აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თბილისს სტუმრობს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდი თბილისს სტუმრობს. იგი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ოპოზიციის ლიდერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
ვიზიტის დასაწყისში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე.
შემდეგ, იგი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა შეხვედრამდე „მთავარ არხს“ უთხრა, რომ ისაუბრებს იმაზე, „როგორ მოვიფიქროთ ყველამ ერთად, რომ გავლენა მოვახდინოთ ამ ხელისუფლებაზე იმიტომ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“.
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის დროს, დონფრიდმა ისაუბრა აშშ-ის ხელისუფლების მზადყოფნაზე, რომ საქართველოს რეკომენდირებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებასა და ევრო-ატლანტიკური გზის გაგრძელებაში დაეხმაროს.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ოპოზიციის ლიდერებსაც შეხვდა და იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ესაუბრა, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განხილული იყო აშშ-ის ის მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის გაგრძელების გზები.
კარენ დონფრიდი თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. 18 ივნისს იგი საქართველოდან სომხეთში გაემგზავრება, სადაც პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგიონში ვიზიტის მიზანია „ხაზი გაუსვას აშშ-ის ერთგულებას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის მიმართ“.
ასევე წაიკითხეთ:
- აშშ საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის გამო შეშფოთებულია
- კელი დეგნანი: აშშ საქართველოს ომში ჩათრევას არ ცდილობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)