ჟურნალისტის თქმით, „ჯორჯიან თაიმსიდან“ კრიტიკული კითხვების გამო გაუშვეს

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ტელევიზია GTTV-ის საინფორმაციო გადაცემა „სტრიმის“ აწ უკვე ყოფილი წამყვანი, მიხეილ (მიშიკო) გოგილავა ამბობს, რომ სამსახურიდან ქართული ოცნების მხარდამჭერი რეჟისორის, გოგა ხაინდრავასთვის დასმული კრიტიკული კითხვების გამო გაუშვეს.

„გოგა ხაინდრავა რომ თავისუფლებას არ უდრის ეს ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ თუ კრიტიკული კითხვების დასმა სამსახურის დაკარგვას უდრიდა არ წარმომედგინა“, – დაწერა მან 14 ივნისს Facebook-ზე.

რა მოხდა „ჯორჯიან თაიმსის“ სტუდიაში?

13 ივნისის გადაცემაში ვიდეოფორმატით სტუმრობისას, გოგილავამ გოგა ხაინდრავას ჰკითხა, მისი შეფასება, რომ „საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არაფერს ნიშნავს და არც დიდ აჟიოტაჟს იმსახურებს“, ხომ არ არის იმ ქვეყნისა და ხალხის შეურაცხყოფა, რომელთაც ომი გამოიარეს და ევროპული გზისკენ უწყვეტი სვლისთვის სიცოცხლე გაწირეს?

იგი რესპონდენტისგან იმითაც დაინტერესდა, „ხომ არ ცდილობს ხელისუფლება ევროპარლამენტარებზე და უკრაინის მაღალჩინოსნებზე თავდასხმით, ქართველი ხალხის უმრავლესობაში ევროპული არჩევანი მცირე ნაწილის ახირებად წარმოაჩინოს?“.

შეკითხვებით გაღიზიანებულმა გოგა ხაინდრავამ წამყვანს საპასუხოდ ჰკითხა, ხომ არ იყო იგი ნაციონალური მოძრაობის წევრი ან „ლაკა [ელენე] ხოშტარიას თანამებრძოლი“ რადგანაც სწორედ მათ „ნარატივში“ იჯდა.

„ნაციონალური მოძრაობის წვერი ყოფილხარ, კარგად იყავი“, – უთხრა მან ჟურნალისტს რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ და სტუდიასთან კავშირი გაწყვიტა.

„ტელეკომპანია პირველთან“ საუბარში გოგილავამ თქვა, რომ გადაცემის დასრულების შემდეგ, მას ხელმძღვანელებმა უყვირეს და უთხრეს, რომ იგი ეთერიდან გაურკვეველი დროით იყო „ჩახსნილი“.

„მეგონა, რომ დამოუკიდებელ მედიაში ვმუშაობდი, რაზეც სრულიად გასაოცარი იყო პასუხი [ჰოლდინგის] ერთ-ერთი თანამფლობელის, რომ ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ დამოუკიდებელი მედია ვართ“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, კიდევ ერთმა თანამფლობელმა მას ისიც უთხრა, რომ თუკი ასეთი კითხვების დასმა სურდა, მაშინ საკუთარი ტელევიზია უნდა გაეხსნა.

„ჯორჯიან თაიმსის“ პასუხი

წამყვანზე რაიმე ტიპის ზეწოლა უარყვეს „ჯორჯიან ტაიმსში“ და განაცხადეს, რომ ხაინდრავასთან გოგილავამ გადაცემა „სტრიმი“ ხაინდრავასთან ეთერის მეორე დღესაც წაიყვანა, რის შემდეგაც წასვლის შესახებ გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით მიიღო.

„ჩვენ მისი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუქზე, მის მიერ გავრცელებული პოსტით შევიტყეთ, რადგან პირადი ნივთები მას რედაქციაში დღემდე აქვს დატოვებული“, – ნათქვამია ჰოლდინგის მიერ 15 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

ჰოლდინგში ასევე განმარტეს, რომ წამყვანს კრიტიკული შეკითხვების გამო შენიშვნაც არ მიუღია და „მეტიც, ერთ-ერთი, ასევე კრიტიკული კითხვის იდეა, [მას] საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმაც მიაწოდა“.


მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“: აერთიანებს სამენოვან (ქართულ, ინგლისურ და რუსულ) ვებსაიტს gtimes.ge; საინფორმაციო სააგენტოს Gtmedia.ge; ყოველკვირეულ ინგლისურენოვან გაზეთს The Georgian Times,; რადიომაუწყებლობას GT Radio (gtradio.ge); ტელევიზიას Gttv (gttv.ge); გამომცემლობას „ჯორჯიან თაიმსი“; პიარსააგენტოს – „G.T. PR“; სარეკლამო სააგენტოებს – Gt advert და Gt design; ააიპ-ს „სტრატეგიული კვლევებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი – აზრი“.

საჯარო რეესტრის ბოლო, 2021 წლის 17 სექტემბრის ამონაწერის მიხედვით, ჰოლდინგის 100%-იანი მფლობელი მალხაზ გულაშვილია, დირექტორი კი – კახა მასხარაშვილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)