ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის შეფასებას ეხმიანება
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ განცხადა, რომ ევროკომისიამ „ისტორიული გადაწყვეტილება“ მიიღო, რადგან პირველად გაჩნდა ჩანაწერი, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ.
17 ივნისს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიეცეს ევროპული პერსპექტივა, რაც გულისხმობს, რომ საქართველომ ჯერ რიგი პირობები უნდა დააკმაყოფილოს, რის შემდეგაც მას შეეძლება კანდიდატის სტატუსის მოპოვება. საგულისხმოა, რომ კომისიამ უკრაინისა და მოლდოვისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, იმ მოლოდინით, რომ ეს ორი ქვეყანა საჭირო რეფორმების გატარებას განაგრძობს.
„ახლა, როგორც კი დაამტკიცებს საბჭო აღნიშნულ რეკომენდაციებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, მაშინვე დავიწყებთ მუშაობას ბრიუსელთან“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ამ რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ისედაც იყო ჩვენს დღის წესრიგში ჩადებული, არის სხვა საკითხები, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ბრიუსელთან გავარკვევთ, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს“.
- კომისიის რეკომენდაცია საქართველოზე: ჯერ პირობების დაკმაყოფილება, შემდეგ კანდიდატის სტატუსი
- ევროკომისიის მოხსენებითი ბარათი: რეკომენდაციები საქართველოსთვის
- ოპოზიცია ევროკომისიის შეფასებას ეხმიანება
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ „მოქალაქეების უმეტესობას გარკვეული კითხვები დარჩა, თუ რატომ აღმოჩნდა უფრო მეტად წახალისებული მოლდოვა და უკრაინა“ და განმარტა, რომ „მოლდოვას და უკრაინას, აქვს აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით, ანუ მათაც ჩაუწერეს, რომ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით ევროკომისია, რომ მათ მიენიჭოთ სტატუსი, პერსპექტივა და ასევე სტატუსი“.
„ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც არის უმძიმეს ომში და მოლდოვასთვის, რომელიც არის ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაში“.
„უკრაინა უმძიმეს ვითარებაშია. ტერიტორიების 20% უკვე დაკარგული აქვს და ომი გრძელდება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ მოლდოვაც, რომელიც უკრაინის მოსაზღვრე ქვეყანაა, ასევე არის „ძალიან მძიმე მდგომარეობაში“, როგორც „ეკონომიკური, ასევე, უსაფრთხოების რისკების“ თვალსაზრისით.
„ჩვენი ევროპელი კოლეგები მეუბნებოდნენ და მეც ღიად ვთქვი, რომ უკრაინას აძლევენ ამ სტატუსს იმიტომ, რომ იგი არის ომში. რამდენიმე დღის წინ ევროპელი ლიდერები უკვე საჯაროდ ადასტურებენ ამ ფაქტს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში და ჩემთან პირად საუბრებში ასევე უთქვამთ, რომ მოლდოვაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში“ – განაცხადა მან.
„ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არც მოლდოვის. მინდა მივულოცო ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობარ ხალხს ეს წარმატება. მინდა მათ ვუსურვო მშვიდობა და ქვეყნის გაერთიანება“, – ხაზი გაუსვა პრემიერმა.
ასევე წაიკითხეთ:
- ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაზე კვლავაც საკამათო განცხადებებს აკეთებს
- ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება
- ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში მიმდინარე „ტრაგიკულ“ ომზე საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)