ევროპარლამენტში უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს კანდიდატის სტატუსზე დებატები გაიმართა
ევროპარლამენტარებმა გუშინ უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე დებატები გამართეს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტარების წინაშე გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თავისი განაცხადებით, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო გვეუბნებიან, რომ მათ სურთ ცვლილება, მათ სურთ მეტი დემოკრატია, მათ სურთ მეტი თავისუფლება და უფრო ძლიერი რეფორმები“.
„ისინი გვეუბნებიან, რომ მათ ევროპა სურთ. ჩვენ მათ წინაშე პასუხისმგებლობა გვაკისრია, მაგრამ საკუთარი თავის წინაშეც ვართ პასუხისმგებელნი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ“.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს უკრაინის და მოლდოვის მსგავსი მისწრაფებები და პოტენციალი აქვს და საქართველოს განაცხადს ძლიერი მხარეებიც აქვს, კერძოდ საბაზრო ორიენტაციისა და ძლიერი კერძო სექტორის თვალსაზრისით.
- კომისიის რეკომენდაცია საქართველოზე: ჯერ პირობების დაკმაყოფილება, შემდეგ კანდიდატის სტატუსი
- ევროკომისიის მოხსენებითი ბარათი: რეკომენდაციები საქართველოსთვის
თუმცა, მისივე თქმით, წარმატების მისაღწევად „ქვეყანა პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს და სტრუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ მკაფიო გზა გაიკვლიოს, გზა, რომელიც კონკრეტულად დასახავს საჭირო რეფორმებს, ჩართავს სამოქალაქო საზოგადოებას და ფართო პოლიტიკური მხარდაჭერით ისარგებლებს“.
„სწორედ ამიტომ ვურჩევთ საბჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭოს და კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე, მივუბრუნდეთ და შევაფასოთ, როგორ ასრულებს ქვეყანა რიგ პირობებს“.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის, თუ რამდენად შორს და სწრაფად წაიწევენ წინ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო „უპირველეს ყოვლისა, მათ ქმედებებსა და პროგრესზე იქნება დამოკიდებული. ეს დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომაა“. „ხოლო ის, თუ როგორ ვუპასუხებთ ჩვენ მათ სწრაფვას და პროგრესს, მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია“.
ევროპარლამენტარების განცხადებები
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე მიესალმა 20 ივნისს გამართულ „ყველაზე მასშტაბურ დემონსტრაციას თანამედროვე საქართველოს ისტორიაში“ და ხაზი გაუსვა, რომ „ხალხმა სიგნალი გამოგვიგზავნა თბილისიდან, რომ მათ გადაწყვეტილი აქვთ ევროპის გზას დაადგნენ და მე ძალიან მკაფიოდ ვამბობ – ჩვენ თქვენთან ვართ, ქართველებო“.
თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის უფრო ხელსაყრელი არ გამხდარიყო“. მან მოუწოდა ქართველ პოლიტიკოსებს, როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ოპოზიციიდან, რომ „გამონახონ ძალა ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის“.
რასა იუკნევიჩიენემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას პატიმრობიდან გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა „ცხოვრების ევროპული სტილისკენ“.
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა მოუწოდა „ევროპელ ლიდერებს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ და ხვალინდელი ევროპა ისე ჩამოაყალიბონ, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, ასევე უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოსაც ჰქონდეთ იქ ადგილი“.
მისი თქმით, მსოფლიო ევროპის ისტორიაში ისეთი ცვლილების წინაშე დგას, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება, მაშინ, როდესაც უკრაინა ქვეყანაში რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ იბრძვის.
ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა უკრაინისა და მოლდოვის მიერ გაწეულ მსხვერპლზეც ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო „პირველი იყო რეგიონში, რომელიც რუსეთმა ევროპელად გახდომის ლეგიტიმური სურვილის გამო დასაჯა“.
ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა განაცხადა, რომ რუსულ აგრესიასთან გამკლავების რეალისტური გზა არის უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს „სრული ინტეგრაცია“ ევროპის ეკონომიკურ და უსაფრთხოების სტრუქტურებში.
მან აღიარა, რომ მართალია, ამ სამი ქვეყნიდან დღეს არცერთია მზად ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის, „ჩვენი მკაფიო და გულწრფელნი უნდა ვიყოთ საბოლოო მიზანთან დაკავშირებით, რასაც წევრობა წარმოადგენს“.
სვენ მიკსერმა ხაზი გაუსვა, რომ მაშინ, როდესაც თითოეული ქვეყანა მისი დამსახურების მიხედვით უნდა შეფასდეს, „სამი აღმოსავლელი პარტნიორის გახლეჩისა და შედეგად, ერთის ან ორის უფრო მოწყვლადად დატოვების საფრთხე“ არ უნდა იქნას უგულებელყოფილი, რადგანაც „სამივე ერი იმსახურებს ადგილს ევროპაში“.
ასევე წაიკითხეთ:
- მედია: ევროპული საბჭო საქართველოს კანდიდატის სტატუსს პირობების შესრულების შემდეგ მიანიჭებს
- შარლ მიშელის მოსაწვევი მიმართვა ევროპის კავშირის წევრებს
- საქართველო ევროპარლამენტისგან „ბოლო გაფრთხილებას“ იღებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)