recommend 🇬🇪 to grant the European perspective, but to come back and assess how it meets a number of conditions before granting it candidate status.— Ursula von der Leyen (@vonderleyen) June 17, 2022
ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ საქართველოს განაცხადს ძლიერი მხარეები აქვს, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკის ბაზარზე ორიენტირება და ძლიერი კერძო სექტორი.
თუმცა წარმატების მისაღწევად, საჭიროა, რომ „ქვეყანა პოლიტიკურად გაერთიანდეს და სტრუქტურული რეფორმებისკენ მკაფიო გზა დასახოს – გზა, რომელიც საჭირო რეფორმებს დასახავს, სამოქალაქო საზოგადოებას მოიზიდავს და ფართო პოლიტიკური მხარდაჭერით ისარგებლებს“.
„საბჭოს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ ევროპული პერსპექტივა მივანიჭოთ და კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე კიდევ ერთხელ შევაფასოთ, თუ როგორ ასრულებს საქართველო რიგ პირობებს“.
უკრაინის შესახებ საუბრისას, მან განაცხადა, რომ კომისია უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას იძლევა იმ პირობით, რომ ქვეყანა რიგ მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებს. მისივე თქმით, კომისია ანალოგიურ რეკომენდაციას მოლდოვის შემთხვევაშიც გასცემს.
ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე დაეკონკრეტებინა პირობები და მათი დაკმაყოფილებისთვის საჭირო ვადა, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა: „ახლა საქართველოზეა დამოკიდებული წინ წასაწევად საჭირო ნაბიჯები გადადგას, გაერთიანდეს მთელი ქვეყანა პოლიტიკურად, და ძალზე ცხადად აჩვენოს, რომ ნამდვილად გინდათ აქტიურობა [ამ მიმართულებით]“.
„ეს განსაზღვრავს ასევე ვადებსაც. თქვენზეა: რაც მალე [დააკმაყოფილებთ პირობებს], მით მალე იქნება პროგრესი. მაშასადამე, საქართველოზეა დამოკიდებული, აჩქარდეს და ამ ღია კარში შემოაბიჯოს“.
უპირველესად კი, ფონ დერ ლაიენის თქმით, „ევროპული პერსპექტივის მიღება უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია, დიდი მიღწევაა საქართველოსთვის. კარი ფართოდაა გაღებული“.
ოლივერ ვარჰეი დეტალებზე საუბრობს
ამავე პრესკონფერენციაზე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ „დემოკრატიასთან მიმართებაში ჩვენ გვსურს დასრულდეს პოლიტიკური პოლარიზაცია, რომელიც ახასიათებს ქვეყანა., ჩვენ გვჭირდება ყველა პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობა და იმ შეთანხმების მიღწევა, რომელიც ნახსენებია ევროკავშირის შეთანხმებაში“.
„ეს ასევე ეხება სასამართლო რეფორმებს, რადგან ეს შეთანხმება ასევე ითვალისწინებდა იმას. ჩვენ ასევე გვჭირდება პროგრესი კორუფციის კუთხით და ანტიკორუფციული უწყებების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა აუცილებელია“, – განაცხადა მან.
„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან, გვჭირდება აქტიური გამოძიება და დევნა ამ კუთხით“, – დასძინა ევროკომისარმა.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ „ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდება, რომ ქვეყანაში გარანტირებული იყოს ჟურნალისტების პროფესიული და პლურალისტური მედიის თავისუფლება“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)