შარლ მიშელის მოსაწვევი მიმართვა ევროპის კავშირის წევრებს
ძვირფასო კოლეგებო,
ევროპაში ომის დაბრუნებასთან ერთად, ჩვენ უპრეცედენტო ნაბიჯები გადავდგით ევროპის კავშირის გეოპოლიტიკური გავლენის წარმოსაჩენად. ახლა ჩვენ შემდეგი ნაბიჯები უნდა გადავდგათ ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად. სწორედ ეს იქნება 23-24 ივნის ევროპული საბჭოს შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი.
მოვიდა დრო ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროპის კავშირშია. მე შემოგთავაზებთ უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭოთ კანდიდატი სახელმწიფოების სტატუსი. პარალელურად, ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის ქმედით მხარდაჭერას ჰუმანიტარულ, სამხედრო, ეკონომიკურ და ფინანსურ სფეროებში.
დასავლეთ ბალკანეთი მნიშვნელოვანია ევროპის კავშირისათვის, ხოლო ევროპის კავშირი მნიშვნელოვანია ბალკანეთისთვის. ჩვენ ახალი ენერგია უნდა შევძინოთ გაფართოების პროცესს და წინ წავწიოთ ჩვენი დასავლეთ ბალკანელი პარტნიორების ინტეგრაციის პროცესი. ჩვენ მათ ევროპული საბჭოს ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე შევხვდებით.
წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის ფარგლებში დამყარებული მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა ევროკავშირის ის ღირებულებებია, რომლებსაც სხვა ევროპელი პარტნიორებიც იზიარებენ. წარმოდგენილია ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის შექმნის იდეა, რომელიც პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებას მოემსახურება. ჩვენ სტრატეგიულ დისკუსიას გავმართავთ იმის შესახებ, თუ როგორ გავაძლიეროთ ურთიერთობები იმ საკითხებზე სათანამშრომლოდ, რომლებიც საერთო ინტერესის საგანია.
ომის შედეგები ჩვენი რეგიონის მიღმაც იგრძნობა. რუსეთი იარაღად იყენებს საკვები პროდუქტების მიწოდებას, იპარავს მარცვლეულს, პორტების ბლოკადას ეწევა და უკრაინის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ბრძოლის ველად აქცევს. ეს ბევრ ქვეყანას მძიმედ აწვება, განსაკუთრებით აფრიკაში, სადაც შიმშილის, პოლიტიკური და სოციალური არასტაბილურობის რეალური რისკები იქმნება. მარცვლეულის საერთაშორისო ბაზარზე მიწოდების უზრუნველსაყოფად უკრაინისადმი ჩვენი უკვე მიმდინარე დახმარების კვალობაზე, განვიხილავთ იმ დამატებით ნაბიჯებსაც, რაც ამ პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარება.
ევროპის მომავლის შესახებ გამართულმა კონფერენციამ ჩვენი კავშირის მუშაობის გაუსაუმჯობესებლად ევროპის მოქალაქეების წინადადებები შეაგროვა. აუცილებელია ამ წინადადებებს საკადრისი მსვლელობა მიეცეს.
არსებული ვითარება ასევე მოითხოვს ღრმა დისკუსიას ევროს ზონის უმაღლესი დონის შეხვედრაზე, რომელსაც ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე და ევროჯგუფის თავმჯდომარეც დაესწრებიან. უნდა გადავწყვიტოთ, რა ნაბიჯები გადავდგათ საბანკო კავშირისა და კაპიტალის ბაზრების კავშირის შესაქმნელად.
ჩვენ ხუთშაბათს, 23 ივნისს დავიწყებთ მუშაობას 9 საათსა და 30 წუთზე, დასავლეთ ბალკანეთის ლიდერებთან შეხვედრით. შემდეგ მუშაობა გაგრძელდება 15 საათზე, ევროპული საბჭოს ოფიციალური სხდომით, რომელიც ევროპული პარლამენტის თავმჯდომარესთან მოსაზრებების ტრადიციული გაცვლა-გამოცვლით გაიხსნება.
მოუთმენლად ველი ბრიუსელში თქვენთან შეხვედრას.
This post is also available in: Русский (რუსული)