„ბორჯომის“ თანამშრომლებმა გაფიცვა დაასრულეს
მინერალური წყლების კომპანია „ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლებმა 21 ივნისს სამკვირიანი გაფიცვა შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც კომპანიის ხელმძღვანელობასთან მთავრობის შუამავლობით წარმართული ხელახალი მედიაციის პროცესი შეთანხმებით დასრულდა.
გაფიცვის შეწყვეტის შესახებ ცნობას წინ უსწრებდა „IDS Borjomi International-ის“ მიერ საქართველოს მთავრობისთვის აქციების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემა. გარიგების შედეგად, რუსმა ოლიგარქმა, მიხაილ ფრიდმანმა, რომელიც საერთაშორისო სანქციების სამიზნე აღმოჩნდა, კომპანიაში წილების საკონტროლო პაკეტი დაკარგა.
„IDS Borjomi საქართველოს“ დირექტორმა, მერაბ ახმეტელმა განაცხადა, რომ ბოლო დროს, აქციონერთა სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, „კომპანიას უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცა, რომ უფრო მეტად გაეზიარებინა დასაქმებულების პოზიცია. ორივე მხარემ გარკვეული საკითხები დათმო და საბოლოო ჯამში, მივაღწიეთ შეთანხმებას“.
სამცხე ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, რომელიც მედიაციის პროცესში იყო ჩართული, აღნიშნა, რომ „აბსოლუტურად ყველა საკითხზე შეჯერდა, როგორც ქარხნის ადმინისტრაცია, ასევე თანამშრომლები“. „შეიძლება ვთქვათ, რომ ხვალიდან, ზეგიდან უკვე ქარხანა დაიწყებს ფუნქციონირებას“, – დასძინა მანვე.
პროფესიული კავშირის „ლაბორის“ წარმომადგენელმა, გიორგი დიასამიძემ, რომელიც მედიაციის პროცესში „ბორჯომის“ 400-მდე გაფიცული თანამშრომლის ინტერესებს წარმოადგენდა, განაცხადა, რომ დამსაქმებლებმა „დათმეს ბევრი“ და დათმობები იყო დასაქმებულების მხრიდანაც. „საერთო ჯამში, ის შეთანხმება, რაც დღეს ფორმდება, ასახავს დასაქმებულთა[თვის პრობლემურ] საკითხებს“, – დასძინა მან.
ინტერნეტგამოცემა „ნეტაზეთი“ დიასამიძის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ „ბორჯომიდან“ გათავისუფლებულ 49-ვე თანამშრომელს დაბრუნება შესთავაზეს, თუმცა მათ, „ვისაც აღარ სურდა მუშაობა, მიიღეს 6-თვიანი კომპენსაციები“.
„ბორჯომის“ თანამშრომლები 31 მაისს მას შემდეგ გაიფიცნენ, რაც თავდაპირველი, 21-დღიანი მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა.
გაფიცულები რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული 49 თანამშრომლის აღდგენას, დაგვიანებული ხელფასების გადახდას, ასევე უვადო ხელშეკრულებების დადებას, კოლექტიური შეთანხმების გაფორმებას, შანტაჟის, მუქარისა და იძულების ფაქტების აღმოფხვრას მოითხოვდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)