პარლამენტში პრემიერის წლიური ანგარიშის მოსმენამ ხმაურის ფონზე ჩაიარა
დღეს, პარლამენტში, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის მოსმენა ხმაურის ფონზე წარიმართა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ირაკლი ღარიბაშვილს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს. პრემიერის განაცხადებებზე ოპონენტთა კრიტიკულ რეპლიკებზე პასუხად, ღარიბაშვილმა მათ წამლის მიღება და ექიმის გამოძახება არაერთხელ შესთავაზა. „ყველა სამკურნალოა“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მათი მისამართით.
„ნუ ყვირიხარ“, „არაფრის მაქნისი ხარ“, „საცოდავი ადამიანი ხარ ჩვეულებრივი“, „,მანიაკების მხარდამჭერი ხარ“, „დაწყნარდი, შენ, ჩუმად იყავი“, „მიბრძანდი გარეთ“, „საცოდავები ხართ, საცოდავები“, „მიდი და გამოექანე“, „შენ ჩაგაბარებ ანგარიშს, არარაობა ხარ ჩვეულებრივი“, „ეს წასაყვანია საავადმყოფოში“, „თქვენ წარმოადგენთ მოღალატეების პარტიას [ენმ-ს გულისხმობს]“, – ასე მიმართავდა პრემიერი ოპოზიციონერ დეპუტატებს. ვითარების განმუხტვას პარლამენტის სპიკერი, შალვა პაპუაშვილი მანდატურების სამსახურის დახმარებით ცდილობდა.
დეპუტატების წინაშე დაახლოებით საათანახევრიანი სიტყვის ძირითადი ნაწილი პრემიერმა სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს მოწინავე პოზიციებზე საუბარსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში უარყოფითი როლის გამო ოპონენტების კრიტიკას დაუთმო.
კანდიდატის სტატუსი და „დაუმსახურებელი“ უარი საქართველოს
წლიური ანგარიშის წარდგენისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა მმართველი გუნდის მთავარ მიღწევად ევროკომისიის მიერ მიღებული „ისტორიული გადაწყვეტილება“ და საქართველოსთვის დიდი ხნის „ნანატრი“ ევროპული პერსპექტივის მინიჭება დაასახელა.
ამის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, უკრაინასთან და მოლდოვასთან და შედარებით და თქვა, რომ „გაკეთებული საქმის მიხედვით“ ასოცირებული ტრიოდან კანდიდატის სტატუსს სწორედ საქართველო იმსახურებს.
თუმცა, მისი შეფასებით, „სამწუხაროდ“, ევროპელი ლიდერებისგან დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება ვერ ვიხილეთ, რაც „ძალიან გულდასაწყვეტია“. „[თუმცა] ყველაზე მთავარი მიღწევა არის ის, რომ ევროპამ საქართველოს გაუღო კარი“.
ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაცია საომარი მდგომარეობის გამო მისცეს, რაც პრემიერის თქმით, მას ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა „პირადად“ უთხრეს. რაც შეეხება მოლდოვას, პრემიერის განმარტებით, უკრაინასთან საერთო საზღვრის გამო, ისიც „ომთან გათანაბრებულ მდგომარებაშია აღქმული“.
პრემიერმა ღარიბაშვილმა წლების განმავლობაში ქართველი სამხედროების მიერ სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში გაწეული ღვაწლიც გაიხსენა და იკითხა – „ამ ყველაფრის მიუხედავად თურმე საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არ არის დღეს საქართველოში?“.
პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის შესახებ გადაწყვეტილება ემოციურად „გულდასაწყვეტია“ ჩვენ ამ პროცესს „ძალიან მშვიდად“ უნდა შევხვდეთ.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, საბოლოო, 23-24 ივნისის გადაწყვეტილებას დაელოდება, რის შემდეგაც მზად არის, რომ გააგრძელოს ყველა ის რეფორმა, რომლის დიდი ნაწილიც „ისედაც იყო გათვალისწინებული ასოცირების დღის წესრიგში“.
ოპოზიცია, როგორც კანდიდატის სტატუსი მიღებაში ხელშემშლელი რგოლი
ირაკლი ღარიბაშვილმა კანდიდატის სტატუსი მიღების პროცესში თავისი უარყოფითი როლისთვის ოპოზიციაც გააკრიტიკა და თქვა, რომ ხელისუფლების ოპონენტები ევროპარლამენტარებს სთხოვდნენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ.
ამის მაგალითებად მან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და პარტია ლელოს დეპუტატი, სალომე სამადაშვილი დაასახელა. „იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს“ – თქვა პრემიერმა ამ უკანასკნელზე.
ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებული კრიტიკული რეზოლუციაც დაასახელა და თქვა, რომ ევროპის სახალხო პარტიამ, ნაციონალური მოძრაობის რეკომენდაციებით „მოამზადა ყველაზე სამარცხვინო ტექსტი, უსამართლობის ზეიმი პირდაპირ“.
“[ეს] არის მტკიცებულება იმისა, რომ ამ ადამიანებს [ოპოზიციას] არ სურდათ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო“.
უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ რუსეთის მიერ ომის დაწყების პირველივე დღიდან საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა უკრაინაში.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველო ხელმომწერია უკრაინის მხარდამჭერი ყველა პოლიტიკური, ჰუმანიტარული, თუ სოლიდარობის დოკუმენტისა და ჯამში, ქვეყანას 260 რეზოლუციაზე „აქვს თანხმობა მიცემული“.
რაც შეეხება რუსეთისთვის ორმხრივი ეკონომიკური სანქციების დაწესებას, პრემიერმა ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ რუსეთთან გვაქვს ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობები“ და ეს ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილზე უარყოფითად აისახებოდა.
„დეოლიგარქიზაცია“
სიტყვის დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილი „დეოლგარქიზაციის“ შესახებ ევროკომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ საქართველოს „მსგავსი პრობლემა არ აქვს“ და „ეს უკრაინას უფრო ეხება ვიდრე ჩვენ“.
თუმცა, მანვე ოლიგარქობის მსურველი პოლიტიკოსების ერთ-ერთ მაგალითად „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი და პარტია ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე დაასახელა.
პრემიერმა ამავე კონტექსტში მოიხსენია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახი, ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი.
რაც შეეხება ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილის „ოლიგარქობის“ თაობაზე ოპოზიციონერი დეპუტატების რეპლიკას, პრემიერმა ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ივანიშვილი „არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს“.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი რომ არ მოსულიყო, ოპოზიცია დღეს საქართველოში „,მარიუპოლს“ გაიმეორებდა, „გაწირავდა“ ხალხს და ქვეყანას და „დაანგრევდა“ და „გაყიდდა“ საქართველოს.
დეპუტატების კითხვები პრემიერს
სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებმა ირაკლი ღარიბაშვილს კითხვებით მიმართეს და მისი გამოსვლა შეაფასეს. პრემიერმინისტრის გამოსვლით კმაყოფილები დარჩნენ მმართველი პარტიის დეპუტატები და მას „საინტერესო მოხსენებისთვის“ მადლობა გადაუხადეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა „ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხისგან მადლობა „ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“ გამოვლენილი „სიმტკიცისა“ და „თმენისთვისაც“ დაიმსახურა. „სულ ოდნავ პოპულისტი პრემიერი რომ გვყოლოდა, ჩვენი მოსახლეობა ძალიან ცუდ დღეში იქნებოდა“, – აღნიშნა მანვე.
მმართველი პარტიის დეპუტატები პრემიერთან ძირითადად ზოგადი შინაარსის კითხვებით შემოიფარგლნენ. მაგალითად, დეპუტატმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, თუ რა იქნება პრემიერის გზავნილები ნატოს მოახლოებულ სამიტზე და რა მოლოდინები აქვს მას.
„როდიდან შევძლებთ პარლამენტი და მთავრობა ერთად დასხდომას და იმ რეკომენდაციებზე მუშაობას, იმისთვის, რომ იანვარში საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, – ჰკითხა მმართველი პარტიის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ირაკლი ღარიბაშვილს.
„ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, ეკა სეფაშვილი იმით დაინტერესდა, თუ როგორია სამთავრობო გუნდის მოლოდინები და გეგმები „ეკონომიკის ზრდის დინამიკის შენარჩუნების თვალსაზრისით“. მედიკამენტების გაიაფების შესახებ რეფორმის პროცესით დაინტერესდა, რიმა ბერაძე. ირაკლი მეზურნიშვილს კი – ენერგიის ალტერნატიული წყაროებზე მუშაობაზე ჰქონდა კითხვა.
პრემიერმინისტრის მიმართ კრიტიკული იყო ოპოზიცია. „დღეს ღარიბაშვილმა საზოგადოებას აჩვენა რომ ის, არაფრის შესრულებას არ აპირებს“, – თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა და დასძინა, რომ „ეს არ იყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის გამოსვლა პარლამენტში… ეს კაცი [ირაკლი ღარიბაშვილი] მოვიდა ბოღმის ნიაღვრით… თავის თავში გაყეყეჩებული, ბიძინა ივანიშვილის მოურავი“.
„არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებთ, რაც ამ ქვეყანაში ხდება“, – უთხრა ირაკლი ღარიბაშვილს ლელოს დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა. „დღეს აშკარა გახდა ჩემთვის თქვენ, პერსონალურად, რატომ გაქვთ პანიკური შიში, რომ საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი, იმიტომ, რომ ევროკავშირის სახელმწიფოში „რაც გინდა ის დაუძახე“ ვერასდროს გახდება პრემიერი“.
„საოცრად მძიმე იყო ემოციურად თავის შეკავება, როდესაც თქვენ გისმენდით, როგორი უადგილო, იაფფასიანი, ყავლგასული იყო ყველა ის არგუმენტი, რასაც ვისმენთ თქვენი მხრიდან“, – ამ სიტყვებით მიმართა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერს, „სად არის აქ, ქართველი ხალხი, საქართველოს ეროვნული ინტერესები? თქვენს გამოსვლაში სად არის ჩვენი ევროპული მისწრაფებები“.
ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ორი დღით ადრე, „ზიზღით“ ლაპარაკისთვის უსაყვედურა ირაკლი ღარიბაშვილს პარტია მოქალაქეების დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა. მანვე პრემიერს, ერთი „თვითკრიტიკული“ საკითხის დასახელებაც სთხოვა, რის გამოც სტატუსზე „უარი გვითხრეს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)