ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის ვერმიღებას ეხმიანება
23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს ქვეყანას, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. საქართველოსაგან განსხვავებით, ევროპულმა საბჭომ მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატი ქვეყნების სტატუსი მიანიჭა.
ქვემოთ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე ოპოზიციის წარმომადგენელთა კომენტარებია მოცემული:
ნიკა მელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „საქართველომ მე-20 საუკუნეში ორჯერ დაიხსნა თავი რუსეთის იმპერიისგან – 1918 და 1991 წლებში. მას შემდეგ ჩვენი ქვეყანა ამდენი ხანია ცდილობს გაიაროს გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე. ჩვენ შეგვეშალა და ავირჩიეთ ის, ვისი არჩევაც არ შეიძლება. მაგრამ ასეთივე შეცდომები დაუშვიათ სხვებსაც, დემოკრატიაში უფრო დიდი გამოცდილების და დამოუკიდებლობის უფრო ხანგრძლივი ტრადიციის ევროპელ ხალხებს და შეცდომები თავადვე გამოუსწორებიათ. ასე მოხდება საქართველოშიც! 24 ივნისს 20:00 საათზე“.
გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი: „გადაწყვეტილება მიღებულია, ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს! სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ რეფორმების გატარებას არ აპირებს! თუ გვინდა, რომ გამოვიყენოთ ისტორიული შანსი და მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა ვიმოქმედოთ!“.
მამუკა ხაზარაძე – ლელო საქართველოსთვის: „ეს მთავრობა ჩვენ ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს, ეს ფაქტია. ამიტომ, [ოპოზიციის სამოქმედო] გეგმა იქნება იმ საზოგადოებასთან ერთად შეთანხმებული, რომლის სახეები ჩვენ ვნახეთ რუსთაველზე, რამდენიმე დღის წინათ. სწორედ მათთან კონსულტაციით ჩამოყალიბდება გეგმა, რომელიც აუცილებლად გაჟღერდება, და ეს გეგმა იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისკენ მიმართული, ეს მიზანი არის როგორ შევიყვანოთ საქართველო ევროკავშირში და როგორ მოვახერხოთ იმ 12 პუნქტის შესრულება, რომელიც არის გასაღები, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი“.
იაგო ხვიჩია – ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი: „ერთი ფუნდამენტური შენიშვნა მოგვცეს, რაზეც ყველა სხვა შენიშვნა დგას – ეს არის ის, რომ ერთპიროვნულ მმართველობას უნდა მორჩეთო და ერთპიროვნული მმართველობის მქონე ხალხის ადგილი ევროპაში არ არისო… ქართული პოლიტიკური სპექტრი დეზორგანიზებულია და, ფაქტობრივად, კონკრეტული გეგმა არ გააჩნია, თუ როგორ იქნება ქვეყანა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მმართველობაში არ იქნება. გვინდა, რაღაცნაირად ქართული პოლიტიკური და სამოქალაქო სპექტრი ამის აუცილებლობაში დავარწმუნო. თუ ეს გამოვიდა, შანსს მხოლოდ შემდეგ ვხედავთ, ქვეყანაში რაიმე შეიცვალოს“.
ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე – გირჩი-მეტი თავისუფლება: „გავმაზეთ ისტორიული შანსი. უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველომ – ვერ. თუ ფიქრობთ, რომ ეს ვინმე სხვისი ბრალია, გარდა იმ ერთი ადამიანისა, რომელიც 10 წელია აკონტროლებს აქ ყველაფერს – სულელი ხართ. თუ ფიქრობთ, რომ ეს შემთხვევით გამოუვიდა და იტოვებთ თუნდაც 0.00000000001% შანსს, რომ გამოასწორებს და დაღმასვლა აღარ იქნება – სულელი ხართ. ივანიშვილის ოლიგარქია და ამ ქვეყნის მომავალი დასავლეთთან, თავისუფალ სამყაროში – შეუთავსებელია. ეს გვითხრა ევროპამ“.
შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია: „…პირდაპირ ვთქვათ, რომ ხელისუფლება, ივანიშვილის რეჟიმი, ყველაფერს აკეთებდა რათა ეს გადაწყვეტილება – კანდიდატის სტატუსი არ მიცემის, ყოფილიყო მიღებული. ყველა პოლიტიკური რეპრესია, ყველა შეურაცხმყოფელი განცხადება სწორედ ამაზე იყო გათვლილი. არავინ არ თქვას, რომ მათ ეს არ იცოდნენ, მათ ძალიან კარგად იცოდნენ… რახან მათ ეს ძალიან კარგად იცოდნენ და შეგნებულად გააკეთეს, ქართველი ხალხის პასუხს ისინი ძალიან მალე გაიგებენ და ნახავს მთელი მსოფლიო თუ რა თავისუფლების და დემოკრატიისთვის მებრძოლი ხალხი ვართ“.
ნინო გოგუაძე – დროა: „ოლიგარქ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არის მთავარი დაბრკოლება საქართველოს ევროპულ გზაზე. ამიტომ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ რომ პირველ რიგში, მშვიდობიანად მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა და არჩევნებით ეს ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად გავისტუმროთ“.
ასევე წაიკითხეთ:
- პრემიერი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე: „ეს არის დამსახურებული მიღწევა“
- არასამთავრობოები კანდიდატის სტატუსის ვერმიღების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)