საქართველოდან ხორბლისა და ქერის ექსპორტი 1 წლით იკრძალება
საქართველოს მთავრობა 2022 წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე ხორბლისა და ქერის ექსპორტს კრძალავს. შესაბამის განკარგულებას პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ დღეს განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო „რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს“.
მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულად ხორბლის იმპორტზეა დამოკიდებული (ყოველწლიურად 500 000 ტონა ხორბალი) და მცირე წარმოების გამო ხორბალი საქართველოდან ვერ გადის, „შექმნილი ვითარება აჩენს რისკს, ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბალი ექსპორტზე გავიდეს“.
რაც შეეხება ქერს, სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში წარმოებული ქერი ერაყსა და ირანში გაედინება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ „ამ ეტაპზე“, მისი რეალიზება მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე მოხდეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, 2022 წლის ქერის საპროგნოზო მოსავალი 60 000 ტონის ფარგლებში მერყეობს, საიდანაც 2.5 ათას ტონაზე მეტი უკვე ექსპორტირებულია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)