პროევროპული აქციის მონაწილეები პრემიერისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ
იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება ვერ უზრუნველყო, პარლამენტის წინ მიმდინარე პროევროპული აქციის ორგანიზატორებმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და მის მთავრობას გადადგომისთვის ერთკვირიანი ვადა მისცეს.
ორგანიზატორები „ეროვნული თანხმობით“, დროებითი, „ტექნიკური მთავრობის“ ფორმირებას ითხოვენ, რომელიც ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაწერილ 12-ვე რეკომენდაციას დათქმულ დროში შეასრულებს.
„ჩვენმა ხელისუფლებამ უგულებელყო ქართველი ხალხის ნება, მოსახლეობის 85%-ის ნება. ჩვენმა ხელისუფლებმა ფეხქვეშ გათელა [საქართველოს] კონსტიტუცია“, – განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვლიას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, შოთა დიღმელაშვილმა.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ ქართველი ხალხის ნება არ ემთხვევა „ოლიგარქ“ ბიძინა ივანიშვილის ნებას, ამიტომ „დეოლიგარქიზაცია არის მთავარი საკითხი, რის გარეშეც საქართველოს ევროინტეგრაცია ვერ მოხერხდება“.
„იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტნი, ვიდრე ვართ დღეს, ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ მათ [ხელისუფლებას] ქართველი ხალხის რისხვას“, – თქვა დიღმელაშვილმა.
მან მომდევნო აქცია 3 ივლისს დააანონსა და აღნიშნა, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, „არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია“.
საგულისხმოა, რომ მანამდე, გამართულ ბრიფინგზე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.
„მე არ ვაპირებ [გადადგომას] ეს არის სრული აბსურდი, პირიქით, ჩვენ ვალდებულება არის, რომ ყველა ეს პირობა, რომელიც ჩვენ და ჩვენმა გუნდმა ავიღეთ შევასრულოთ ბოლომდე“, – თქვა მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
ასევე წაიკითხეთ:
- თბილისში კიდევ ერთი მრავალათასიანი პროევროპული აქცია მიმდინარეობს
- ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის ვერმიღებას ეხმიანება
- არასამთავრობოები კანდიდატის სტატუსის ვერმიღების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)