„ტვ პირველის“ ოპერატორზე თავდასხმის საქმეზე 2 პირი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 21 ივნისს განაცხადა, რომ ბათუმში, ტელეკომპანია პირველის ოპერატორ მურმან ზოიძეზე ძალადობის საქმეზე 2 პირი დააკავეს.

სამსახურის ცნობით, დაკავებულების მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღიძრა, რაც პროფესიული საქმიანობის ნიშნით დევნას გულისხმობს და სასჯელის მაქსიმალურ ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

თავდაპირველად, საქმეზე გამოძიება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2022 წლის 18 ივნისის 23:15 სთ-ზე ქალაქ ბათუმში, 6 მაისის პარკის ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა მურმან ზოიძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.


„ტელეკომპანია პირველმა“ 19 ივნისს, გვიან ღამით განაცხადა, რომ მათ ოპერატორს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას თავს ხუთამდე პირი დაესხა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონულმა წარმომადგენელმა, მალხაზ ჭკადუამ, რომელიც ინციდენტს შეესწრო „ტელეკომპანია პირველთან“ საუბარში თქვა, რომ ოპერატორი, რომელსაც თან შვილები ახლდა, რესპონდენტს პირდაპირ ეთერში ჩართვისთვის ამზადებდა, რა დროსაც, პარკიდან ორი ახალგაზრდა მამაკაცი გამოვიდა და როდესაც გაარკვიეს, რომ ოპერატორი „ტვ პირველს“ წარმოადგენდა, მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი – სცემეს.

მისივე მონათხრობით, ამის შემდეგ, თავდამსხველებს კიდევ რამდენიმე ადამიანი დაემატა და უკვე მაშინ, როდესაც მოქალაქეებმა მათი გაშველება სცადეს, ისინი შემთხვევის ადგილს გაეცალნენ და გინება შორიდან განაგრძეს.

ბათუმის ინციდენტს მედიის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობოთა გაერთიანება, „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ხელისუფლება პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ჟურნალისტების პროფესიულ პატივისცემას“ და „მთავრობის წევრებმა უნდა შეცვალონ ჟურნალისტების წინააღმდეგ დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)