ოპოზიცია და აქტივისტები ხელისუფლებას მოსახლეობასთან შეხვედრების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებენ

ოპოზიციური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც 3 ივლისის აქციის წინ, დედაქალაქსა და რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ და მათ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სიკეთეებსა და დაგეგმილი აქციის მნიშვნელობაზე უყვებიან, ხელისუფლებას ამ შეხვედრების ჩაშლის მცდელობებში ადანაშაულებენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოქალაქეებთან შეხვედრა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა გუშინ გურიასა და კახეთში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ქალაქ ოზურგეთის მკვიდრებთან შეხვედრა განზრახ ეკლესიის ეზოში დანიშნეს, ვინაიდან იქნებ იქ „მაინც არ ეკადარა [ხელისუფლებას] „ტიტუშკების“ მოვარდნა და შეხვედრის ჩაშლა“.

თუმცა, მისივე თქმით, ქართული ოცნების აქტივისტებმა და ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატებმა შეხვედრის ჩაშლა მაინც სცადეს. ხაბეიშვილის განცხადებით, ადგილზე სიტუაციას აკონტროლებდა და დავალებებს გასცემდა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ურუშაძის მამა, ნუგზარ ურუშაძე, რომელიც აგრეთვე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატია.

ენმ-ის დეპუტატის თქმით, „არაფერი ამ ხალხს არ აინტერესებს“ და მთავარი ამოცანა „არეულობის“ მოწყობა, „დესტაბილიზაცია“ და იმის ჩვენებაა, რომ თითქოს ოპოზიციას თავს ხალხი ესხმის, რაც „არის ტყუილი“.

გუშინ, დაპირისპირების ფონზე წარიმართა მოსახლეობასთან ლელოს ლიდერების შეხვედრა ქალაქ ყვარელშიც. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, 9 აპრილის ბაღში, სადაც მათ ადგილობრივებისთვის ეროვნული თანხმობის იდეა, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების გზები უნდა გაეცნოთ, „ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული აგრესიულად განწყობილი ჯგუფი“ დახვდათ, რომელმაც „ყველაფერი გააკეთა იმისათვის“ რომ მათთვის ხელი შეეშალათ.

„ყველანი არიან იდენტიფიცირებულნი, ესენი არიან საჯარო სამსახურების თანამშრომლები და ქართული ოცნების შტაბის აქტიური წევრები“, – თქვა ჯაფარიძემ და ხაზი გაუსვა, რომ სამწუხაროდ, ამ ჯგუფში იმყოფებოდა ყვარლის რაიონის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე.

ლელოს კიდევ ერთმა წევრმა, ლევან სამუშიამ, რომელიც ასევე ესწრებოდა ადგილობრივებთან შეხვედრას, თქვა, რომ „ხეებს ამოფარებულ პოლიციელებს პირადად სთხოვდა, რომ გამოსულიყვნენ და თავისი უფლებამოსილება შეესრულებინათ“, თუმცა უშედეგოდ.

მოგვიანებით, ლელომ ინციდენტში მონაწილე პირთა ფოტოებიც გამოაქვეყნა და განმარტა, რომ მათგან 4 ქართული ოცნების შტაბის წევრები, ერთი კი – ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან გელაძე იყო.

გუშინ, დაპირისპირება იყო ლანჩხუთში ოპოზიციონერი დეპუტატების ადგილობრივებთან შეხვედრის დროსაც. ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, ადგილზე იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძეც, რომელიც „მის გამოჩენას არარსებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერებით ხსნიდა“.

მედიის მიერ გავრცელებულ ინციდენტების ამსახველ კადრებში ჩანს ფიზიკური შეხლა-შემოხლა და ისმის შეურაცხმყოფელი მიმართვები ოპოზიციონერთა მისამართით.

ოპოზიციონერი დეპუტატების ცნობით, ქართული ოცნების აქტივისტები დახვდნენ 28 ივნისს ქუთაისში, ზესტაფონსა და ახალციხეში მოსახლეობასთან შეხვედრებისასაც.

„უშიშროება, ქართული ოცნების კოორდინატორები და ასე მობილიზებული ხალხი დაგვყვებოდა და უნდოდათ პროვოკაციაზე წამოგება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ 28 ქუთაისში ადგილობრივებთან შეხვედრაზე საუბრისას.

ქუთაისის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიგა შუშანიას თქმით, ნიკეას ქუჩაზე მათ 40-მდე ადამიანი დახვდათ, რომლებიც „ასრულებდნენ თითქოს გაბრაზებული მოსახლეობის როლს“ და „პირდაპირ ხელს უშლიდნენ“ ოპოზიციონერი ლიდერების მოსახლეობასთან შეხვედრას.

მისივე თქმით, ჯგუფს ადგილობრივი მერიისა და ააიპ-ების თანამშრომლები ხელმძღვანელობდნენ.

სტუდენტებისა და აქტივისტების შეხვედრების ჩაშლის მცდელობები

გუშინ, თბილისში, „დედაენის ბაღში“, პროევროპული სააგიტაციო ბუკლეტების დარიგებისა და საინფორმაციო კამპანიის წარმოების შესაძლებლობა არ მიეცათ სტუდენტებს.

„დაგვხვდნენ ისნის გამგეობის ახალგაზრდულის წარმომადგენლები და სცადეს პროვოკაციის მოწყობა“, – განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ საუბრისას.

დღეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში კამპანია „შინ ევროპისკენ“ ფარგლებში მისულ სტუდენტებსაც.

„ესენი იყვნენ ქართული ოცნების მიერ მოყვანილი ზონდერები. [მათგან ერთ-ერთი] ისნის გამგეობის წევრია…, მოვიდნენ, გადმოვიდნენ გინებაზე, დაიწყეს ფიზიკური დაპირისპირება… სპორტსმენი ხალხი ჰყავთ მოყვანილი და იმათ აცემინეს სტუდენტები“, – განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა მედიასთან საუბარში. მედიის ცნობით, მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

დრესვე სიტყვიერი დაპირისპირება იყო გორსა და ხონშიც, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ აქტივისტები ადგილობრივებთან პროევროპული კამპანიის ჩასატარებლად ჩავიდნენ.

შეხვედრების ჩაშლის მცდელობების შესახებ ბრალდებებისთვის ჯერ ოფიციალურად არ უპასუხიათ მმართველ გუნდში. კომენტარისთვის „სამოქალაქო საქართველო“ ქართულ ოცნებას დაუკავშირდა. პასუხი მასალაში მიღებისთანავე აისახება. 

„შინ ევროპისკენ“, ომბუდსმენისა და არასამთავრობოების გამოხმაურება

თბილისსა და რეგიონებში „ხელის შეშლის მართულ და ძალადობრივ ფაქტებზე“ „უკიდურესი შეშფოთება“ გამოთქვეს მოძრაობაში „შინ ევროპისკენ“ და მოუწოდეს „მმართველ პარტიას შეწყვიტოს მათთვისვე კონტრპროდუქტიული პროვოკაციები, რაც უკიდურესად აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას“.

„სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, შესაბამისი რესურსის მობილიზებით, ხელი შეუწყონ მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიების მშვიდ და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვას…“, – განაცხადა დღეს სახალხო დამცველის ოფისმა.

დღესვე არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) განაცხადა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრების ჩაშლის მცდელობებისა და ძალადობის შესახებ გავრცელებული ცნობები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ორგანიზაციამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.

„შინ ევროპისკენ“ წარმომადგენლებზე თავდასხმისა და მათთვის ხელის შეშლის ფაქტები დაგმო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც“.


დაპირისპირება 3 ივლისის პროევროპული აქციისთვის მზადების ფონზე ხდება. სამოქალაქო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ“ 24 ივნისს გამართულ აქციაზე, საქართველოს პრემიერსა და მის მთავრობას გადადგომისთვის ერთკვირიანი ვადა მისცეს და „ეროვნული თანხმობით“, დროებითი, „ტექნიკური მთავრობის“ ფორმირება მოითხოვეს.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, შოთა დიღმელაშვილმა, რომელიც პროევროპული აქციების ორგანიზატორიცაა, განაცხადა, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, „არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია“.

საგულისხმოა, აქციის ორგანიზატორთა მოთხოვნების შესრულებას და გადადგომას არ აპირებს, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. „მე არ ვაპირებ [გადადგომას] ეს არის სრული აბსურდი, პირიქით, ჩვენ ვალდებულება არის, რომ ყველა ეს პირობა, რომელიც ჩვენ და ჩვენმა გუნდმა ავიღეთ შევასრულოთ ბოლომდე“, – თქვა მან 24 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)