ბათუმში „ტვ პირველის“ ოპერატორზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 19 ივნისს განაცხადა, რომ ბათუმში, „ტელეკომპანია პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის მუხლით დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარებს, რაც სასჯელის სახით ჯარიმას ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან სამ წლამდე თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.
ბათუმის ინციდენტი
„ტელეკომპანია პირველმა“ ბათუმის ბიუროს ოპერატორზე, მურმან ზოიძეზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 19 ივნისს, გვიან ღამით გაავრცელა და განმარტა, რომ მას 5-მდე პირი თავს მაშინ დაესხა, როდესაც იგი 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე რესპონდენტის ეთერში ჩართვისთვის ემზადებოდა.
ტელევიზიის ცნობით, თავდასხმის მიზეზი ჟურნალისტური საქმიანობა იყო და რომ „აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების ჯგუფი, ყვიროდა, რომ არ მოსწონდათ „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკა“.
„ტელეკომპანია პირველის“ ინფორმაციით, დაზარალებული ოპერატორისთვის ამ დრომდე არც ექსპერტიზა ჩაუტარებიათ და სამართალდამცველებს ჯერ არც მასზე სავარაუდო თავდამსხმელები დაუკავებიათ.
- პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად გაუარესდა
- ევროპარლამენტის რეზოლუცია ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონულმა წარმომადგენელმა, მალხაზ ჭკადუამ, რომელიც ინციდენტს შეესწრო „ტელეკომპანია პირველთან“ საუბარში თქვა, რომ ოპერატორი, რომელსაც თან შვილები ახლდა, რესპონდენტს პირდაპირ ეთერში ჩართვისთვის ამზადებდა, რა დროსაც, პარკიდან ორი ახალგაზრდა მამაკაცი გამოვიდა და როდესაც გაარკვიეს, რომ ოპერატორი „ტვ პირველს“ წარმოადგენდა, მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი – სცემეს.
მისივე თქმით, თავდამსხმელებს კიდევ რამდენიმე ადამიანი დაემატა და უკვე მაშინ, როდესაც მოქალაქეებმა მათი გაშველება სცადეს, ისინი შემთხვევის ადგილს გაეცალნენ და გინება შორიდან განაგრძეს.
„სადღაც 5-6 წამი ვხედავდი ადამიანები როგორ სცემდნენ ერთ ადამიანს, რომელიც უცბად აღმოვაჩინე, რომ იყო თქვენი ოპერატორი“, – უთხრა სამოქალაქო აქტივისტმა, ციალა ქათამიძემ „ტელეკომპანია პირველს“. სავარაუდო თავდასხმისას ოპერატორი პირდაპირ ეთერში სწორედ მის ჩასართავად ემზადებოდა.
არასამთავრობოების გამოხმაურება
ბათუმის ინციდენტს მედიის უფლებებზე მომუშავე გაერთიანება „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ გამოეხმაურა და ხელისუფლებას შეახსენა, რომ „ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში უსაფრთხო მედიაგარემოს შექმნა განსაკუთრებული ამოცანაა“.
„დღეს ხელისუფლება კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ჟურნალისტების პროფესიულ პატივისცემას და საჯაროდ აღიარებას. მთავრობის წევრებმა უნდა შეცვალონ ჟურნალისტების წინააღმდეგ დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა“, – განაცხადეს კოალიციაში.
კოალიციამ ასევე მოუწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურ, რომ სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების პირობებში შესაძლებელი გახდეს ჟურნალისტების დაცვა თავდასხმებისგან.
ასევე წაიკითხეთ:
- ზუგდიდში „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ
- ელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს თბილისში თავს დაესხნენ
- „ღირსების მარშის“ კონტრაქციის მონაწილეების მასობრივი თავდასხმა ჟურნალისტებზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)