ნატო აცხადებს, რომ საქართველოს უსაფრთხოება მის უსაფრთხოებასთანაა გადაჯაჭვული
ნატოს 2022 წლის სტრატეგიული კონცეფცია საქართველოსთან პარტნიორობის გაგრძელების დაპირებასაც შეიცავს და კიდევ ერთხელ ადასტურებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი.
„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორობის განვითარებას ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, საქართველოსა და უკრაინასთან, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენს საერთო ინტერესს, რასაც ევრო-ატლანტიკური მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება წარმოადგენს“, – ნათქვამია კონცეფციაში.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „იმ ქვეყნების უსაფრთხოება, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან, ჩვენს უსაფრთხოებასთან არის გადაჯაჭვული. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.
„ჩვენ გავაძლიერებთ პოლიტიკურ დიალოგსა და თანამშრომლობას იმ ქვეყნებთან, რომელთაც ალიანსში გაწევრიანება სურთ, დავეხმარებით მათ მედეგობის გაძლიერებაში დამანგრეველი ჩარევის წინააღმდეგ, გავაძლიერებთ მათ შესაძლებლობებს და გავაფართოებთ ჩვენს პრაქტიკულ მხარდაჭერას მათი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობისთვის“, – ნათქვამია კონცეფციაში.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ კონცეფცია, რომელიც მადრიდის სამიტზე მიიღეს, არის „ალიანსის გეგმა უფრო სახიფათო და კონკურენტულ მსოფლიოში“.
რუსეთი „ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე“
სტრატეგიულ კონცეფციაში ნატოს მოკავშირეები ხაზს უსვამენ, რომ „რუსეთის ფედერაცია ყველაზე მნიშვნელოვან და უშუალო საფრთხეს წარმოადგენს მოკავშირეების უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“. მათი თქმით, მოსკოვი „ცდილობს გავლენის სფეროები და პირდაპირი კონტროლი დაამყაროს ძალადობის, დივერსიის, აგრესიისა და ანექსიის გზით. ის ჩვეულებრივ, კიბერ და ჰიბრიდულ საშუალებებს იყენებს ჩვენს და ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ“.
სტრატეგიულ კონცეფციაში ასევე ნათქვამია, რომ „მოსკოვის სამხედრო მობილიზაცია, მათ შორის ბალტიის, შავი და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში, ბელარუსთან სამხედრო ინტეგრაციასთან ერთად, ჩვენს უსაფრთხოებასა და ინტერესებს საფრთხეს უქმნის“.
ნატოს თქმით, „დასავლეთ ბალკანური ქვეყნები და შავი ზღვის რეგიონი ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ჩვენ კვლავ დავუჭერთ მხარს ამ რეგიონების დაინტერესებული ქვეყნების ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს“. კონცეფციაში ნათქვამია, რომ ალიანსი გაააქტიურებს ძალისხმევას ამ ქვეყნების შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რათა ისინი აშკარა საფრთხეებსა და გამოწვევებს გაუმკლავდნენ.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)