ლიეტუვა რუსულ ტვირთებს აფერხებს
კალინინგრადის ექსკლავის ბედი
რა მოხდა?
18 ივნისიდან, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეხუთე პაკეტის ფარგლებში, ლიეტუვამ კალინინგრადში რუსეთის ფედერაციის დანარჩენი ტერიტორიიდან გარკვეული ტვირთების ტრანზიტი აკრძალა.
ავტორი: გიორგი ბილანიშვილი (Twitter: @bilanishviliG), მკვლევარი.
რატომაა ეს მნიშვნელოვანი?
- ევროკავშირი ზრდის წნეხს რუსეთზე და გარკვეული პრობლემების მიუხედავად, მაინც ინარჩუნებს ერთიანობას.
- ლიეტუვა ევროკავშირისა და ნატოს წევრობას იყენებს და ამ გაბედული ნაბიჯით ზრდის რუსული აგრესიის ფასს.
კალინინგრადი ბლოკადაშია?
არა. შეზღუდვა მართლაც ეხება კალინინგრადის ოლქს, რომელიც რუსეთის ფედერაციის ექსკლავს წარმოადგენს. მასთან ვაჭრობა შესაძლებელია ან სახმელეთო გზით, ბელარუსისა და ლიეტუვის გავლით, ანდა ბალტიის ზღვით.
აღსანიშნავია, ლიეტუვა მხოლოდ სარკინიგზო ტრანზიტს ზღუდავს და ამასთან, აკრძალვა მხოლოდ კონკრეტული სახეობის ტვირთებს შეეხო, როგორიცაა: ქვანახშირი, ლითონები, სამშენებლო მასალები და თანამედროვე ტექნოლოგიები.
კალინინგრადის გუბერნატორის შეფასებით, ამ გადაწყვეტილების შედეგად, რეგიონის იმპორტის დაახლოებით ნახევარი შეიზღუდა. სარკინიგზო ტრანზიტის ჩანაცვლების შესაძლებლობა არსებობს, რაც უკვე დაწყებულია კიდეც. კერძოდ, საუბარია სანქტ-პეტერბურგსა და კალინინგრადს შორის საბორნე გადაზიდვაზე, რომლის გაზრდაც ამ წლის ბოლომდე იგეგმება.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ კალინინგრადის ბლოკადაზე საუბარი სრულიად უადგილოა, რადგან იქ როგორც ადამიანების, ისე სხვა ტვირთების ტრანზიტი შეუფერხებლად ხორციელდება.
ლიეტუვა მარტო მოქმედებს?
არა, ოფიციალურ ვილნიუსს ეს ნაბიჯი დამოუკიდებლად არ გადაუდგამს. მან ტრანზიტზე შეზღუდვა ევროკომისიასთან კონსულტაციის შემდეგ აამოქმედა.
უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა, მხარი დაუჭირა ვილნიუსის ამ გადაწყვეტილებას და თქვა, რომ ლიეტუვა კანონიერად მოქმედებს, ახორციელებს რა ევროკავშირის სანქციებს.
როგორ ჯდება შეზღუდვა უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში?
კალინინგრადის მიმართულებით ტრანზიტის შეზღუდვა, როგორც ჩანს, რუსეთზე წნეხის გაძლიერების შეგნებული ნაბიჯია. ბორელს ამ თემაზე საუბრისას რუსეთის მიერ უკრაინული პორტების ბლოკადა და ამის გამო მსოფლიო ბაზარზე შექმნილი ხორბლის მიწოდების კრიზისი ტყუილად არ უხსენებია.
რუსეთის რეაქცია
მოსკოვი დაუყოვნებლივ მუქარაზე გადავიდა. 20 ივნისს რუსეთის ფედერაციაში ლიეტუვის დროებითი რწმუნებული ვირგინია უმბრანსენე საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და ტრანზიტზე დაწესებული შეზღუდვების სასწრაფოდ მოხსნა მოთხოვეს. ამასთან, თუკი ეს ასე არ მოხდება, მოსკოვმა საკუთარი “ეროვნული ინტერესების დასაცავად მოქმედების უფლება” დაიტოვა.
მომდევნო დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მარკუს ედერერი დაიბარეს. მოსკოვმა კიდევ ერთხელ გამოთქვა საკუთარი პროტესტი, მოითხოვა შეზღუდული ტრანზიტის აღდგენა და წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო ქმედებებით დაიმუქრა.
პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა სიტუაციას უპრეცედენტო უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლი საპასუხო ზომებზე იმუშავებს. თუმცა დააზუსტა, რომ ამას უწყებათაშორის ფორმატში, „ღრმა ანალიზის“ შედეგად, ერთიანი პოზიციის შემუშავება დაჭირდება.
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი, რომელი პუტინის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფუგურად ითვლება, კალინინგრადში პირადად ჩავიდა, და რუსეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში წამოჭრილ აქტუალურ საკითხებზე სხდომა გამართა. არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშს პატრუშევი უახლოეს მომავალში პუტინს წარუდგენს.
ლიეტუვაზე დამუქრების კონტექსტი
მოსკოვის მხრიდან მუქარა ლიეტუველებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ დეპუტატმა, სახელმწიფო სათათბიროში წარადგინა კანონპროექტი, რომელითაც საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საბჭოს მიერ ლიეტუვას დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე მიღებული დადგენილების გაუქმებას ითხოვს.
ჩანს, ლიეტუვის ტონის გამკაცრება ამ დემარშმაც დააჩქარა. სააგენტო Reuters-ის თანახმად, რომელმაც ლიტუვაში სასაზღვრო ზონის მაცხოვრებლები გამოკითხა, ადგილობრივი მოსახლეობა დამფრთხალი სულაც არ არის, რადგან მათ სჯერათ, რომ NATO-ს რუსული აგრესიის შეკავება შეუძლია, თუკი მოსკოვი საქმეზე გადასვლას გაბედავს.
ვილნიუსის მოკავშირეებთან შეთანხმებული ეს ნაბიჯი იმის დემონსტრირებასაც ემსახურება, რომ კრემლის მუქარა ხშირად ბლეფია. აშშ ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ-ის მტკიცედ დგას ლიატუვას გვერდით და ნატოს მე-5 მუხლიც ძალაშია, რომელიც ერთ რომელიმე წევრზე თავდასხმას ყველა წევრზე თავდასხმად მიიჩნევს.
რას უნდა ველოდეთ?
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია თანდათანობით რეგიონული პოლიტიკური და უსაფრთხოების კრიზისის ფორმას იღებს. აგრესიის გაგრძელების კვალობაზე, დასავლელი მოკავშირეები აღარ კმაყოფილდებიან მხოლოდ უკრაინის დახმარებსა და სანქციების კომბინაციით. უსაფრთხოების კონფიგურაცია და, შესაბამისად, რუსეთზე წნეხის ზრდის მეთოდებიც უფრო მრავალფეროვანი ხდება. ამ მხრივ, კალინინგრადი რუსეთის სუსტი წერტილია.
ლიეტუვის შემთხვევა, სავარადუდოდ, კიდევ ერთი მაგალითი გახდება, როცა რუსეთი იძულებული იქნება, უკან დაიხიოს. ამით ის ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების სურვილზე მოსკოვის რეაქციის ევოლუციას დაემსგავსება.
თუკი ჰელსინკისა და სტოკჰოლმის წინააღმდეგ თავიდან მოსკოვმა მკვახე მუქარა არ დაიშურა, როცა დასავლეთის ერთიანობა და წევრობის გარდაუვალობა ნათელი გახდა, პუტინმა თქვა, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება არანაირ უშუალო საფრთხეს არ ქმნის და თემაც დავიწყებაც მიეცა.
ჩანს, რუსეთ ამჯერადაც რაღაც სიმბოლურ ნაბიჯებს გადადგამს, შემდეგ კი ამოიღებს ტრანზიტის შეზღუდვის თემას საკუთარი საინფორმაციო მენიუდან. ჯერჯერობით, რუსეთის კმაყოფაზე მყოფი ექსპერტები დასავლეთის ქვეყნებში ლიეტუვის გაშავებას და თავგაცხელებულ რადიკალებად წარმოჩენას ცდილობენ.