პროევროპულ მიტინგზე თბილისში ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა
„მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი“, ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას ცნობილი ფრაზის შეძახილებით გაემართა ასობით სტუდენტი ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისაკენ, სადაც რვა საათიდან პროევროპული აქცია მიმდინარეობს.
“ჩემი სურვილია, ახალგაზრდებს და არამარტო ახალგაზრდებს, გვქონდეს საშუალება, რომ ევროპაში მოხვდეს ჩვენი ქვეყანა და გვქონდეს ის შესაძლებლობები, რომლებიც ევროპის სხვა ქვეყნებს აქვთ. მთავრობა ხელს არ უნდა უწყობდეს, რომ დავრჩეთ იმ სიბნელეში, რომელიც რუსეთმა დაგვიტოვა და კომუნისტებისაგან შემოგვრჩა. დღეს ამას ვაპროტესტებ და მსურს, რომ მეც ევროპელი მერქვას“, განუცხადა ფილარმონიასთან აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ახალგაზრდამ რადიო თავისუფლების ქართულ ბიუროს.
პროევროპული აქციისათვის შესაერთებლად Facebook-ზე ერთი მეორის მიყოლებით შექმნეს ღონისძიებები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის, სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, ჯიპას, სეუს, საქართველოს უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტისა და სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა.
პარლამენტის წინ მრავალათასიანი აქცია სახელად „შინ ევროპისკენ“ ევროკავშირის საბჭოსგან 23-24 ივნისს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინის ფონზე მიმდინარეობს. აქცია სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერაა ორგანიზებული და მისი მიზანი ევროკავშირის ლიდერებისთვის „დასავლური ღირებულებებისადმი“ ქართველი ხალხის ერთგულების დემონსტრირებაა.
მანამდე, 17 ივნისს, ევროკომისიამ საბჭოს რეკომენდაციით მიმართა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ მიიღოს, რაც იგი მთელ რიგ პირობებსა და რეკომენდაციებს შეასრულებს, მათ შორის, მოახდენს ქვეყნის დეოლიგარქიზაციას და დაუბრუნდება 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებას.
დღევანდელ აქციაზე შეკრებილებს სიტყვით სამოქალაქო საზოგადოების, ასევე უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები მიმართავენ. ქართველ მომიტინგეებს ვიდეოთი მიმართეს ევროპარლამენტარებმა ლიეტუველმა რასა იუკნევიჩიენემ და ანდრიუს კუბილიუსმა, ჩეხმა მარკეტა გრეგოროვამ, პოლონელმა ანა ფოტიგამ.
21:00 სთ-ისთვის აქცია პარლამენტის შენობიდან მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გადაინაცვლებს, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.
თბილისის პარალელურად, დღეს აქციები გაიმართა რეგიონებშიც, მათ შორის, ბათუმში, ოზურგეთში, ქუთაისსა და ზუგდიდში. საქართველოს ევროპული მომავლისადმი მხარდაჭერა გამოხატეს უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმაც, ამ მიზნით აქციები გაიმართა გერმანიაში, ბელგიაში, ავსტრალიაშასა და ავსტრიაში.
ევროპული მომავლისადმი მხარდამჭერი აქცია ორგანიზატორებმა სიმბოლურად 2019 წლის 20 ივნისის ასევე ანტი-საოკუპაციო აქციის თარიღს დაამთხვიეს, რა დროსაც სამართალდამცველებმა დემონსტრანტები რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი აირის გამოყენებით დაშალეს. მაშინ მრავალათასიანი სპონტანური პროტესტი პარლამენტში რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის სტუმრობასა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოჰყვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)