პრო-ევროპული აქციის სამომავლო გეგმები და „ოცნების“ პასუხი

სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია 4 ივლისს დილას დასრულდა. მმართველმა პარტიამ კვლავაც უარზეა დააკმაყოფილოს მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა „ტექნიკური“ მთავრობის ფორმირების თაობაზე, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე უხელმძღვანელებდა.

ამ ფონზე, აქციის ორგანიზატორები პროტესტის გაგრძელებას აპირებენ. ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა: „შევიკრიბოთ ხოლმე და მაქსიმალურად შევაწუხოთ მთავრობა“. კიდევ ერთმა აქტივისტმა, დაჩი იმედაძემ განაცხადა, რომ მომდევნო დღეები დაეთმობა „ძალების აღდგენას, და სტრატეგიულ მიზნებს, რაც პირველი რიგში გულისხმობს, სახალხო მოძრაობის კიდევ უფრო სახალხოდ ქცევას“.

იმედაძემ პირობა დადო, რომ თბილისსა და რეგიონებში შეხვედრები გაიმართება, რათა „შემდგომი პროტესტი – ეს იქნება აქციის სახით, თუ სხვა სახით – იყოს უფრო ძლიერი და მწვავე“.

გუშინდელი აქცია მესამეა, რომელიც ბოლო ორ კვირაში „შინ ევროპისკენ“ ლოზუნგით თბილისში გაიმართა. 3 ივლისის აქციაზე 20 ივნისსა და 24 ივნისის გამოსვლებთან შედარებით მცირერიცხოვანი ჩანდა, თუმცა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ამ დღესაც ათიათასობით ადამიანი გამოვიდა.

3 ივლისის გვიან ღამით, ჯერ პარლამენტის და მომიტინგეების ნაწილის ქართულ ოცნების სათავო ოფისთან პროტესტის შემდეგ, მოპროტესტეები კანცელარიის შენობისკენ დაიძრნენ და ღამე იქ გაათიეს. ისინი გეგმავდნენ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ორშაბათს 11:00 საათზე დაგეგმილი მთავრობის სხდომა ჩაეშალათ. პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, რომ ან დაშლილიყვნენ, ან დააპატიმრებდნენ მათ, მთავრობის სხდომა საბოლოოდ მოგვიანებით გაიმართა, ხოლო აქცია დაიშალა.

24 ივნისს გამართული ფართომასშტაბიანი აქციის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები მხარდაჭერის მოსაპოვებლად რეგიონებისკენ დაიძრნენ. მათი რამდენიმე ღონისძიება აგრესიულმა და, ზოგ შემთხვევაში, ძალადობრივმა ჯგუფებმა ჩაშალეს. აქტივისტების თქმით, ისინი მმართველი პარტიის ადგილობრივი მხარდამჭერებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ იყვნენ მართულნი.

3 ივლისის აქციის მონაწილეთა შორის გარკვეული იმედგაცრუებაც შეინიშნებოდა, რომ აქცია კონკრეტული შედეგებით ან სამოქმედო გეგმით ვერ დასრულდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ 3 ივლისს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ დეტალური სამოქმედო გეგმა შეიმუშავა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკომისიის 12 რეკომენდაციის/პრიორიტეტის შესასრულებლად.

ქართული ოცნება მომიტინგეებს პასუხობს და არასამთავრობოებს აკრიტიკებს  

ქართული ოცნების ლიდერებმა 3 ივლისს აქცია სამოქალაქო მობილიზაციის ჩავარდნად შეაფასეს. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობის არავითარი რესურსი არა აქვთ“.

4 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, კობახიძემ აღნიშნა, რომ „რადიკალური ოპოზიციისთვის ევროკავშირის კანდიდატობის თემა მხოლოდ მოგონილი შირმა იყო და სინამდვილეში, ისინი ამ თემის გამოყენებით საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნის მიღწევას — ხელისუფლების გადატრიალებასა და ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ“.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ „გუშინ საბოლოოდ წაიშალა ყოველგვარი ფორმალური ზღვარიც კი ნაციონალურ მოძრაობასა და საქართველოში მოქმედ ყველაზე მდიდარ ‘ენჯეოებს’ [არასამთავრობო ორგანიზაციებს] შორის“. კობახიძემ ოპოზიციაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მან „კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი ანტისახელმწიფოებრივი ბუნება“.

კობახიძემ არასამთავრობოების მიერ შემოთავაზებული გეგმაც გააკრიტიკა და ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენთვის მათი ქმედებები ვერცერთი შემთხვევაში ვერ იქნება გეგმიდან გადახვევის მიზეზი“. მისივე თქმით, ქართული ოცნება „ზედმიწევნით შეასრულებს თითოეულ პუნქტს, რისთვისაც ყველა საჭირო ნაბიჯი სათანადო ფორმატში და სათანადო ვადებში გადაიდგმება“.

„ვინც რეალურად არის დაინტერესებული საქართველოს მოსახლეობის 85%-ის ნების რეალიზაციით, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციით და ჩვენი ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებით, ბუნებრივია, ამ გეგმის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება“, – დასძინა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც გააკრიტიკა და მათ „საკუთარი დღის წესრიგის მქონე ორგანიზაციები“ უწოდა, რომელთაც „ნამდვილად არანაირი კავშირი არ აქვთ  სამოქალაქო საზოგადოებასთან.

„სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ნაშენები სექტორი ასე უცებ ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს და პირდაპირ ჩაერთნენ პოლიტიკაში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)