არასამთავრობოები კანდიდატის სტატუსის ვერმიღების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებენ
„ევროპული საბჭოს“ მიერ კანდიდატის სტატუსის ნაცვლად ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ, სამოქალაქო მოძრაობა „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ წარმომადგენლმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა დაგმეს საქართველოს ხელისუფლების ქვეყნისადმი „მიზანმიმართული დივერსია“ და მოქალაქეებს ევროპული მომავლის დასაცავად 24 ივნისს, 20:00 სთ-ზე რუსთაველის გამზირზე გასვლისკენ მოუწოდეს.
„ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ გაწირა ქართველი ხალხი“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს’ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა, გუშინ გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ „ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ის, რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში, შეიცვალოს“.
„ჩვენ ვანახოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი მომავლის განადგურებას და მოვთხოვთ მათ პასუხს“, – აღნიშნა ეკა გიგაურმა და ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ უნდა ვანახოთ, რომ მათ მოვთხოვთ პასუხს იმისთვის, რომ ისინი ატყუებდნენ ქართველ ხალხს, ისინი ეუბნებოდნენ ქართველ ხალხს, რომ მათ მისცემდნენ ქართულ ოცნებას და საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ რუსული ოცნება“.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ნიკა სვიმონიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩვენი და ამ ქვეყნის მომავალს კლავს“.
მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა „მრავალი წლით დაანგრია“ ქართველი ხალხის ოცნება, რომ ვყოფილიყავით ევროკავშირის წევრი.
„ყველანი შევიკრიბებით პარლამენტის წინ, რათა გავაჟღეროთ მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ და უზრუნველვყოთ ის, რომ საქართველო კვლავ გახდეს ლიდერი ევროინტეგრაციის გზაზე [და] დაეწიოს მოლდოვასა და უკრაინას“, – განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, შოთა დიღმელაშვილმა, რომელიც 20 ივნისისა და დღევანდელი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორიცაა.
დღევანდელი აქცია
20 ივნისის მასშტაბური პროევროპული აქციის შემდეგ, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე იმავე მიზნებით დღესაც შეიკრიბებიან.
დღევანდელ აქციაზე ორგანიზატორები, სავარაუდოდ, იმ მოთხოვნებსა და გეგმას გამოაცხადებენ, თუ როგორ უნდა აიძულონ ხელისუფლება, რომ კანდიდატის სტატუსი მისაღებად, ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები შეასრულონ.
თბილისის პარალელურად, დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება ქუთაისსა და გორშიც.
გორის აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თეონა ფანქველაშვილმა, ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ საუბარში, თქვა, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებამ „ძალიან დიდი მონდომებით გადაუხვია“ და „თითქოსდა კურსს იცვლის რუსეთისკენ“, კიდევ ერთხელ უნდა დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ ვირჩევთ ევროპას და პროგრესს.
ასევე წაიკითხეთ:
- ფოტოამბავი: მასშტაბური პროევროპული აქცია თბილისში
- ემანუელ მაკრონის, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების გზავნილი ქართველ ხალხს
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმიანება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)