ვენეციის კომისია საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს აკრიტიკებს
ვენეციის კომისიამ ქართული ოცნების დეპუტატების მიერ 2021 წლის დეკემბერში საერთო სასამართლოების შესახებ კანონში მიღებული ცვლილებები გააკრიტიკა, რომლებიც მოსამართლეთა გადაცდომებისთვის ახალ საფუძვლებს განსაზღვრავს და ასევე მოსამართლეთა ხელახალი წარდგინების, სხვა სასამართლოში მივლინებისა და დაქვეითების შეცვლილ წესებს ადგენს.
20 ივნისს გამოქვეყნებული მოსაზრება „სინანულს“ გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ ცვლილებების მიღება „გადაჭარბებული სისწრაფით განხორციელდა, აკლდა გამჭვირვალობა მოტივებისა და მიზნების თვალსაზრისით და ინკლუზიური და ეფექტიანი კონსულტაციების გარეშე განხორციელდა“.
მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ 2021 წლის დეკემბრის ცვლილებების „კომბინირებულმა ეფექტმა“, შესაძლოა, „მსუსხავი ეფექტი მოახდინოს მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლებასა და შიდა სასამართლო დამოუკიდებლობაზე“.
მოსამართლეთა ხელახალი წარდგინება
მოსამართლეთა ხელახალი წარდგინების თაობაზე ცვლილებებთან დაკავშირებით, კომისიამ განაცხადა, რომ ერთი შეხედვით, ეს წესი გონივრულად გამოიყურება. თუმცა, მისივე თქმით, ცვლილებაში არ ჩანს, პირველ ტურთან შედარებით, რა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლეობის კანდიდატი მეორე ტურის დროს.
კომისიის თქმით, ასევე „გაურკვეველია“ შეუძლია თუ არა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ის კანდიდატები დანიშნოს, რომელთაც შეფასებისას უფრო დაბალი ქულა მიიღეს, ვიდრე იმ კანდიდატებმა, რომელთაც პირველივე ტურში უთხრეს უარი. ამ შემთხვევაში, ეს წესი საშუალებას მისცემს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ გვერდი აუაროს კვალიფიკაციის პრინციპს და საფრთხე შეუქმნას მოსამართლეთა დამსახურების საფუძველზე არჩევის პრინციპს.
მოსამართლეთა სხვა სასამართლოში გადაყვანა, მივლინება
საერთო სასამართლოების შესახებ კანონის 37(1)-ე მუხლში ცვლილებები, რომელიც მოსამართლეთა სხვა სასამართლოში გადაყვანის წესს არეგულირებს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილებას ანიჭებს, რომ მოსამართლე სხვა სასამართლოში წილისყრის ან გეოგრაფიული შეზღუდვების გარეშე გადაიყვანოს, როგორც ეს ადრე იყო. ვენეციის კომისიის თანახმად, ეს საშუალებას აძლევს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს „თავისუფლად აირჩიოს მოსამართლეები, რომლებიც მათი ნების საწინააღმდეგოდ მივლინებულნი იქნებიან სასამართლოში საქართველოს მასშტაბით“.
ვენეციის კომისიამ „ცალსახად არათანაზომიერ“ ქმედებად შეაფასა ოთხ წლამდე ვადით და მოსამართლის თანხმობის გარეშე ამ უკანასკნელის სხვა სასამართლოში მივლინება.
კომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეთა შეუცვლელობა ნორმას არ წარმოადგენს, ზოგადად, მოსამართლეთა გადაყვანა მათი თანხმობის გარეშე მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები, როგორც ეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერაა აღიარებული. მან ასევე განაცხადა, რომ მოსამართლეთა შეუცვლელობა მათ დამოუკიდებლობასთან მიმართებით ასევე ხაზგასმულია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებებში.
„რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეიძლება გამართლდეს ცვლილება არაშემთხვევითი პრინციპით შერჩევის პროცედურაში, ყოველგვარი გეოგრაფიული შეზღუდვის გარეშე“, – განაცხადა კომისიამ.
კომისიის თქმით, მთავრობის მიერ ამ კუთხით წარმოდგენილი არგუმენტები არ არის „სანდო“ და კონკრეტული მონაკვეთები, შესაძლოა, შეფასდეს როგორც „ძალიან ბუნდოვანი და არამკაფიო“.
კრიტიკულ მოსაზრებაში ასევე ნათქვამია, რომ ცვლილებებით „მნიშვნელოვნად იზრდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება მოსამართლეებზე და მოსამართლის მიერ უფლებამოსილების შესრულების უსაფრთხოებაში სერიოზულ ჩარევად შესაძლოა შეფასდეს“.
„მაშინ როდესაც 37(1)-ე მუხლში შეტანილი ცვლილებები თავისთავად პრობლემურია, ისინი განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც ისინი გაკეთდა. ყველა ის პირი, ვისაც ვენეციის კომისიის დელეგაცია შეხვდა, ამტკიცებდა, რომ 2021 წლის ცვლილებების ნამდვილი მიზანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის მოსამართლეთა კონტროლისა და გაჩუმების უფლებამოსილების მინიჭება იყო“.
მოსამართლეთა აცილება სასამართლო პროცესიდან
რაც შეეხება ცვლილებებს, რომლებიც არეგულირებს მოსამართლეთა სასამართლო პროცესიდან აცილებას, კომისიამ აღნიშნა, რომ ცვლილებები, როგორც ჩანს, დამატებით გარანტიებს ითვალისწინებს.
მაგრამ მან ასევე აღნიშნა, რომ გაუგებარია, რა იგულისხმება „შრომის დისციპლინის დარღვევის გაგრძელებაში“ და დასძინა, რომ ამ ტიპის კრიტერიუმი ისეთი მკაცრი ქმედებისთვის, როგორიც აცილებაა, „ძალიან ბუნდოვანია“.
კომისიის თქმით, თანაზომიერების პრინციპის პატივისცემა „ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია“.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადები, დისციპლინარული გადაცდომა
ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ განმარტებითი ბარათი არ იძლევა რაიმე კონკრეტულ დასაბუთებას 47-ე მუხლის მე-12 პუნქტის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომლითაც უქმდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ზედიზედ ორჯერ არჩევის აკრძალვაც.
ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოზე (CCJE) დაყრდნობით, მან განაცხადა, რომ „სრულ განაკვეთზე წევრების ხელახალი არჩევა თავიდან უნდა იქნას აცილებული უფრო ხანგრძლივი ფიქსირებული ვადების სასარგებლოდ, რაც დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს“.
აღნიშნა რა, რომ „მოსამართლის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით აზრის გამოხატვის“ შესახებ ჩანაწერი დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს, კომისიამ ხაზი გაუსვა, რომ მოსამართლეს აქვს სიტყვის თავისუფლების უფლება.
კომისიამ განაცხადა, რომ მოსამართლის უფლება და მოვალეობა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ იმას გულისხმობს, რომ მისი გამოხატვის თავისუფლება და პოლიტიკური გაერთიანების უფლება შეიძლება ლეგიტიმურად შეიზღუდოს და დასძინა, რომ მოსამართლეებს სრულად არ უნდა აეკრძალოთ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა, მათი სამსახურებრივი მოვალეობების მიღმა.
„მოსამართლეთა მიუკერძოებლობის რეგულირებისას, ბალანსი უნდა იყოს დაცული გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებასა და სახელმწიფოს ლეგიტიმურ ინტერესებს შორის, რათა უზრუნველყოფილ იქნას მიუკერძოებელი და არაპოლიტიკური სასამართლო სისტემა“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის მოსაზრებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- ვენეციის კომისია სასამართლოებზე კანონში ცვლილებებს მიესალმება და რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს
- ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა საარჩევნო ცვლილებების პროექტზე მეორე ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)