ოპოზიცია ევროკომისიის შეფასებას ეხმიანება
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კომისია უკრაინისა და მოლდოვასათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს, იმ მოლოდინით, რომ ეს ორი ქვეყანა საჭირო რეფორმების გატარებას განაგრძობს.
საქართველოს შემთხვევაში, კომისიის რეკომენდაციაა, ქვეყანას ევროპული პერსპექტივა მიეცეს, რაც გულისხმობს, რომ საქართველომ ჯერ რიგი პირობები უნდა დააკმაყოფილოს, რის შემდეგაც მას შეეძლება კანდიდატის სტატუსის მოპოვება.
- კომისიის რეკომენდაცია საქართველოზე: ჯერ პირობების დაკმაყოფილება, შემდეგ კანდიდატის სტატუსი
- ევროკომისიის მოხსენებითი ბარათი: რეკომენდაციები საქართველოსთვის
ქვემოთ ევროკომისიის შეფასებაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამოხმაურებებია მოცემული:
ნიკა მელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა დეოლიგარქიზაცია მოხდება, გავისაუბროთ და მოგვიკაკუნეთ კვლავ, ჩვენი კარები ღიაა. ეგუებით ოლიგარქს? გინდათ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველები მაღალ თანამდებობებზე, რომლებსაც არ აინტერესებთ სახელმწიფოებრივი ინტერესები, კი ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ… ამ ხელისუფლებას არ აქვს ნება გაატაროს წარმატებული, დემოკრატიული რეფორმები… ძალიან მიამიტობაა ფიქრი იმის, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნების გარეშე ოლიგარქი დათმობს თავის ბერკეტებს…“.
მამუკა ხაზარაძე – ლელო საქართველოსთვის: „დაველოდებით 24 ივნისს და საბოლოო დასკვნას, მაგრამ თუ ეს შედეგი დარჩა, ეს არის პირდაპირი საბაბი იმის, რომ ჩვენ, ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ… საქართველოს დღეს, როგორც არასდროს სჭირდება ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღება“.
გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი: „დღევანდელი გადაწყვეტილება არის ბოლო შანსი ჩვენი ქვეყნისთვის და ამაზე ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, მათ შორის, ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა, რომ საბოლოოდ კარები არ დახურულიყო საქართველოსთვის… 20 ივნისს უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი. ამის შემდეგ უნდა ვიყოთ ყოველთვის ძალიან ბევრი, იმისთვის რომ ჩვენ და ჩვენს შვილებს არ წაგვართვან ევროპული პერსპექტივა“.
ალექსანდრე რაქვიაშვილი – ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი: „სამწუხაროა, რომ ამ შედეგებამდე მივედით, მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი პირობა სრულიად შეუსრულებადია ჩვენს რეალობაში, ანუ პოლარიზაციის დასრულება, რაც ნათქვამი იყო. მგონი, ახლოსაც კი არ ვართ ამ მიმართულებით რომ ნაბიჯი გადავდგათ. აქედან გამომდინარე, დღევანდელი გადმოსახედიდან, ევროინტეგრაციის პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანი ხდება“.
ნათია მეზვრიშვილი – საქართველოსთვის: „ის, რომ საქართველო „ასოცირებული ტრიოდან,“ პრაქტიკულად, მოწყვეტილია, მხოლოდ და მხოლოდ [ქართული] ოცნების დამსახურებაა. მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, კახა კალაძეს და დანარჩენ „ოცნებას“, რომ საქართველოს ევროპა უყურებს, როგორც კანდიდატის სტატუსისთვის შეუსაბამო ქვეყანას… იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა და ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაგიჯეროთ, პირველ რიგში…, დაუყოვნებლივ გამოდით და აღიარეთ, რომ – დიახ, ქვეყანას ოლიგარქი მართავს და ამიტომ საჭიროა დეოლიგარქიზაცია. დიახ არსებობს ყველა ის პრობლემა, რაც დასკვნაშია მითითებული – შემდეგ, დაუყოვნებლივ, 24 ივნისამდე, აიღეთ ვალდებულება რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც პირდაპირ უპასუხებს კომისიის მოთხოვნებს“.
გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „… ეს გზავნილი ამ ძალიან ცუდ ვითარებაში, რომელიც ქვეყანა ივანიშვილის რეჟიმმა ჩააყენა, ამ ძალიან ცუდი კურსით, რეალისტურად ქვეყნისთვის იყო საუკეთესო. ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი დათქმით, გზავნილი რომ გაამარტივო პოლიტიკურ ენაზე არის [ის], რომ საქართველოს შეუძლია… დაბრუნდეს თავისუფალ ერთა ოჯახში, სადაც ისტორიულად მისი ადგილია, ოღონდ ამისთვის ქვეყნის კურსი, ანუ ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს. ეს არის ის, რაც იქ წერია“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)