კელი დეგნანი საქართველოს ევროპული გზისა და რეფორმების შესახებ საუბრობს
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ „ახლა, დროა, რომ საქართველოს მთავრობამ იმუშაოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის, ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ევროპული საბჭოს პირობები და რეკომენდაციები შეასრულოს, რაც საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მკაფიო გზაა“.
„ეს ის ნაბიჯებია, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას და როდესაც ეს შესრულდება, იმედია, წლის ბოლომდე, საქართველოც მიიღებს კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ელჩმა გუშინ ბათუმში მედიასთან საუბრისას.
„ეს არის ევროპული საბჭოს, ევროკავშირის ძალიან პირდაპირი პასუხი საქართველოს, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი და ევროკავშირს სურს, რომ მიიღოს საქართველო, თუმცა ამისათვის საქართველომ დემოკრატიისა და რეფორმების მიმართ ერთგულება უნდა აჩვენოს“.
ელჩმა აღნიშნა, რომ „ეს ის რეფორმებია, რომლებზეც საქართველო მუშაობდა და პროგრესსაც აღწევდა და ახლა, მეტ პროგრესს უნდა მიაღწიოს“. მისი თქმით, „ახლა, დროა, რომ ხელისუფლება და საზოგადოება გაერთიანდეს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე“.
ელჩის განცხადებას წინ უძღვოდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და სახალხო დამცველის აპარატს შორის მთავრობათაშორისი შეთანხმების ხელმოწერა, სადაც ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა მკაფიოდ განაცხადა იმ ნაბიჯების თაობაზე, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას დემოკრატიისა და რეფორმების მიმართ მხარდაჭერის დასადასტურებლად.
ევროკავშირის ქვეყნები ერთხმად: „საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“
ევროკომისიის მოხსენებითი ბარათი: რეკომენდაციები საქართველოსთვის
დღეს გამართულ კიდევ ერთ ღონისძიებაზე, რომელიც განახლებადი ენერგიის საკითხებს მიეძღვნა, აშშ-ის ელჩმა რეფორმების კუთხით საქართველოს მთავრობის მზადყოფნაზე ისაუბრა.
„ვიცით, რომ ხელისუფლებას ძალიან სწრაფად შეუძლია მოქმედება, როდესაც კანონმდებლობის მიღება სურს. ეს უკვე ვიხილეთ გასული წლის დეკემბერში დაჩქარებული წესით მიღებულ კანონმდებლობაში, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმნდა; ეს ასევე ვიხილეთ ცოტა ხნის წინ, ფარული საგამოძიებო მოქმედებების არეალის გაფართოების შესახებ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონმდებლობაში“.
ელჩის თქმით, აშშ მზადაა და სურვილი აქვს დაეხმაროს საქართველოს, რომ რეფორმების გზით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. „მომდევნო ექვსი თვე ამისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება“, – აღნიშნა მან.
აშშ-ის ელჩმა დასძინა, რომ „დასაკარგი დრო არ არის და ბევრი სხვა დაინტერესებული პირია: ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიციური პარტიები და მთავრობის ზოგიერთი წევრი, რომლებიც მზად არიან რეკომენდაციების შესრულება დაიწყონ“.
ასევე წაიკითხეთ:
- პარლამენტმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას მხარი სამივე მოსმენით დაუჭირა
- პრეზიდენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო
- აშშ-ის საელჩო „ქართულ ოცნებას“ მკაცრად აკრიტიკებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)