მმართველი გუნდის გამოხმაურებები 20 ივნისის მასშტაბურ აქციაზე
20 ივნისს, პარლამენტის წინ გამართული მასშტაბური პროევროპული დემონსტრაციის შემდეგ, მმართველი გუნდის წევრებმა შეცვალეს მანამდელი გზავნილები, რომ აქციის უკან „ომის პარტია“ ნაციონალური მოძრაობა იდგა და რომ ისინი ამით ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების შესახებ ევროკომისიის მიერ 17 ივნისს გაცემულ პირველივე რეკომენდაციას არღვევდნენ. თუმცა, მმართველი გუნდის უმრავლესობის წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ გუშინდელ შეკრებაზე საზოგადოების ის ნაწილიც გამოვიდა, რომელსაც „უნდა ევროპა“, მათ შორის, ქართული ოცნების ამომრჩეველი.
„ამ შეკრებაზე გამოვიდა საზოგადოება, რომელსაც უნდა ევროპა“, – განაცხადა გუშინდელი აქციის შეფასებისას ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ „ევროპა უნდა ბევრად მეტს, ვიდრე, თუნდაც გუშინ იყო გამოსული… [და] ეს არის საქართველოს მოსახლეობის 85%“.
- ფოტოამბავი: მასშტაბური პროევროპული აქცია თბილისში
- ევროპული მომავლის დასაცავად თბილისში ათიათასობით მოქალაქე შეიკრიბა
გუშინდელი ნათქვამი, რომ აქცია ნაციონალური მოძრაობის მიერ იყო ორგანიზებული, დღეს დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ „მე არ ვამბობ იმას, რომ აქციაზე მყოფი ადამიანები იყვნენ ნაციონალები“.
„ნაცების მიერ ორგანიზებულ აქციაზე“ რომ ბევრი „არანაცი“ და „ევროპული იდეის მომხრე“ ადამიანი მივიდა, ეს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემაც აღნიშნა. „დღეს უკვე აღარ გაგიკვირდებათ და ჩვენი მომხრეებისგანაც აღმოჩნდა შემდგარი აქცია, რომლებისთვისაც მთავარი მიზანი იყო დაფიქსირებული ევროპის მიმართ მხარდაჭერა“, – განმარტა მანვე.
გუშინდელ აქციაზე რომ მხოლოდ ის ადამიანები არ მივიდნენ, რომელთაც „მთავრობის ჩამოგდება“ და რევოლუცია სურთ, ვიცე-პრემიერმა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც თქვა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ იქ საზოგადოების ის ნაწილიც იყო, რომელიც „გულწრფელად“ მიისწრაფვის ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ.
- პროევროპული აქციის ორგანიზატორებმა ევროკავშირის საბჭოს მიმართეს
- პროევროპულ მიტინგზე თბილისში ათი ათასობით მოქალაქე გამოვიდა
ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ასევე გაიმეორა, რომ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორები ნაციონალური მოძრაობასთან აფილირებული ადამიანები იყვნენ, თუმცა მისულთა შორის მისი მეგობრებიც იყვნენ, რომლებიც მხარს მმართველ პარტიას უჭერენ.
„გუშინდელი აქცია, ნაციონალური მოძრაობის და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების მიერ იყო დაორგანიზებული, მაგრამ აქციამ დაგვანახა, რომ საქართველოში არის უამრავი ადამიანი, რომელსაც გულწრფელად უნდა ევროკავშირის წევრობა, სტატუსის მიღება და ეს არის მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა.
„მე რა შეხედულებაც მქონდა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის მიმართული ევროპასთან ინტეგრაციისკენ, ამ აქციამ იგივე პოზიციაზე დამტოვა, საბედნიეროდ“, – თქვა მმართველი გუნდის კიდევ ერთმა დეპუტატმა, დავით სერგეენკომ.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)